წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობა

თანამედროვე და ნატო-ს სტანდარტებთან თავსებადი სამხედრო განათლების სისტემის ჩამოყალიბება საქართველოს თავდაცვის ძალების თავდაცვისუნარიანობის ამაღლებასა და საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში ქართული სამხედრო კონტინგენტის ეფექტიან მონაწილეობას განაპირობებს. საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარების უზრუნველყოფაში განათლებული სპეციალისტების (რიგითი, კაპრალი, სერჟანტი, ოფიცერი) კორპუსს უმნიშვნელოვანესი როლი ეკისრება.

 

სარდლობის ცენტრებში/სკოლებში სრული ციკლით ხორციელდება სპეციალისტების (რიგითი, კაპრალი, სერჟანტი, ოფიცერი) და საწყისი საბრძოლო, სამთო, სერჟანტთა და გადასროლისწინა მომზადება/გადამზადება. 2015 წელს წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობამ გამოუშვა უმცროს ოფიცერთა მომზადების სპეციალიზაციის კურსების პირველი ნაკადი,  გვარეობების მიხედვით.

 

სარდლობის განვითარების ხედვა ეფუძნება ეროვნული სტრატეგიული დოკუმენტებით, ნატო-ს ძირითადი პროგრამებით და პარტნიორ ქვეყნებთან ორმხრივი თანამშრომლობის ხელშეკრულებებით აღებული ვალდებულებებით  განსაზღვრულ პრიორიტეტებს:

 

საქართველოს თავდაცვის ძალებისათვის თანამედროვე სტანდარტებთან თავსებადი  პროფესიონალი სამხედრო მოსამსახურეებისა და ქვედანაყოფების მომზადება, გადამზადება, შეფასება;

„პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამისა (PfP) და ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის გეგმების ფარგლებში  ნატო-ს და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეთა მომზადება.

 

სარდლობის მიზანია უზრუნველყოს სამხედრო-სასწავლო დაწესებულებათა ინსტიტუციური ბაზისა და ორგანიზაციული სფეროს განვითარება; მაღალკვალიფიციური, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პროფესიონალი სამხედრო მოსამსახურე კადრების მომზადება/გადამზადება; სამხედრო სასწავლო ცენტრებში და  სკოლებში სპეციალისტების მომზადება; სამხედრო დოქტრინების შემუშავება; საქართველოს თავდაცვის ძალებში დაგეგმილი ადგილობრივი და საერთაშორისო სწავლებების და წვრთნების მხარდაჭერა და მათში მონაწილეობა; საერთაშორისო მისიებში მონაწილეობის მისაღებად განსაზღვრული ქვედანაყოფების გადასროლისწინა მომზადება-გადამზადება.

 

  

2016-2020  წლების პრიორიტეტები:

 

  

წვრთნებისა და სამხედრო განათლების სისტემის რეფორმა

 

 

რეფორმის ერთერთ უმთავრეს მიზანს წარმოადგენს, ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის 2014 წლის უელსის სამიტზე მიღებული „ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის“ ერთერთი ძირითადი ინიციატივის - ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის (JTEC) ჩამოყალიბებისა და შემდგომი განვითარების სრული და უპირობო იმპლემენტაცია, ისევე, როგორც წვრთნებისა და სამხედრო განათლების არსებული სისტემის ტრანსფორმაცია -  მსოფლიოს მრავალ წამყვან ქვეყანაში აპრობირებულ და მიღებულ, ე. წ. „სკოლების პრინციპზე“ გადასვლა და ამ მიზნით საერთო საჯარისო ცენტრის ჩამოყალიბება-განვითარება.

