სამინისტროს შესახებ

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო არის საქართველოს კონსტიტუციის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილი აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება, რომელიც მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებას თავდაცვის სფეროში.

 

სამინისტროს უშუალოდ ხელმძღვანელობს საქართველოს თავდაცვის მინისტრი, რომელიც ანგარიშვალდებულია საქართველოს პრეზიდენტის – საქართველოს სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდლის და საქართველოს მთავრობის წინაშე. სამინისტროს დანიშნულებაა საქართველოს შეიარაღებული ძალების აღმშენებლობა, მუდმივი საბრძოლო და სამობილიზაციო მზადყოფნის

უზრუნველყოფა, ბრძოლისუნარიანობის განმტკიცება, ქვეყნის დამოუკიდებლობის ნებისმიერი ხელყოფისა და შესაძლო აგრესიის მოგერიება.

 

სამინისტროს ძირითადი ამოცანებია:

 

  • საქართველოს შეიარაღებული ძალების აღმშენებლობა;

 

  • საქართველოს შეიარაღებული ძალების მუდმივი მზადყოფნა საბრძოლო ამოცანების შესასრულებლად;

 

  • შექმნილი სამხედრო-პოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე ომის საშიშროების განსაზღვრა;

 

  • საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ მიღებულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებათა სამხედრო უზრუნველყოფა;

 

  • შეიარაღებული ძალების ოპერატიულ-სტრატეგიული მოწყობის განსაზღვრა;

 

  • საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებათა და შეთანხმებათა შესაბამისად სამხედრო თანამშრომლობის განხორციელება.

 

 

სამინისტროს ძირითადი ფუნქციებია:

 

  • საქართველოს შეიარაღებული ძალების აღმშენებლობის პროგრამიდან გამომდინარე ამოცანების შესასრულებლად ჯარების მომზადების დონის განსაზღვრა;

 

  • შეიარაღებული ძალების ოპერატიული, საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანის, სამობილიზაციო ძალების სახეობათა გამოყენების გეგმების განსაზღვრა;

 

  • შეიარაღებული ძალების გეგმურად და განკარგულების წესით მშვიდობიანი მდგომარეობიდან საომარ მდგომარეობაზე სხვადასხვა დონის საბრძოლო მზადყოფნის მდგომარეობაში გადასაყვანად გადაწყვეტილების მომზადება;

 

  • შეიარაღებული ძალების საბრძოლო მომზადების, საბრძოლო მზადყოფნისა და ბრძოლისუნარიანობის ამაღლება;

 

  • საქართველოს და საზღვარგარეთის ქვეყნებში სამხედრო-პოლიტიკური მდგომარეობის ანალიზი და მისგან გამომდინარე მისაღებ გადაწყვეტილებათა მომზადება;

 

  • შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკით, შეიარაღებით, აღჭურვილობით, საბრძოლო მასალებითა და სხვა სამხედრო ქონებით უზრუნველსაყოფად შეკვეთების მომზადება და მათი შესრულების კონტროლი;

 

  • კანონმდებლობით დადგენილი წესით და განსაზღვრული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით იურიდიული პირების დაფუძნება;

 

  • კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისა და საქართველოს სახელმწიფო (კერძო) სტრუქტურების კავშირგაბმულობის ქსელებით პრიორიტეტული სარგებლობა; თავისი კომპეტენციის ფარგლებში კავშირგაბმულობის საშუალებებისა და არხების აღდგენის, გამოყოფილი რადიოსიხშირული სპექტრების გამოყენების გეგმების შეთანხმება;

 

  • კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისა და საქართველოს სახელმწიფო (კერძო) სტრუქტურების სარკინიგზო, საზღვაო, საავტომობილო და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებითა და ხაზებით პრიორიტეტული სარგებლობა; დადგენილი წესით სამხედრო გადაზიდვების გეგმების შემუშავება, შეთანხმება და დამტკიცება;

 

  • ევროპაში შეიარაღების კონტროლის, უშიშროების ზომების განმტკიცების შესახებ ხელშეკრულებათა განხორციელება, „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამაში მონაწილეობა და შეძენილი გამოცდილების შეიარაღებულ ძალებში დანერგვა;

 

  • სამხედრო კადრების მომზადება;

 

  • სამხედრო ბიუჯეტის შემუშავება;

 

  • სამხედრო მეცნიერების განვითარება;

 

  • სამართლებრივი და ნორმატიული აქტების შემუშავების, მათში ცვლილებების შეტანისა და გაუქმების, აგრეთვე სამხედრო ტექნიკისა და შეიარაღების დანერგვის, მოდერნიზაციისა და უტილიზაციის საკითხების შესახებ წინადადებათა წარდგენა საქართველოს მთავრობისათვის;

 

  • სახელმწიფოში შექმნილ საგანგებო ან საომარ სიტუაციებში დადგენილი წესით შეიარაღებული ძალების გამოყენების უზრუნველყოფა;

 

  • სადაზვერვო საქმიანობა და უწყებრივი უშიშროების უზრუნველყოფა;

 

  • კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებული ლიცენზიებისა და ნებართვების გაცემა;

 

  • კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში უცხოეთის შესაბამის სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოსთან, საერთაშორისო და/ან არასამთავრობო ორგანიზაციასთან ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების გაფორმება (მიუხედავად მათი ფორმისა და სახელწოდებისა),რომლებიც არ წარმოადგენენ „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საერთაშორისო ხელშეკრულებებს, არ რეგულირდება საერთაშორისო სამართლის ნორმებით და დადებულია საჯარო უფლებამოსილების განხორციელების ფარგლებში;

 

  • სისტემატიზებული და დისციპლინური მიდგომით, სამინისტროს მართვისა და კონტროლის სისტემებისა და პროცედურების, სამინისტროს წინაშე არსებული რისკების დადგენისა და მათი მართვის მექანიზმების, და სამინისტროს მიერ დასახული მიზნების შესრულების ხელისშემშლელი ფაქტორების გამოვლენისა და აღმოფხვრის მექანიზმების ეფექტიანობის ანალიზი და შეფასება;

 

  • საზღვარგარეთის ქვეყნების ოფიციალური დელეგაციების ვიზიტების დაგეგმვა და ორგანიზაციული უზრუნველყოფა;

 

  • კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევაში და დადგენილი წესით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარება, აგრეთვე, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელება;

 

  • სამინისტროსათვის, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ბალანსზე რიცხული/სარგებლობაში გადაცემული ქონების სამშენებლო, სარემონტო, სამონტაჟო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების ზედამხედველობა, ასევე მიწოდებული საქონლის ტექნიკური და ხარისხობრივი მახასიათებლების შესაბამისობის დადგენის მიზნით, კომპეტენციის ფარგლებში, მიწოდებული საქონლის შემოწმება, აგრეთვე კვებითი მომსახურების ხარისხის შემოწმება/კონტროლი;

 

  • სამინისტროს მოსამსახურეთა სოციალურ ღონისძიებათა დაგეგმვა და კონტროლი;

 

  • სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეების ფსიქოლოგიურ მდგომარეობასთან დაკავშირებული პოლიტიკის გატარება.