სპორტული ღონისძიებები

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ორგანიზებას უწევს დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების სპორტულ ღონისძიებებში ჩართვას, რეაბილიტაციისა და საზოგადოებაში რეინტეგრაციის პროცესის გაუმჯობესების მიზნით:

 

2014 წლის 2-13 მარტს კალიფორნიაში, საზღვაო ქვეითთა ბაზა პენდელტონში გაიმართა სპორტული შეჯიბრებები დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა შორის, სადაც მონაწილეობა მიიღო 10 ქვეყნის 350 დაჭრილმა სამხედრო მოსამსახურემ. მონაწილეები დაჯგუფებულნი გახლდნენ მძიმე, საშუალო და მსუბუქი კატეგორიის ტრამვების მიხედვით. შედეგი: 1 ოქრო, 1 ვერცხლი, 1 ბრინჯაო (მშვილდით სროლა, პნევმატური იარაღიდან სროლა).

 

2014 წლის 7 მაისს ქ. თბილისში ნინო სალუქვაძის სახელობის ტირში ჩატარდა საქართველოს ეროვნული პარაოლიმპიური კომიტეტის მიერ ორგანიზებული საქართველოს ჩემპიონატი პნევმატური იარაღით სროლაში. აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ISAF-ის სამშვიდობო მისიაში დაშავებულმა სამხედრო მოსამსახურეებმა.

 

2014 წლის 7 სექტემბრიდან 16 სექტემბრის ჩათვლით, ქ. ლონდონში (დიდი ბრიტანეთი) დაშავებულმა სამხედრო მოსამსახურეებმა მონაწილეობა მიიღეს ძლიერთა თამაშებში (INVICTUS GAMES), სპორტის 5 სახეობაში: ცურვა, მშვილდოსნობა, ნიჩბოსნობა, მძლეოსნობა და მჯდომარე ფრენბურთი. შედეგი: მშვილდით სროლაში საპრიზო მესამე ადგილი; მჯდომარე ფრენბურთში გუნდური მეოთხე ადგილი;

 

2014 წლის 19 ივლისს უზრუნველყოფის ცენტრის სპორტული ღონისძიებების დაგეგმვისა და ფიზიკური მომზადების შეფასების სამმართველოს სპორტულ დარბაზში ამხანაგური შეჯიბრება გაიმართა დაჭრილ/დაშავებული სამხედრო მოსამსახურეებითა და ცნობილი ადამიანებით დაკომპლექტებულ გუნდებს შორის მჯდომარე ფრენბურთში.

 

2015 წლის 28 თებერვლიდან 14 მარტის ჩათვლით კალიფორნიაში, საზღვაო ქვეითთა ბაზა პენდელტონში გაიმართა დაჭრილ მეომართა საერთაშორისო სპორტული შეჯიბრებები; შედეგი: მჯდომარე ფრენბურთი - პირველი ადგილი (ოქროს მედალი); მშვილდით სროლა - პირველი ადგილი (ოქროს მედალი), მეორე ადგილი (ვერცხლის მედალი); პნევმატური იარაღიდან სროლა - პირველი ადგილი (ოქროს მედალი).

 

2015 წლის 21 ოქტომბრიდან 28 ოქტომბრის ჩათვლით, ქ. ვაშინგტონში გაიმართა  საზღვაო ქვეითთა 42 კილომეტრიანი მარათონი, სადაც მონაწილეობა მიიღო 4-მა დაშავებულმა სამხედრო მოსამსახურემ.

 

2015 წლის 7 ივნისს თავდაცვის სამინისტროს, საბურთალოს გამგეობისა და არასამთავრობო ორგანიზაცია IDA-ს ორგანიზებით, ქ. თბილისში გაიმართა 5 კილომეტრიანი გარბენი სლოგანით - „ერთად ვიმარჯვებთ“.