 

  

  • ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) შემდგომი განვითარება 


    „ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის“ (SNGP) ერთერთ უმნიშვნელოვანეს პროექტს წარმოადგენს ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) დაარსება. აღნიშნული ცენტრი ყალიბდება წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის ეროვნული სასწავლო ცენტრი „კრწანისი“-ს ბაზაზე და მის ძირითად ფუნქციას წარმოადგენს საქართველოსა და პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების წვრთნა და შეფასება/სერთიფიცირება, ასევე, ნატო-ს, ორმხრივი და მრავალეროვნული სამხედრო სწავლებების მასპინძლობა და მხარდაჭერა. ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი  ცენტრის შემდგომი განვითარება მნიშვნელოვნად გაზრდის ეროვნული უსაფრთხოების შესაძლებლობებს, ისევე, როგორც ხელს შეუწყობს ნატო-ს „პარტნიორობის თავსებადობის ინიციატივის“ (Partnership Interoperability Initiative) განხორციელებას.

     
  • საერთო საჯარისო ცენტრის ჩამოყალიბება/განვითარება (სამხედრო სკოლების ერთ სივრცეში ინტეგრირება)


    აღნიშნული ცენტრის ჩამოყალიბება, მასში სკოლების ინტეგრირება და შემდგომი განვითარება მნიშვნელოვანია საქართველოს თავდაცვის ძალებში მიმდინარე სასწავლო-საგანმანათლებლო პროცესების ინსტიტუციონალიზაციისა და ნაკლები დანახარჯებით სასურველი შედეგის  მისაღებად. ერთ სივრცეში ინტეგრირებული სკოლები (სამანევრო, საბრძოლო მხარდაჭერის, საბრძოლო უზრუნველყოფის, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვისა და კაპიტნის საკარიერო სკოლები) თავის მხრივ უზრუნველყოფს საქართველოს თავდაცვის ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებას, გამოიწვევს ადამიანური და ფინანსური რესურსის მნიშვნელოვან დაზოგვას და საგრძნობლად გაზრდის სწავლების ხარიხს. საერთო საჯარისო მომზადების ცენტრის ჩამოყალიბება და განვითარება არის მნიშვნელოვანი წინაპირობა იმისა, რომ საქართველოს თავდაცვის ძალების უმცროსი ოფიცრების, სერჟანტების და კაპრალ/რიგითების მომზადება განხორციელდება ძირითადი სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობების მიხედვით, ერთიანი სტანდარტების შესაბამისად.

    საერთო საჯარისო ცენტრის შემდგომი განვითარების ფაზაში ერთერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტად განიხილება კაპიტნის საკარიერო სკოლაში კაპიტნის საერთაშორისო კურსების ჩამოყალიბება. აღნიშნულის რეალიზებით, საერთო საჯარისო ცენტრს მიეცემა შესაძლებლობა იმისა, რომ მომავალში კაპიტნის საკარიერო კურსებზე მოიწვიოს და სათანადო განათლება მისცეს არ მხოლოდ საქართველოს თავდაცვის ძალების, არამედ პარტნიორი ქვეყნების უმცროს ოფიცერთა შემადგენლობას. ეს ყოველივე განაპირობებს იმას, რომ კაპიტნის საკარიერო სკოლასა და მთლიანად საერთო საჯარისო ცენტრში სამხედრო განათლების პროცესი წარიმართება ნატო-ს არსებული სტანდარტების სრული იმპლემენტაციის განხორციელებით.  


  •  წვრთნებისა და სამხედრო განათლების მხარდამჭერი ცენტრის ჩამოყალიბება


    რეფორმის აღნიშნული ნაწილი განპირობებულია იმით, რომ ერთი ლოგისტიკური ელემენტი - წვრთნებისა და სამხედრო განათლების მხარდამჭერი ცენტრი განახორციელებს ერთდროულად საერთო საჯარისო ცენტრის, ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრისის (JTEC), დოქტრინების ცენტრისა და წვერთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის შტაბის  ლოგისტიკურ უზრუნველყოფას, რაც ასევე ადამიანური და ფინანსური რესურსის მნიშვნელოვან დაზოგვას გამოწვევს.


  • ჯავშანსატანკო სასწავლო ცენტრის გაუქმება - ცენტრის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის ინტეგრირება საერთო საჯარისო ცენტრისა და საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებში.


