ეროვნული თავდაცვის აკადემია

სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია არის სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომლის მისიას წარმოადგენს ქვეყნისა და სამინისტროსათვის ღირსეული, მაღალი ეთიკის, მტკიცე მორალისა და ლიდერის თვისებების მქონე  ოფიცერთა კორპუსის მომზადება, რომელთაც აქვთ სამხედრო და აკადემიური უმაღლესი განათლება.

აკადემიაში წარმატებით ფუნქციონირებს: ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, სამეცნიერო კვლევითი ცენტრი, იუნკერთა სასწავლო ბატალიონი და უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლა.

სამხედრო სასწავლებლების ისტორია საქართველოში 1918 წელს, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან იწყება. 1918 წლის 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოცხადების შემდეგ, დღის წესრიგში დადგა ოფიცერთა ეროვნული კადრების მომზადების საკითხი. საქართველოს ეროვნული საბჭოსა და რესპუბლიკის მთავრობის მიერ 1918 წლის 20 აგვისტოს გამართულ სხდომაზე დამტკიცდა „კანონი საქართველოს რესპუბლიკის რეგულარული არმიის ორგანიზაციისა“, რომლის თანახმად „იუნკერთა მოსამზადებლად სამხედრო სკოლა არსდებოდა“. სწორედ ეს თარიღი განისაზღვრა დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის დღედ. 

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდში 1919 წლის შემოდგომაზე, ქართველ იუნკერთა სამხედრო სკოლა შეიქმნა, რომელიც 1921 წელს, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შედეგად, ამ დასახელებით გაუქმდა. კომუნისტური მმართველობის დროს, სამხედრო სკოლა ჯერ წითელარმიელ კურსანტთა სამხედრო სასწავლებლად, შემდეგ კი თბილისის საარტილერიო სასწავლებლად გადაკეთდა და 1991 წლამდე იარსება.

1993 წლის 28 მაისს, საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის ბრძანების საფუძველზე, შეიქმნა საქართველოს რესპუბლიკის გაერთიანებული სამხედრო აკადემია, რომელმაც მსმენელთა პირველი ნაკადი 1993 წლის სექტემბერში მიიღო. მოგვიანებით სასწავლებელს ჯერ თავდაცვის ეროვნული აკადემია, ხოლო შემდგომ, ეროვნული თავდაცვის აკადემია ეწოდა. 2003 წლის 20 თებერვალს უმაღლეს სასწავლებელს დავით აღმაშენებლის სახელი მიენიჭა. 2009 წლიდან, სასწავლებელი ქალაქ გორში განლაგდა.

2010 წელს აკადემიაში რეფორმების ახალი ეტაპი დაიწყო, რომელმაც ოფიცერთა განათლების მთელი სისტემა მოიცვა. 2010 წელს თავდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, აკადემიამ საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი მოიპოვა. ეროვნული თავდაცვის აკადემიას მინიჭებული აქვს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსიც.

2014 წლის 28 მაისს, საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით, აკადემიის მსმენელებს, 1921 წელს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში გმირულად დაღუპული იუნკერების ხსოვნის პატივსაცემად, ისტორიული სახელი „იუნკერი“ დაუბრუნდათ.

 

ვებ გვერდი: http://eta.edu.ge/