სამხედრო ჰოსპიტალი

ს.ს.ი.პ.  გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი წარმოადგენს  მრავალპროფილურ სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებას, რომელიც ატარებს 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ჰოსპიტალის ტერიტორიაზე დაღუპული ექიმი-ტრავმატოლოგის გიორგი აბრამიშვილის სახელს. ჰოსპიტალი  ემსახურება როგორც სამხედრო ისე სამოქალაქო პირებს, სადაც შესაძლებელია 24 საათიანი გადაუდებელი და გეგმიური სამედიცინო მომსახურების გაწევა. სამხედრო ჰოსპიტალის მისიაა საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეების, საქართველოს თავდაცვის სისტემაში დასაქმებული სამოქალაქო პირების, მათი ოჯახის წევრებისა და სამხედრო პენსიონერებისათვის სრული და ეფექტური სამედიცინო მომსახურების გაწევა.   

 

სამხედრო ჰოსპიტალი აღჭურვილია უახლესი სამედიცინო აპარატურით, რომელიც აკმაყოფილებს სამედიცინო სფეროში არსებულ თანამედროვე მოთხოვნებს. 

 

ამჟამად, ს.ს.ი.პ.  გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში ფუნქციონირებს შემდეგი სამედიცინო განყოფილებები:

 

  • ზოგადი ქირურგიის განყოფილება
  • ტრავმატოლოგიური განყოფილება
  • ანესთეზიოლოგიური განყოფილება
  • რეანიმაციისა და გადაუდებელი დახმარების განყოფილება
  • თერაპიისა და ინტენსიური თერაპიის განყოფილება
  • კარდიოლოგიისა და ინტენსიური კარდიოლოგიის განყოფილება
  • ფსიქო-ნევროლოგიური განყოფილება
  • ინფექციური განყოფილება
  • სამედიცინო რეაბილიტაციის განყოფილება
  • ამბულატორიულ-პოლიკლინიკური განყოფილება
  • დიაგნოსტიკური განყოფილება
  • ცენტრალური ლაბორატორია
  • პათოლოგ-ანატომიური ჯგუფი
  • სისხლის ბანკი 

2009 წლიდან სამხედრო ჰოსპიტალი ახორციელებს დიალიზის სახელმწიფო პროგრამას, რომლის მთავარი მიზანია თირკმლის ტერმინალური უკმარისობით დაავადებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შენარჩუნება და გაუმჯობესება. 

 

2015 წლიდან სამხედრო ჰოსპიტალი ახორციელებს C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამას. პროგრამის მიზანია საქართველოში C ჰეპატიტით გამოწვეული ავადობის,  სიკვდილიანობისა და ინფექციის გავრცელების შემცირება დაავადების პრევენციაზე, დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობის ეტაპობრივი უზრუნველყოფის გზით. 

 

2018 წლიდან დასავლეთ საქართველოში ქ. ქუთაისში ფუნქციონირებას დაიწყებს ახალი სამედიცინო ცენტრი, სადაც პაციენტი მიიღებს სრულ ამბულატორიულ მომსახურებას. სამედიცინო ცენტრი მოემსახურება  საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეებს, საქართველოს თავდაცვის სისტემაში დასაქმებულ სამოქალაქო პირებს, მათ ოჯახის წევრებსა და სამხედრო პენსიონერებს.