    სამხედრო სკოლების ერთ სივრცეში ფუნქციონირების პრინციპის გათვალისწინებით, ჯავშანსატანკო სასწავლო ცენტრში არსებული სკოლები სრულად იქნება ინტეგრირებული საერთო საჯარისო ცენტრში. გარდამავალ ეტაპზე, ჯავშანსატანკო სასწავლო ცენტრი განახორციელებს საერთო საჯარისო ცენტრის მხარდაჭერას, როგორც ადამიანური, ისე მატერიალურ-ტექნიკური რესურსით. საბოლოოდ, პროცესი დასრულდება ცენტრის სკოლების მანევრის სკოლაში გადატანით, ხოლო შტაბი და საბრძოლო უზრუნველყოფის ელემენტები შეუერთდება საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) ცენტრს, რომელიც განლაგდება ქ. ახალქალაქში.


  •  საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის ქ. ახალქალაქში განლაგება.


    საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრი, როგორც  დამოუკიდებელი სტრუქტურული ერთეული, ჩამოყალიბდა 2013 წელს და უშუალოდ დაექვემდებარა წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობას. ახლად შექმნილი ცენტრის მუდმივი დისლოკაციის ადგილად ქ. ახალქალაქის განსაზღვრა განპირობებულია იმ მნიშვნელოვანი ფაქტორის გათვალისწინებით, რომ თავდაცვის ძალების მოთხოვნებიდან გამომდინარე, ცენტრს ექნება შესაძლებლობა ყოველწლიურად მოამზადოს 2 000 რეკრუტი, რომლებიც შემდგომში უზრუნველყოფენ დასმული ამოცანის მაღალ დონეზე შესრულებას,  საქართველოს თავდაცვის ძალების წინაშე არსებული გამოწვევების შესაბამისად. გარდა ამისა, რეგიონში სასწავლო ცენტრის არსებობა ხელს შეუწყობს საქართველოს თავდაცვის ძალების პოპულარიზაციას ადგილობრივი მოსახლეობაში.


  •  სერჟანტთა სამეთაურო საშტაბო კურსის ჩამოყალიბება.

     
    სერჟნტთა სამეთაურო საშტაბო კურსის ჩამოყალიბება არის გაგრძელება იმ მიმდინარე რეფორმებისა, რომელიც საქართველოს თავდაცვის ძალების პროფესიონალი და მაღალკვალიფიციური სერჟანტთა კორპუსის ჩამოყალიბებას ემსახურება. აღნიშნული კურსი წარმოადგენს სერჟანტთა სამხედრო-პროფესიული განათლების მე-3 დონეს. სერჟანტთა სამეთაურო საშტაბო კურსის დაარსებით საქართველოს თავდაცვის ძალების სერჟანტთა შემადგენლობას ეძლევა შესაძლებლობა აიმაღლონ კვალიფიკაცია და დახვეწონ ლიდერის უნარ-ჩვევები. კურსდამთავრებულებს შეეძლებათ მხარი დაუჭირონ ბატალიონის და ბრიგადის დონის ოფიცერთა სამეთაურო რგოლს, რაც თავისთავად საქართველოს თავდაცვის ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებას შეუწყობს ხელს. სერჟანტთა სამეთაურო საშტაბო კურსის ჩამოყალიბების შემდეგ სერჟანტთა მომზადების ცენტრი ტრანსფორმირდება სერჟანტთა აკადემიად.

 

 

დოქტრინების ცენტრის ჩამოყალიბება და მისი შემდგომი განვითარება

 

 

საქართველოს თავდაცვისი ძალების მუდმივი საბრძოლო მზადყოფნის შენარჩუნება და საბრძოლო მომზადების დონის ამაღლება მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული  სამხედრო დოქტრინების შემუშავების პროცესის სრულყოფაზე, რისთვისაც უნდა განხორციელდეს:

 

 

