საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება წარმოადგენს საგარეო პოლიტიკის სტრატეგიულ მიზანს და თავდაცვის სამინისტრო მაქსიმალურად არის ჩართული აღნიშნული მიზნის განხორციელების პროცესში სხვადასხვა მექანიზმების ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულების გზით.
ინტენსიურად ვითარდება ევროკავშირთან თანამშრომლობა ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (CSDP) მიმართულებით, როგორც ორმხრივ ფორმატში, ასევე, აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში, რომელიც ნათლად არის ასახული ასოცირების შეთანხმებასა და ასოცირების დღის წესრიგში.
ორმხრივი თანამშრომლობა მოიცავს თანამშრომლობის ისეთ ფორმატებს, როგორიცაა: ეროვნულ დონეზე ასოცირების საბჭოს შეხვედრები ასოცირების შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის შესრულების მიმდინარეობასთან დაკავშირებით, ევროკავშირთან უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებზე ევროკავშირი-საქართველოს უსაფრთხოების მაღალი დონის სტრატეგიული დიალოგი, სადაც პოლიტიკურ დონეზე განიხილება თავდაცვისა და უსაფრთხოების კუთხით თანამშრომლობის აქტუალური საკითხები.
ასევე, ევროკავშირი-საქართველოს კონსულტაციები (ყოველწლიური) უსაფრთხოებისა და თავდაცვისა და უსაფრთხოების ერთიანი პოლიტიკის სფეროში (EU Georgia consultations on security and CSDP), სადაც თანამშრომლობის აქტუალურ საკითხებთან ერთად განიხილება ევროკავშირის მისიებში მონაწილეობიდან მიღებული გამოცდილება, კიბერუსაფრთხოება, სტრატეგიული კომუნიკაციები, თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში საგანმანათლებლო ინსტიტუტების მხარდაჭერა, თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის პერსონალის განათლება და შესაძლებლობების განვითარება თანამედროვე გამოწვევების გათვალისწინებით და სხვა. აღნიშნული აქტივობები თავმოყრილია ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის მიმართულებით ევროკავშირთან თანამშრომლობის სამუშაო გეგმაში.
განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ასოცირების შეთანხმებითა და ასოცირების დღის წესრიგის საფუძველზე ევროკავშირში ინტეგრაციის ეროვნული სამოქმედო გეგმით (ყოველწლიური) აღებული ვალდებულებების შესრულებას, რომელიც, სხვა მიმართულებებთან ერთად, მოიცავს ევროკავშირის კრიზისების მართვის ოპერაციებში საქართველოს მონაწილეობას (CSDP მისიებში მონაწილეობის იურიდიული საფუძველია: 2013 წლის ნოემბერში ევროკავშირთან ხელმოწერილი ჩარჩო შეთანხმება „საქართველოსა და ევროკავშირს შორის ევროკავშირის კრიზისების მართვის ოპერაციებში საქართველოს მონაწილეობისათვის სტრუქტურის ჩამოყალიბების თაობაზე“), კიბერუსაფრთხოებას და სტრატეგიულ კომუნიკაციებს, გენდერს, დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების მხარდაჭერასა და ევროკავშირის შესაბამის სტრუქტურებთან თანამშრომლობის საკითხებს. გარდა ამისა, ევროკავშირთან აქტიური თანამშრომლობა ხორციელდება ევროპული სამშვიდობო მექანიზმის (European Peace Facility - EPF), ევროკავშირის უსაფრთხოების, ანაგრიშვალდებულებისა და საქართველოში დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის (SAFE) პროგრამის, ევროკომისიის საჯარო სამსახურების დაძმობილებისმექანიზმის (TWINNING), ასევე ევროკავშირის EU-HYBNET პროექტის ფარგლებში, რომელიც წარმოადგენს პან-ევროპულ ქსელს ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის კუთხით და, რომელიც აწევრიანებს ევროკავშირის 25 პარტნიორ ინსტიტუტს აკადემიური წრეებიდან.
განსაკუთრებული ყურადღება ექცევა მაქსიმალურად გამჭვირვალე თანაშრომლობას ევროკავშირის მონიტორინგის მისიასთან (EUMM), მისიის მანდატის ეფექტურად განხორციელების ხელშწყობის მიზნით.
ორმხრივი ფორმატების გარდა, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო აქტიურადაა ჩართული„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მრავალმხრივი თანამშრომლობის შეხვედრებსა და ღონისძიებებშიუსაფრთხოების თემებზე, მათ შორის უსაფრთხოების, CSDP-ისა და სამოქალაქო დაცვის საკითხებისპანელის მუშაობაში.
აღნიშნულ ფორმატებში დიალოგი მიმდინარეობს ევროკავშირში უსაფრთხოებისა და თავდაცვის პარტნიორობის სფეროში არსებულ სიახლეებზე, ასევე, კონკრეტულ ინიციატივებზე პარტნიორ ქვეყნებთანმიმართებაში, როგორიცაა სტრატეგიული კომუნიკაციების გაუმჯობესება, ჰიბრიდულ საფრთხეებთანბრძოლა, პარტნიორ ქვეყნებში უსაფრთხოების სექტორის შესაძლებლობების განვითარება და სხვა.
