მოქალაქეთა მისაღები

2013 წლის 30 ოქტომბერს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროში გაიხსნა მოქალაქეთა მისაღები, სადაც მოქალაქეებს აქვთ შესაძლებლობა კეთილგანწყობილ და თანამედროვე აპარატურით აღჭურვილ გარემოში კვალიფიციური მომსახურება მიიღონ. მისაღების თანამშრომლები, რომლებმაც გაიარეს სპეციალური მომზადება, ეხმარებიან მოქალაქეებს მიიღონ სხვადასხვა სახის ინფორმაცია, გაიარონ კონსულტაციები პრობლემურ საკითხებთან დაკავშირებით, ადგილზე დაწერონ და ჩააბარონ განცხადებები. უკმაყოფილების შემთხვევაში შესაძლებლობა აქვთ წარმოადგინონ საჩივრები. ინფორმაციაზე მარტივად ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, ადგილზე მომსახურების გარდა, მისაღებში მოქმედებს სატელეფონო კონსულტაციების სისტემაც.

 

მისაღებს მომართავენ თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო და სამხედრო პერსონალი, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებსა და საერთაშორისო მისიებში საბრძოლო მოქმედებების დროს, ასევე სხვადასხვა გარემოებების დროს დაღუპული და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრები; ომის ვეტერნები; რიგითი მოქალაქეები.

 

მოქალაქეთა მისაღებში მიმდინარეობს თავდაცვის სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირებთან შეხვედრების შეთანხმება და ორგანიზება. თავდაცვის მინისტრისა და გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეები, გენერალური შტაბის უფროსის მრჩეველი და სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, სამუშაო დღეებში, დადგენილი გრაფიკის მიხედვით, ხვდებიან მოქალაქეებს და კრიტიკული საკითხების სწრაფად და ეფექტურად გადაწყვეტაში ეხმარებიან.

 

მოქალაქეებს, ყოველდღიურად, მომსახურებას უწევს 8 თანამშრომელი. თავდაცვის სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტიდან, სულ, მოვლინებულია 35 თანამშრომელი, რომლებიც დადგენილი გრაფიკის მიხედვით, მორიგეობით ენაცვლებიან  სამუშაო დღეებში.

 

მოქალაქეთა  მისაღები ფუნქციონირებს ყოველ სამუშაო დღეს, 09:00 საათიდან 18:00 საათამდე.