თანამშრომლობა ნატოსთან

თანამშრომლობა ნატოსთან

ნატო-საქართველოს თანამშრომლობა 1992 წლიდან იწყება, როდესაც საქართველო ჩრდილოატლანტიკური თანამშრომლობის საბჭოს (NACC) შეუერთდა. აღნიშნულ ფორმატში, რომელსაც 1997 წლიდან  ევროატლანტიკური თანამშრომლობის საბჭო (Euro-Atlantic Partnership Council, EAPC) ეწოდა, ალიანსის პარტნიორი და წევრი ქვეყნები სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხს განიხილავენ.

 

1994 წელს საქართველო ნატო-ს ,,პარტნიორობა მშვიდობისთვის" (Partnership for Peace, PfP) პროგრამას შეუერთდა, ხოლო 1996 წლიდან აქტიურად მონაწილეობს PfP პროგრამის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში.

 

2002 წელს ქ. პრაღაში გამართულ ნატო-ს სამიტზე საქართველომ პირველად გააჟღერა ნატო-ში გაწევრიანების სურვილი. სწორედ ამ დროიდან იწყება საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებისკენ სწრაფვა.

 

2004 წელს საქართველო გახდა ალიანსის პირველი პარტნიორი სახელმწიფო, რომელთანაც ნატო-მ ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმის (Individual Partnership Action Plan, IPAP) ფორმატში დაიწყო თანამშრომლობა. IPAP-ის ფარგლებში საქართველომ ალიანსის წინაშე აიღო კონკრეტული ვალდებულებები.

 

2005 წელს ნატო-მ საქართველოში მეკავშირე ოფიცერი მოავლინა, ხოლო 2010 წელს ქ. თბილისში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისი (NATO Liaison Office, NLO) გაიხსნა, რომლის მთავარი ამოცანაა ნატო-სთან თანამშრომლობის გაღრმავება და ალიანსში საქართველოს გაწევრიანების ხელშეწყობა.

 

2006 წელს ქ. ნიუ-იორკში გამართულ ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაზე ალიანსმა მიიღო გადაწყვეტილება, საქართველოსთან დაეწყო ,,ინტენსიური დიალოგი (Intensified Dialogue, ID). ID-ის ფორმატში იმართებოდა კონსულტაციები პოლიტიკურ, უსაფრთხოების, კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების, თავდაცვის, სამოქალაქო უსაფრთხოების დაგეგმვის, ეკონომიკურ, მეცნიერების, განათლებისა და სხვა საკითხებზე.

 

საქართველოს მიერ ნატო-ს წინაშე აღებული ვალდებულებების წარმატებით განხორციელების გათვალისწინებით, 2008 წელს ნატო-ს ბუქარესტის სამიტზე ალიანსმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ „საქართველო გახდება ნატო-ს წევრი“. აღნიშნული გადაწყვეტილება  უმნიშვნელოვანეს პოლიტიკურ გზავნილს წარმოადგენს, რაც მრავალჯერ დადასტურდა ნატო-ს მომდევნო სამიტებზე.

 

2008 წლის 19 აგვისტოს ნატო-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საგანგებო შეხვედრაზე ალიანსმა ნატო-საქართველოს კომისიის (NGC) დაარსების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება. 2008 წლის 15 სექტემბერს საქართველოში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს (NAC) პირველი ოფიციალური ვიზიტის დროს ურთიერთგაგების მემორანდუმს  მოეწერა ხელი.

2008 წლის 2-3 დეკემბერს ნატო-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველომ ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში ყოველწლიური ეროვნული პროგრამის (ANP) განხორციელება დაიწო.

 

2011 წლის 7 დეკემბერს ნატო-ს შტაბ-ბინაში (ქ. ბრიუსელი) ალიანსის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართა, რომლის ფარგლებშიც საქართველო ფორმალურად მოიხსენიეს ასპირანტ სახელმწიფოდ, მონტენეგროსთან, ბოსნია და ჰერცეგოვინასთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან ერთად[1].

 

2014 წლის ნატო-ს უელსის სამიტზე ალიანსის წევრმა ქვეყნებმა საქართველო ერთ-ერთ ყველაზე თავსებად პარტნიორად (the most interoperable partner) აღიარეს და სხვა ოთხ ქვეყანასთან (ავსტრალია, იორდანია, ფინეთი, შვედეთი)[1] ერთად „გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორის“ (Enhanced Opportunity Partners, EOP) სტატუსი მიანიჭეს, რაც ნატო-სთან თანამშრომლობის  გაფართოებული შესაძლებლობების მიღებას გულისხმობს. ალიანსის წევრი ქვეყნების გადაწყვეტილებით, 2014 წლის უელსის სამიტზე ნატო-ს თავდაცვის შესაძლებლობების აღმშენებლობის ინიციატივის (DCB) ფარგლებში საქართველომ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი (Substantial NATO-Georgia Package, SNGP) მიიღო, რომლის მთავარი მიზანია საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერება, ნატო-სთან ურთიერთთავსებადობის ამაღლება და ნატო-ში გაწევრიანების პროცესის ხელშეწყობა.

