ორმხრივი თანამშრომლობა

თავდაცვის სისტემის განვითარების ხელშემწყობ უმნიშვნელოვანეს კომპონენტს პარტნიორ ქვეყნებთან ეფექტური ორმხრივი თანამშრომლობა წარმოადგენს.

 

აღნიშნული თანამშრომლობა თანხვედრაშია საქართველოს სამხედრო-პოლიტიკურ მისწრაფებებთან,  ხელს უწყობს თავდაცვის სფეროს ტრანსფორმაციის პროცესს,  თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებას, მდგრადობისა და შეკავების გაძლიერებას და ნატოსთან თავსებადობის ამაღლებას.

 

მიმდინარე ეტაპზე თავდაცვის სამინისტრო ორმხრივ ურთიერთობებს აწარმოებს 25 პარტნიორ ქვეყანასთან. აღნიშნულ ქვეყნებთან თავდაცვის სამინისტრო ძირითადად თანამშრომლობს ყოველწლიური ორმხრივი თანამშრომლობის გეგმების ფორმატში, რომლებშიც გაწერილია წლის განმავლობაში განსახორციელებელი მაღალი დონის ვიზიტები, ექსპერტთა შეხვედრები, კურსები/სემინარები საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო და სამხედრო პერსონალისა  და უცხოელი პარტნიორებისთვის, ორმხრივი და მრავალმხრივი წვრთნები და სხვა ორმხრივი ღონისძიებები.

 

სამინისტრო მიისწრაფვის ორმხრივი თანამშრომლობის მრავალწლიანი ფორმატების ჩამოყალიბებისკენ.

 

თანამშრომლობის ეფექტურად წარმართის მიზნით  ყოველწიურად იმართება ორმხრივი კონსულტაციები პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის სამინისტროების საერთაშორისო სამსახურებთან, რათა მოხდეს  თანამშრომლობის კონკრეტულ, ურთიერთსასარგებლო  მიმართულებებზე ფოკუსირება და თავიდან იქნას აცილებული ძალისხმევის დუბლირება.

 

ტრადიციულ პარტნიორებთან თანამშრომლობის პარალელურად, საქართველოს სამხედრო-პოლიტიკური პრიორიტეტების გათვალისწინებით,  თავდაცვის სამინისტრო აწარმოებს ორმხრივ მოლაპარაკებებს სხვა ქვეყნების თავდაცვის უწყებებთან პარტნიორული ურთიერთობების დამყარების და თანამშრომლობის სამართლებრივი ბაზის შესაქმნელად.

 

რეგიონალური თანამშრომლობა

 

 

სამინისტრო დაინტერესებულია რეგიონის ქვეყნების თავდაცვის უწყებებთან დაბალანსებული და სტაბილური თანამშრომლობის განვითარებით.

 

რეგიონის ქვეყნებთან ურთიერთობების განვითარებისა და განმტკიცების კუთხით, მნიშვნელოვანი პოლიტიკური მექანიზმია აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატი, რომელსაც 2012 წელს ჩაეყარა საფუძველი.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობებს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ 2018 წელს ხელმოწერილი  ურთიერთგაგების მემორანდუმით კიდევ უფრო გაიზარდა და სტრუქტურირებული გახდა თანამშრომლობის დინამიკა თავდაცვის სამინისტროებს შორის.

 

სისტემატიურად ხორციელდება მინისტრების, გენერალური შტაბის უფროსებისა და ექსპერტთა დონის შეხვედრები, ასევე როტაციის პრინიპით რეგულარულად ტარდება სამმხრივი სწავლებები („კავკასიის არწივი“, „ეთერნითი“ და სხვ).

 

 

სამმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში როტაციის პრინციპით ყოველწლიურად იმართება  თავდაცვის მინისტერიალი.  ასევე იმართება გენერალური შტაბის უფროსების შეხვედრები და სხვადასხვა მიმართულების ექსპერტთა კონსულტაციები.  

 

აღსანიშნავია ყოველწლიური სამმხრივი სწავლებები რომლებიც ასევე როტაციის პრინციპით იმართება აზერბაიჯანის, საქართველოს და თურქეთის ტერიტორიებზე.