 

საქართველოს შეიარაღებული ძალების პირველი კლასის რიგითმა თემურ დადიანმა დაამყარა ორგზის გინესისა და მსოფლიო რეკორდი აზიდვებში (ფლენჩის სახეობა);  თემურ დადიანი გახლავთ პარამოფარიკავე და პარამკლავჭიდელი; ფარიკაობა- საქართველოს ჩემპიონატის 2 ოქროს მედალი; პარამოფარიკავეთა მსოფლიო ოცეულის წევრი; პარამკლავჭიდი - მსოფლიო ჩემპიონატის ვიცეჩემპიონი, ორგზის ვერცხლის მედლის მფლობელი.

 

საქართველოს შეიარაღებული ძალების კაპიტანი რომან აბაშიძე გახლავთ პარამოფარიკავე, მსოფლიო პარაოლიმპიურ რეიტინგში მე-19 ადგილი.

 

2016 წლის 2 მაისიდან 12 მაისის ჩათვლით დაჭრილ/დაშავებულმა სამხედრო მოსამსახურეებმა მონაწილეობა მიიღეს ძლიერთა თამაშებში (Invictus Games 2016), აშშ-ში ქ. ორლანდოში, სადაც გუნდმა გუნდურ თამაშებში მესამე ადგილი დაიკავა, ხოლო 100 მეტრიან დისტანციაზე სირბილში ვერცხლის მედალი აიღო სერჟანტმა გიორგი ბოჭორიშვილმა. „ძლიერთა თამაშების“ გამარჯვებულებისთვის სპონსორებისგან, კომპანიებისგან - JAGUAR-ი და LAND ROVER-ი, დამატებით დაწესებული იყო სპეციალური ჯილდო. პრიზები ინდივიდუალურად ორ-ორი ათლეტისთვის იყო განკუთვნილი. თუმცა, „ძლიერთა თამაშების“ აღმასრულებელმა თავმჯდომარემ, ქალბატონმა ვიქტორია გოსლინგმა და კომპანიების წარმომადგენლებმა დაუშვეს გამონაკლისი და LAND ROVER-ის ჯილდო: The Land Rover Above and Beyond Award საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მჯდომარე ფრენბურთის გუნდს გადასცეს. როგორც საერთაშორისო თამაშების ორგანიზატორებმა და სპონსორებმა აღნიშნეს, ქართველთა ასპარეზობამ გაუტეხელი ხასიათი, მებრძოლი სული და ურთიერთთანადგომა მთელს მსოფლიოს დაანახა, რაც ზუსტად გამოხატავს „ძლიერთა თამაშების“ სულისკვეთებას.

 

2016 წლის 16-20 მაისს ქალაქ ტურინში, იტალიაში, გაიმართა ევროპის ჩემპიონატი პარაფარიკაობაში, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ორმა დაჭრილმა სამხედრო მოსამსახურემ.

 

2016 წლის 13-19 ივნისს ქალაქ დიუსბურგში, გერმანიაში, გაიმართა რიოს ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო შეჯიბრება კანოე-კაიკში. აღნიშნულ თამაშებში მონაწილეობა მიიღო ორმა დაჭრილმა სამხედრო მოსამსახურემ.

 

რეინჯერთა მომზადების სკოლის მეთაურის მოვალეობის შემსრულებელმა ISAF სამშვიდობო მისიაში დაჭრილმა (ამპუტირებული) სამხედრო მოსამსახურემ მაიორმა გიორგი არაბულმა თანმხლებ პირთან ერთად (მეუღლე) მონაწილეობა მიიღო 2016 წლის 8-15 ივნისს გამართულ მარშირებაში რთულ რელიეფზე დაჭრილ/დაშავებულ სამხედროებს შორის ქ. ედინბურგში, შოტლანდიაში, სადაც 22 კილომეტრიანი დისტანციის დაფარვისთვის ბრინჯაოს მედალი გადაეცა. უნდა აღინიშნოს, რომ მაიორი არაბული გახლდათ ერთადერთი ამპუტირებული სამხედრო, ვინც შეძლო აღნიშნული მანძილის გავლა.

