მინისტრის დირექტივები

„მინისტრის დირექტივები 2018“ თავდაცვის სამინისტროს, გენერალური შტაბისა და დაქვემდებარებული ქვედანაყოფების სახელმძღვანელო დოკუმენტია, რომელიც ყოველწლიურად ახლდება და ასახავს მოკლევადიანი დაგეგმვის ღონისძიებებს 2018 წლისთვის განსაზღვრული პრიორიტეტების შესაბამისად. დოკუმენტით დაგეგმილი ღონისძიებები შესაბამისობაშია „თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვა 2017-2020“-ის რეკომენდაციებთან და „თეთრი წიგნი 2017-2020“-ის სტრატეგიულ მიმართულებებთან.

 

დოკუმენტი უზრუნველყოფს გრძელვადიან პერიოდში შეიარაღებული ძალებისათვის განსაზღვრული განვითარების პრიორიტეტული მიმართულებების ეტაპობრივ განხორციელებას და ხელს უწყობს ტრანსფორმაციის პროცესში თავდაცვის სისტემაში გამოვლენილი ხარვეზების დაძლევას. მისი საბოლოო მიზანია ეფექტიანი, მობილური, თანამედროვე და ნატოსთან თავსებადი შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბების ხელშეწყობა.

 

გასულ წელს მიღწეული პროგრესის კვალდაკვალ, გრძელდება საქართველოს თავდაცვითი პოტენციალის გაუმჯობესება „ტოტალური თავდაცვის“ მიდგომის შესაბამისად, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის პრინციპებისა და სტანდარტების გათვალისწინებით. საქართველოს წინაშე არსებული საფრთხეებიდან გამომდინარე, ქვეყნის თავდაცვის ორგანიზება ხორციელდება ერთიანი სახელისუფლებო ხედვის ფარგლებში, სადაც სათანადო ყურადღება ენიჭება უწყებათშორისი თანამშრომლობის გაძლიერებას.

 

2017 წელს განხორციელებული სტრუქტურული ოპტიმიზაციის და რეორგანიზაციის შედეგად დაზოგილი მატერიალური რესურსები მოხმარდება თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებას. ყურადღება გამახვილდება ამერიკის შეერთებული შტატების ერთ- ერთი უმნიშვნელოვანესი ინიციატივის - „საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის“ (GDRP) განხორციელებაზე, რომელიც ამერიკული მხარის აქტიური დახმარებითა და ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. ეტაპობრივად გაგრძელდება რეზერვისა და მობილიზაციის სისტემის, ასევე სავალდებულო სამხედრო სამსახურის თვისობრივი გაუმჯობესება. ეს ყველაფერი უზრუნველყოფს შეიარაღებული ძალების ბრძოლისუნარიანობისა და საბრძოლო მზადყოფნის დონის ამაღლებას.