სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა (პერსონალთა) განათლებისა და საბრძოლო მომზადების თანამედროვე სისტემის ჩამოყალიბება, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განვითარების ეფექტურობის წინაპირობაა. განათლების სისტემის რეფორმა ითვალისწინებს საქართველოში თანამედროვე მოთხოვნებთან თავსებადი, მაღალპროფესიული, ბრძოლისუნარიანი თავდაცვის ძალების ჩამოყალიბებას, რაც პრიორიტეტად ასახულია თავდაცვის დაგეგმვის სტრატეგიულ და კონცეპტუალურ დოკუმენტებში.
თავდაცვის სამინისტროს განათლების სისტემა, სამინისტროს სამხედრო და სამოქალაქო პირთა სამსახურის სპეციფიკის გათვალისწინებით, ერთიანი ეროვნული საგანმანათლებლო სისტემის ნაწილს წამოადგენს, რომლის მიზანია სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა განათლების მიღება/გაღრმავება მათი სამსახურეობრივი მოვალეობის, სპეციფიკისა და პასუხისმგებლობის შესაბამისად.
თავდაცვის სისტემაში სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა საგანმანათლებლო პროცესი ხორციელდება შემდეგი პრინციპების დაცვით:
- საგანმანათლებლო სივრცის ერთიანობა;
- თანმიმდევრულობა და უწყვეტობა;
- სამართლიანობა, ობიექტურობა და გამჭვირვალობა;
- მუდმივი განვითარებისკენ სწრაფვა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განათლების სისტემის განვითარება ითვალისწინებს:
- თავდაცვის სისტემაში განათლების მოთხოვნების განსაზღვრას;
- საგანმანათლებლო ინსტიტუტების განვითარებას;
- განათლების სისტემის მართვის ციკლის ინსტიტუციონალიზაციას;
- განათლების პოლიტიკის და პრიორიტეტების განსაზღვრას, სისტემის ეფექტიანობის ანალიზს, საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებას, დაგეგმვას, განხორციელებას და მონიტორინგს.
სამხედრო განათლების ძირითადი ამოცანებია:
- სამხედრო მოსამსახურეთა კარიერული ზრდა და საფეხურებრივი სამხედრო განათლების უზრუნველყოფა;
- სასწავლო პროგრამების მუდმივი სრულყოფა, სასწავლო მეთოდური ბაზის განვითარება და შეფასების ერთიანი სისტემის ჩამოყალიბება;
- მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მოზიდვა და შენარჩუნება;
- აკადემიური პერსონალის, სპეციალისტების და სამხედრო ინსტრუქტორების პროფესიული განვითარების მუდმივი უზრუნველყოფა;
- საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი მიმართულების განვითარება;
- ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საგანმანათლებლო მოთხოვნების შესაბამისი სასწავლო პროგრამების შემუშავება და ორგანიზება (უსაფრთხოების სექტორში დასაქმებული საჯარო მოხელეთათვის);
- თავდაცვის სისტემის განათლების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება ეროვნულ, რეგიონალურ და საერთაშორისო დონეზე.
სამხედრო საგანმანათლებლო დაწესებულებები
სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია უზრუნველყოფს:
- აკადემიური (საბაკალავრო და სამაგისტრო) უმაღლესი განათლების მიღებას;
- საწყის სამხედრო განათლების მიღებას.
გენერალური შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობა უზრუნველყოფს:
- სპეციალისტებისა და უმცროს მეთაურთა მომზადება/გადამზადებას, ძირითადი სამხედრო სააღრიცხვო სპეციალობების მიხედვით;
- უმცროს ოფიცერთა ძირითადი სამხედრო განათლების სპეციალობის პროგრამით მომზადებას (ტაქტიკური დონე);
- სერჟანტთა საკარიერო სამხედრო განათლების პროგრამით მომზადებას, რომლებსაც ახორციელებს:
- საერთო საჯარისო ცენტრი;
- გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემია.
საერთო საჯარისო ცენტრი თავდაცვის ძალების კვალიფიციური კადრებით დაკოპლექტების მიზნით, ახორციელებს:
- სპეციალისტებისა და უმცროს მეთაურთა მომზადება/გადამზადებას ძირითადი სამხედრო სააღრიცხვი სპეციალობების შესაბამისად;
- ოფიცერთა ძირითადი სამხედრო განათლების (ტაქტიკური დონის I საფეხური) სპეციალობების პროგრამით მომზადებას შემდეგ სკოლებში:
- მანევრის სკოლა;
- საბრძოლო მხარდაჭერის სკოლა;
- საბრძოლო უზრუნველყოფის სკოლა;
- ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სკოლა.
- ოფიცერთა ძირითადი სამხედრო განათლების (ტაქტიკური დონის II საფეხური) კაპიტნის საკარიერო პროგრამას - კაპიტნის საკარიერო სკოლაში.
გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემია ახორციელებს სერჟანტთა საფეხურებრივ სამხედრო განათლებას, რომელიც უზრუნველყოფს თავდაცვის ძალებისათვის განათლებული, სამეთაურო უნარ-ჩვევების მქონე ათეულის, ოცეულის, ასეულის, ბატალიონის შტაბის, ბატალიონის, ბრიგადის შტაბის და ბრიგადის სერჟანტების მომზადებას.