ევროკავშირთან თანამშრომლობის პრიორიტეტები
ევროკავშირთან არსებული თანამშრომლობის ფორმატების პარალელურად, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო გეგმავს გამოიყენოს ევროკავშირთან და მის სტრუქტურებთან თანამშრომლობის ახალი მექანიზმები და ფორმატები, შესაბამისად, ევროკავშირთან თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლობის პრიორიტეტებია:
- ევროპულ თავდაცვის სააგენტოსთან (EDA) ადმინისტრაციული შეთანხმების გაფორმება დათანამშრომლობა;
- ევროკავშირის მუდმივი სტრუქტურირებული თანამშრომლობის (PESCO) პროექტებში მონაწილეობა;
- ევროკავშირის კიბერუსაფრთხოების სააგენტოსთან (ENISA) თანამშრომლობა;
- ევროკავშირის სტრატეგიული კომპასის (Strategic Compass) ფარგლებში თანამშრომლობა.
გაერო (UN)
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს გაეროს წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულებას და აქტიურად მუშაობს შესაბამის ინსტიტუტებთან უშიშროების საბჭოს, გენერალური ასამბლეისა და გაერო-ს სამდივნოს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციისა და ანგარიშების წარდგენის მიმართულებით თანამშრომლობის იმ მექანიზმების ფარგლებში, რომელიც ემსახურება უსაფრთხოებისა და მშვიდობის განმტკიცებას.
თავდაცვის სექტორში განსაკუთრებული აქცენტი კეთდება გაეროს უშიშროების საბჭოს 1325 რეზოლუციის - ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება და მისი თანამდევი რეზოლუციების განხორციელებაზე. შექმნილია შესაბამისი ექსპერთა ჯგუფი და გენდერული მრჩევლების სისტემა, რომლებიც უზრუნველყოფენ ქალთა საკითხის ინტეგრირებას თავდაცვის ძალებში.
ეუთო (OSCE)
თავდაცვის სამინისტრო აქტიურად მუშაობს ეუთოს მიზნების უზრუნველყოფის მიმართულებით და, რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევების მიუხედავად, მაქსიმალურად ასრულებს ორგანიზაციის წინაშე აღებულ ვალდებულებებს, რაც ხელს უწყობს გამჭვირვალობასა და ნდობისა და უსაფრთხოების განმტკიცებას. საქართველო აქტიურად თანამშრომლობს „ღია ცის“ ხელშეკრულების ფარგლებში.
ეუთოს მხარდაჭერით, 2003 წლიდან, არაერთი მნიშვნელოვანი დემილიტარიზაციის პროექტი განხორციელდა საქართველოში, რომელიც ითვალისწინებდა ვადაგასული, გამოუსადეგარი და სიცოცხლისათვის სახიფათო საბრძოლო მასალის გაუვნებელყოფას.
სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალი (SEDM)
სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალის წევრი საქართველო 2015 წლის 10 სექტემბერს გახდა, რომლის მიზანია რეგიონის ქვეყნებს შორის რეგიონში უსაფრთხოებისა და მშვიდობის კუთხით თანამშრომლობის კონსოლიდაცია, ასევე, რეგიონის ქვეყნების ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის ხელშეწყობა.
თავდაცვის სამინისტრო, როგორც სამხედრო, ისე სამოქალქო წარმომადგენლების ჩართულობით, აქტიურად მონაწილეობს SEDM-ის ეგიდით გამართულ შეხვედრებში.
2015 წლის მაისში საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ორგანიზაციის წევრი ქვეყნების შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსების მოადგილეების, ხოლო 2017 წლის ოქტომბერში სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტრების შეხვედრას უმასპინძლა.
2018 წლის განმავლობაში საქართველო იყო SEDM-ის ფარგლებში მოქმედი პროექტის „ქალი ლიდერები უსაფრთხოებასა და თავდაცვაში“ წამყვანი ქვეყანა. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, 2018 წლის ბოლოს ჩატარდა შეხვედრა „ქალი ლიდერები უსაფრთხოებასა და თავდაცვაში - გაეროს 1325 რეზოლუციის შესრულება“, რომელიც გაიმართა გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან (UN Women Georgia) თანამშრომლობით და წარმოადგენდა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი 16-დღიანი კამპანიის ნაწილს.
წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი (ICRC)
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო 2002 წლიდან თანამშრომლობს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტთან.
2014 წლის 21 მაისს „საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ცოდნის გავრცელებისა და ინტეგრაციის სფეროში თანამშრომლობის თაობაზე“ ხელმოწერილი ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის ძალებში მიმდინარეობს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის პრინციპების (IHL) დანერგვის, გავრცელების და განვითარების ხელშეწყობა. აღნიშნული მემორანდუმი ხელს უწყობს თავდაცვის სამინისტროსა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას და საქართველოს თავდაცვის ძალებში ჰუმანიტარული სამართლის პრინციპების დანერგვის პროცესის ინტენსიფიკაციას. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) თბილისის ოფისთან კონკრეტულ საკითხებზე თანამშრომლობა ხორციელდება „შეიარაღებული კონფლიქტების სამართლის ინტეგრაციის შესახებ“ ყოველწლიური სამუშაო გეგმების ფარგლებში.