 

2016 წლის 28 სექტემბრიდან 3 ოქტომბრის ჩათვლით  უზბეკეთში, ქ. სამარყანდში ჩატარდა აზიის პარაკანოეს პირველი ჩემპიონატი, რომელშიც  მონაწილეობა მიიღო ორმა დაჭრილმა და დაშავებულმა სამხედრო მოსამსახურემ.

 

2016 წლის 6-9 ოქტომბერს პოლონეთის ქ. ვროცლავში ჩატარდა საერთაშორისო ტურნირი მჯდომარე ფრენბურთში, სადაც მონაწილეობა მიიღო 8 დაჭრილმა სამხედრო მოსამსახურემ.

 

2016 წლის 23 ოქტომბერს  კომპანია „ჰაიდელბერგცემენტის“ ორგანიზებით  გაიმართა რიგით მეხუთე  საქველმოქმედო  ტიპის „თბილისიმარათონი“, სადაც მონაწილეობა მიღო თავდაცვის სამინისტროს 112 თანამშრომელმა, მათ შორის  შვიდმა  დაჭრილმა და დაშავებულმა სამხედრო მოსამსახურემ, ასევე  2008 წელს დაღუპული სამხედრო მოსამსახურის შვილმა. მარათონში მონაწილეობის საფასური აანაზღაურა  თავდაცვის სამინისტრომ.

 

2016 წლის საქართველოს შეიარაღებული ძალების დაჭრილმა/დაშავებულმა სამხედრო მოსამსახურეებმა აშშ-ს დედაქალაქ ვაშინგტონში საზღვაო ქვეითთა ყოველწლიურ 41-ე მარათონში მიიღეს მონაწილეობა. ქართველმა სამხედროებმა - კაპრალმა ტრისტან ჩიტიძემ, კაპრალმა ალექს ბერუაშვილმა, უმცროსმა სერჟანტმა გიორგი ბოჭორიშვილმა, კაპრალმა ლევან კვანჭიანმა და სერჟანტმა პაატა ჯიბუტიმ წარმატებით დაფარეს 42 კილომეტრიანი დისტანცია. საქართველოს შეიარაღებული ძალების დაშავებული სამხედროები მარათონში „Allied Forces Foundation"-ის მხარდაჭერით ჩაერთნენ. თავდაცვის სამინისტროს დელეგაციამ აშშ-ის ფედერალური გამოძიების ბიუროს აკადემია და აშშ-ის სენატი მოინახულა. ქართველი სამხედრო მოსამსახურეები დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად უკრაინის საელჩოში მიღებასაც დაესწრნენ, რომელიც უკრაინელი დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების პატივსაცემად გაიმართა. სამხედრო მოსამსახურეები პენტაგონსაც ესტუმრნენ.

 

2016 წლის 29 ნოემბრიდან 3 დეკემბრის ჩათვლით შშმ პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენრტრის ორგანიზებით გაიმართა  პარასპორტის კვირეული. ტურნირში ცხრა სახეობა იყო წარმოდგენილი, რომელშიც მონაწილეობა  ცხრა დაჭრილმა/დაშავებულმა სამხედრო მოსამსახურემ მიიღო შემდეგ სპორტულ სახეობებში: პარაკალათბურთი, ეტლით ფარიკაობა,  პარამშვილდოსნობა, მჯდომარე ფრენბურთი.

 

ა(ა)იპის „ ახალგაზრდული მედია კავშირი“ და ა(ა)იპის „მოძრაობა ხელმისაწვდომი გარემოსათვის“ მიერ ორგანიზებულ ბანაკში მონაწილეობა მიიღო  12 დაჭრილმა/დაშავებულმა სამხედრო მოსამსახურემ.