  •  დოქტრინების განვითარების ცენტრის შექმნა


    საქართველოს თავდაცვის ძალების მოთხოვნებიდან და პრიორიტეტებიდან გამომდინარე დოქტრინების ცენტრი უზრუნველყოფს ნატო-ს სტანდარტებთან თავსებადი დოქტრინალური სახელმძღვანელოების შემუშავების პროცესის ერთიანი სისტემის ჩამოყალიბებას და ოპერაციებისა და წვრთნების დროს მიღებული გამოცდილების ასახვას. ასევე ცენტრი უზრუნველყოფს დოქტრინების შემუშავების პროცესში სკოლებში არსებული შესაბამისი გვარეობების სკოლების ინტელექტუალური რესურსისა და დაგროვილი გამოცდილების სრულ ჩართულობას;

 

 

  • დოქტრინების განვითარებისა და იმპლემენტაციის პროცესის სინქრონიზაცია


    თავდაცვის ძალების წინაშე წამოჭრილი გამოწვევების საპასუხოდ, არსებულ რეალობაზე მორგებული და მუდმივად განახლებადი დოქტრინების შემუშავებისა და თავდაცვის ძალებში დანერგვის პროცესი განხორციელდება სრული სინქრონიზაციით დოქტრინების განვითარების ცენტრს, სამხედრო სკოლებსა  და თავდაცვის ძალების შესაბამისი პროფილის ქვედანაყოფებს შორის, რაც მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს საქართველოს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების მზადყოფნას დასმული ამოცანების შესრულებაში.


წვრთნების, განათლებისა და შეფასების თანამედროვე, ნატო-სთან თავსებადი მეთოდების დანერგვა 

 

თანამედროვე ცვალებად გარემოსა და მოთხოვნებთან ადაპტირების პროცესში ერთერთი გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება წვრთნების, განათლებისა და შეფასების მეთოდების მუდმივ განახლებას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. ყოველივე ზემოაღნიშნულის მიღწევა შესაძლებელია როგორც სასწავლო პროცესის ანალიზის, სასწავლო/საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისად დაგეგმვის, განხორციელების, მონიტორინგისა და შეფასების სისტემატიზაციით, ასევე ნატო-სა და პარტნიორი ქვეყნების შესაბამისი დარგის ექსპერტებთან მუდმივი თანამშრომლობის ინტენსიფიკაციით.



  •  წვრთნების, განათლებისა და შეფასების პროცესის თანმიმდევრული უზრუნველყოფა

     
    ეფექტიანი სამხედრო საგანმანათლებლო პროცესის უზრუნველსაყოფად კრიტიკული როლი უნდა მიენიჭოს მართვის ეფექტური მექანიზმების დანერგვასა და განვითარებას, რესურსების რაციონალურ განაწილებას, ინტელექტუალური რესურსის მუდმივ განვითარებას, სამხედრო საგანმანათლებლო პროგრამების დახვეწას, სასწავლო მასალების სრულყოფასა და სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდების და ტექნოლოგიების დანერგვა-განვითარებას. მნიშვნელოვანია სამხედრო საგანმანათლებლო დაწესებულებებში განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს სასწავლო პროგ­რამების გან­ვითარებისადმი სისტემური მიდ­გო­მის უწყვეტ ციკლს, რაც თავის მხრივ მოიცავს ანალიზს, დაგეგმვას (დიზაინი), შემუშავებას, განხორციელებასა და შეფასებას.


  •  ნატო-სა და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობის ინტენსიფიკაცია


    საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად წვრთნების, განათლებისა და შეფასების მეთოდების მუდმივი განახლების პროცესში აუცილებელია გაზიარებული იქნას ნატო-სა და პარტნიორი ქვეყნების შესაბამისი სამხედრო საგანმანათლებლო პროგრამებისა და ინსტიტუტების გამოცდილება. თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად, არსებული შესაძლებლობების განვითარების მხარდაჭერაზე ორიენტირებული საერთაშორისო თანამშრომლობის წარმოება მნიშვნელოვნად გაზრდის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის დაქვემდებარებულ სამხედრო საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლების ხარისხს, რაც თავის მხრივ განაპირობებს საქართველოს თავდაცვის ძალების ნატო-სთან თავსებადობას და წარმატებას ერთობლივ ოპერაციებში. ამ მიზნით, წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობა ინტენსიურად აღრმავებს თანამშრომლობას ისეთ მაღალკვალიფიციურ ინსტიტუტთან, როგორიცაა ნატო-ს თავდაცვის სფეროში განათლების განვითარების პროგრამა (NATO Defense Education Enhance Programme - DEEP).   