 

2015 წლის 1-2 დეკემბერს ქ. ბრიუსელში ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე მიიღეს განცხადება „ღია კარის“ პოლიტიკასთან დაკავშირებით. მონტენეგროს ალიანსში მიწვევით, ალიანსის წევრებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს ნატო-ს „ღია კარის“ პოლიტიკისადმი ერთგულება. მოკავშირეებმა კვლავ  დაადასტურეს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, საქართველო გახდება ნატო-ს წევრი.  მნიშვნელოვანია, რომ ნატო-ს წევრმა ქვეყნებმა პირველად, საჯაროდ დაადასტურეს, რომ საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული მექანიზმი ნატო-ს წევრობისთვის მოსამზადებლად. მინისტერიალის შედეგად მიღებულ დოკუმენტში, ნატო-ს წევრებმა დადებითად შეაფასეს საქართველოში მიმდინარე რეფორმები და ხაზი გაუსვეს ნატო–საქართველოს არსებითი პაკეტის წარმატებით განხორციელების პროცესს.

 

2016 წლის ნატო-ს ვარშავის სამიტის ფარგლებში პირველად გაიმართა ნატო-საქართველოს კომისიის (NGC) სხდომა საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე. მნიშვნელოვანია, რომ ნატო-საქართველოს ერთობლივი განცხადება 2011 წლის შემდეგ, სწორედ ვარშავის სამიტზე მიიღეს. ერთობლივ განცხადებასა და სამიტის კომუნიკეში აღინიშნა, რომ საქართველოს ყველა პრაქტიკული მექანიზმი აქვს წევრობისთვის მოსამზადებლად (Georgia’s relationship with the Alliance contains all the practical tools to prepare for eventual membership). მოკავშირეები  მოუწოდებენ  საქართველოს,  განაგრძოს ყველა არსებული ინსტრუმენტის ეფექტური გამოყენება ალიანსთან  დაახლოებისთვის. გარდა ამისა, ვარშავის სამიტზე საქართველოსთვის დამატებითი პრაქტიკული ნაბიჯები განისაზღვრა.

 

2016 წლის ნატო-ს ვარშავის სამიტზე გაცხადდა შავი ზღვის უსაფრთხოების პოლიტიკა, რომლის ფარგლებში საქართველო აგრძელებს ალიანსთან სტრატეგიულ დიალოგში მონაწილეობას და პრაქტიკული ნაბიჯების განხორციელებას, სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო მიმართულებით,  შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხზე ერთობლივად შემუშავებული ნატო-საქართველოს თანამშრომლობის წინადადებების შესაბამისად.

 

2016 წლის ნოემბერში ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივმა ცენტრმა პირველად უმასპინძლა ნატო-საქართველოს ერთობლივ სამეთაურო-საშტაბო სწავლებას (NATO-Georgia Exercise 2016), რომელიც კომპიუტერული მხარდაჭერით ჩატარდა. ნატო-საქართველოს სწავლებაში სულ 250 მონაწილე იყო ჩართული, მათ შორის, ნატოს 11 წევრი და 2 პარტნიორი ქვეყნის და ნატო-ს სტრუქტურაში შემავალი შტაბების წარმომადგენლები.  

 

2018 წლის ნატო-ს ბრიუსელის სამიტზე საქართველომ პირველად მიიღო მონაწილეობა სახელმწიფო მეთაურების და მთავრობის დონეზე მოკავშირეთა შეხვედრაში საქართველოსა და უკრაინასთან. ბრიუსელის სამიტზე სხვა საჯარო დოკუმენტებთან ერთად  ნატო-საქართველოს კომისიის დეკლარაციაც მიიღეს. 

 

ბრიუსელის სამიტზე მიღებულ ნატო-საქართველოს კომისიის დეკლარაციაში საქართველო ნახსენებია, როგორც ალიანსის ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორი. ალიანსი აღნიშნავს, რომ ნატო-სა და ევროკავშირის ოპერაციებში მონაწილეობა მიუთითებს საქართველოს შესაძლებლობაზე, წვლილი შეიტანოს ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, რაც ალიანსში გაწევრიანების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა. აღსანიშნავია ალიანსის მზადყოფნა, კიდევ უფრო გააღრმაოს საქართველოსთან დიალოგი და პრაქტიკული თანამშრომლობა შავი ზღვის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით.

 

2018 წლის ბრიუსელის სამიტის დასკვნით დოკუმენტში საქართველოს მიმართ ალიანსის მიერ გამოხატულია პოლიტიკური მხარდაჭერა ღია კარის პოლიტიკის კონტექსტში. კერძოდ, დადასტურებულია ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი ქვეყანა და რომ ასპირანტ საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი, რათა მოემზადოს ალიანსში გასაწევრიანებლად. შესაბამისად საქართველო აგრძელებს ალიანსთან ურთიერთობის გაღრმავებას, რაც გამოიხატება დატვირთულ დღის წესრიგსა და ინტენსიურ პრაქტიკულ თანამშრომლობაში.