 

2017 წლის 19-25 ოქტომბერს  სამშვიდობო მისიებსა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ ომებში დაშავებულმა ოთხმა სამხედრო მოსამსახურემ მონაწილეობა მიიღო ვაშინგტონში გამართულ ყოველწლიურ 42 კილომეტრიან მარათონში (Marine Corps Marathon).

 

2017 წლის 18 სექტემბერს სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში დაჭრილი/დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობით  გაიმართა სპორტული ღონისძიება 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული მაიორ შალვა დოლიძის სახელობის ტურნირი.  ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო 52 დაჭრილმა/დაშავებულმა სამხედრო მოსამსახურემ რვა სხვადასხვა სპორტულ სახეობაში.

 

2017 წლის 21 სექტემბრიდან 01 ოქტომბრის ჩათვლით კანადაში, ქ. ტორონტოში  გაიმართა „ძლიერთა თამაშები“, სადაც მონაწილეობა მიიღო  საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 15 დაჭრილმა/დაშვებულმა სამხედრო მოსამსახურემ და 14 ოჯახის წევრმა. მჯდომარე ფრენბურთში დაჭრილ/დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა გუნდმა აიღო ოქროს მედალი.

 

2017 წლის 4 ნოემბრიდან 12 ნოემბერის ჩათვლით ხორვატიაში ქ. პორეჩში ჩატარდა ევროპის ჩემპიონატი მჯდომარე ფრენბურთში, სადაც მონაწილეობა მიიღო  საქართველოს პარაფრენბურთის ეროვნული ნაკრებმა, რომელიც დაკომპლექტებული იყო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილი/დაშავებული სამხედრო მოსამსახურეებით.

 

2017 წლის 16 დან-19 დეკემბრის ჩათვლით უკრაინაში ქ. კიევში  გაიმართა „გმირთა თამაშები“, სადაც მონაწილეობა მიიღო 2 დაჭრილმა/დაშავებულმა სამხედრო მოსამსახურემ. მასტერ-სერჟანტნმა ალექსი ტაბატაძემ მოიპოვა პირველი ადგილი სპორტის კომბინირებულ სახეობაში- სროლა და ძალოსნური ფიტნესი.

 

2018 წლის 13 მარტიდან 25 მარტის ჩათვლით ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჩრდილოეთ კაროლინაში, საზღვაო ქვეითთა ბაზაზე „კემპ ლეჟუნი“ „საზღვაო ქვეითთა თამაშები“ (Marine Corps Trials) გაიმართა, სადაც მონაწილეობა 7 ქვეყნის 173-მა დაჭრილი/დაშავებული სამხედრო მოსამსახურემ მიიღო. შეჯიბრი გაიმართა, როგორც ინდივიდუალურ, ასევე სპორტის ჯგუფურ სახეობებში: ცურვა, მშვილდოსნობა, ველოსპორტი, სირბილი, მძლეოსნობა, მჯდომარე ფრენბურთი, პარაკალათბურთი, სროლა და ნიჩბოსნობა ტრენაჟორზე აშშ-ში 6 ოქროს, 6 ვერცხლის და 8 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

 

სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში 2018 წლის აგვისტო - სექტემბერში დაგეგმილია 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული მაიორ შალვა დოლიძის სახელობის ტურნირის ჩატარება დაჭრილი/დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობით .

 

2018 წლის 20 ოქტომბრიდან 27 ოქტომბრის ჩათვლით ავსტრალიაში, ქ. სიდნეიში იმართება „ძლიერთა თამაშები“ (Invictus Games), სადაც მონაწილეობას მიიღებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 15 დაჭრილი/დაშვებული სამხედრო მოსამსახურე და მათი ოჯახის წევრები.  ამ ეტაპზე მიმდიმნარეობს საორგანიზაციო საკითხებზე მუშაობა.

 

2018 წლის ოქტომბერში იგეგმება ამერიკის შეერთებულ შტატებში,  ვაშინგტონში ყოველწლიურ 42 კილომეტრიან მარათონში (Marine Corps Marathon) მონაწილეობის მიღება.