 

  

ინფრასტრუქტურისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განვითარება

 

 

თანმიმდევრული და უწყვეტი სამხედრო განათლების განვითარების პროცესის უზრუნველყოფისა და თანამედროვე მეთოდებითა და ტექნოლოგიებით სწავლებებისა და წვრთნების განხორციელების მყარ წინაპირობას წარმოადგენს საჭირო ინფრასტრუქტურისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განვითარება. სასწავლო ცენტრებისა და სკოლების თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისი ინფრასტრუქტურითა და მატერიალურ-ტექნიკურ საშუალებებით აღჭურვა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ნატო-სთან თავსებადი სამხედრო საგანმანათლებლო პროცესის უზრუნველსაყოფად. შესაბამისად, აუცილებელ საჭიროებას წარმოადგენს შემდეგი ღონისძიებების განხორციელება არსებული ფინანსური რესურსის რაციონალური განაწილებით:

 

  •  თანამედროვე სტანდარტების ინფრასტრუქტურის განვითარება, პოლიგონების მოწყობა


    მნიშვნელოვანი ყურადღება უნდა დაეთმოს არსებული შენობა-ნაგებობების (ყაზარმები, საკლასო ოთახები და აუდიტორიები, სასადილოები, სპორტული მოედნები, სავარჯიშო დარბაზები და ა. შ.) სარემონტო სამუშაოების დროულად და მარალხარისხიანად შესრულებას, მიმდინარე მშენებლობების დასრულებას და საჭირო ინვენტარით აღჭურვას, ისევე როგორც საწვრთნელი პოლიგონებისა და სასროლეთების თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოწყობას.

 

  •  სასწავლო მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მოდერნიზება


    სასწავლო პროცესის მაღალხარისხიანად ჩატარების უზრუნველსაყოფად უმთავრეს საჭიროებას წარმოადგენს სამხედრო ცენტრებისა და სკოლების აღჭურვა თანამედროვე სასწავლო მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით, არსებული საბიბლიოთეკო ფონდების მუდმივი შევსება და სასწავლო პროცესის მუდმივი მხარდაჭერა საჭირო ბეჭდვითი მასალებით. ასევე აუცილებელია განხორციელდეს მომხმარებლისთვის ბიბლიოთეკის რესურსების მოქნილი ელექტრონული კატალოგის შეთავაზება, მისაღები და გამოსაშვები გამოცდების ავტომატიზაცია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად.

 

 

საქართველოს თავდაცვის ძალების მოთხოვნებისა და პრიორეტეტების გათვალისწინებით, წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობა გააგრძელებს თანმიმდევრული და უწყვეტი განვითარების პროცესს. წვრთნებისა და სამხედრო განათლების სისტემის რეფორმირება განხორციელდება სინქრონულად და მიზანმიმართულად იმ გამოწვევების საპასუხოდ, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების პროცესებიდან გამომდინარე მუდმივად ცვალებად ხასიათს ატარებს. სასწავლო ცენტრებსა და სკოლებში, წვრთნების, განათლებისა და შეფასების თანამედროვე, ნატო-სთან თავსებადი მეთოდების უწყვეტი რენოვაცია, სამხედრო დოქტრინების განვითარების პროცესის ოპტიმიზაცია და ინფრასტრუქტურისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მოდერნიზება  წარმოადგენს მყარ წინაპირობას იმისა, რომ საქართველოს თავდაცვის ძალები სრულ თავსებადობაში მოვა ჩრდილო ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის სტანდარტებთან, რაც თავის მხრივ განაპირობებს როგორც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას, ასევე საქართველოს თავდაცვის ძალების როლისა და მნიშვნელობის გაზრდას  ევრო-ატლანტიკურ სივრცეში.