2017 წლის 25 ივლისს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ პირველი „ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონის“ პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია დაესწრო.
სიტყვით გამოსვლისას, ლევან იზორიამ ქართველ სამხედროებს და სამხედრო სფეროთი დაინტერესებულ საზოგადოებას პირველი „ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონის“ გამოცემა მიულოცა. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, გამოცემის მიზანს არა მხოლოდ სამხედრო ტერმინების სისტემატიზება, არამედ ნატოს წევრ და პარტნიორ ქვეყნებში დამკვიდრებული და ქართული სამხედრო ტერმინების სინქრონიზაცია წარმოადგენდა. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ თავდაცვის ინსტიტუციური განვითარების პროცესში სამხედრო განათლებას უპირატესობა ენიჭება. ლევან იზორიამ პირველ სამხედრო ენციკლოპედიურ ლექსიკონზე მომუშავე ჯგუფის წევრებს მადლობა გადაუხადა იმ შრომატევადი საქმისთვის, რომელიც საქართველოში სამხედრო მეცნიერების განვითარების საფუძვლად იქცა.
ენციკლოპედიური ლექსიკონზე აკადემიკოს, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილთან ერთად, სარედაქციო ჯგუფი - გენერალ-მაიორი თენგიზ შუბლაძე, ზურაბ აბაშიძე, გიორგი ანჩაბაძე, პოლკოვნიკი მამუკა გოგიტიძე, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, ავთანდილ საყვარელიძე და ნოდარ წიგნაძე მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდნენ.
საზეიმო ღონისძიების ფარგლებში, თავდაცვის სამინისტროსა და „ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონის“ სარედაქციო ჯგუფს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლელა ჩიქოვანმა და ენციკლოპედიის მთავარმა რედაქტორმა, გენერალ-მაიორმა ელგუჯა მეძმარიაშვილმა მოაწერეს. მემორანდუმის თანახმად, თავდაცვის სამინისტრო „ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონის“ გაციფრულებას უზრუნველყოფს და წიგნის ელექტრონულ ვერსიას უწყების ახალ ვებგვერდზე 2018 წელს განათავსებს.