2019 წლის მარტში ჩატარდა  ნატო-საქართველოს რიგით მეორე სწავლება, რომლის დროსაც საქართველო ნატო-ს არაწევრ სახელმწიფოებს შორის იყო პირველი ქვეყანა, რომელსაც ნატო-ს ერთობლივი სწავლების ჩატარების მართვის და ხელმძღვანელის როლი დაეკისრა (Officer Conducting Exercise, Officer Directing Exercise). სწავლებაში ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების 300-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა. ნატო-საქართველო 19-ის  ფარგლებში საქართველოში იმყოფებოდა ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი და ნატო-ს სამხედრო კომიტეტი, ხოლო 2019 წლის ოქტომბერში საქართველომ ქ. ბათუმში უმასპინძლა ჩრდილოატლანტიკურ საბჭოს, რაც ალიანსის საქართველოსადმი მხარდაჭერის ერთ-ერთ ნათელ მაგალითს წარმოადგენს.

 

2019 წლის დეკემბრის თვეში ნატო-ს წევრი ქვეყნების მეთაურების შეხვედრაზე გაჟღერდა, რომ ნატო ღია კარის პოლიტიკის ერთგული რჩება, რაც აძლიერებს ალიანსს და მილიონობით ევროპელის უსაფრთხოების საწინდარია. გარდა ამისა, ნატო-ს ლონდონის სამიტზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ნატო-ს გენერალური მდივნის ხელმძღვანელობით NATO 2030 პროცესის დაწყების შესახებ, რომლის მიზანს ალიანსის პოლიტიკური განზომილების გაძლიერება წარმოადგენს.

 

2020 წლის 2 აპრილს ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალზე ალიანსის წევრმა ქვეყნებმა მიიღეს გადაწყვეტილება შავი ზღვის უსაფრთხოების მიმართულებით საქართველოსა და უკრაინასთან თანამშრომლობის გაძლიერებაზე, რაც გულისხმობს აქტიურ მონაწილეობას შავ ზღვაზე დაგეგმილ ნატო-სა და წევრი ქვეყნების სწავლებებსა და წვრთნებში, ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ  ძალისხმევაში და სხვა.    

 

2020 წლის 25 ნოემბერს ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის მიერ „ნატო 2030“ ინიციატივის ფარგლებში შექმნილმა დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფმა ალიანსს წარუდგინა ანგარიში NATO 2030, რომელშიც ექსპერტების მიერ შემუშავებული რიგი რეკომენდაციებიდან ერთ-ერთი ეხება ნატო-ს ღია კარის პოლიტიკის გაძლიერებას და მოუწოდებს ალიანსს კიდევ უფრო გააძლიეროს საქართველოსთან პარტნიორობა.

 

2020 წლის 1-2 დეკემბერს ნატო-ს შტაბ-ბინაში (ქ. ბრიუსელი) ალიანსის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართა, რომლის ფარგლებშიც დამტკიცდა ნატო-საქართველოს განახლებული არსებითი პაკეტი (Refreshed SNGP). განახლებული პაკეტი საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობების აღმშენებლობას, მდგრადობის გაძლიერებას, ნატოსთან თავსევადობის ამაღლებასა და ქვეყნის ალიანსში გაწევრიანების მზადების პროცესს კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს.

 

2021 წლის ნატო-ს ბრიუსელის სამიტის კომუნიკეში კიდევ ერთხელ დადასტურდა ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება და ხაზი გაესვა, რომ ალიანსი ცალსახად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენულ უფლებას, აირჩიოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები და რომ დაუშვებელია ნებისმიერი მესამე მხარის ჩარევა ამ პროცესში. წევრი ქვეყნები დადებითად აფასებენ საქართველოს, როგორც ასპირანტი ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესს სხვადასხვა რეფორმის განხორციელების კუთხით და ხაზს უსვამენ საქართველოს შესაძლებლობას, ღირსეული წვლილი შეიტანოს საერთო  უსაფრთხოებაში.

 

2021 წლის 7-8 ოქტომბერს საქართველოში ნატო-ს სამხედრო კომიტეტის რიგით მეოთხე ვიზიტი განხორციელდა. დელეგაციას ხელმძღვანელობდა კომიტეტის ახალი თავმჯდომარე, ადმირალ რობ ბაუერი. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის უმაღლესი სამხედრო ორგანოს ოფიციალურმა ვიზიტმა კიდევ ერთხელ ცხადყო ნატო-ს ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ.

2022 წლის 14-25 მარტს ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრმა (JTEC) ნატო-საქართველოს რიგით მესამე სწავლებას (NATO-Georgia 22 Exercise) უმასპინძლა.სწავლებაში ნატო-ს 20-ზე მეტი წევრი და პარტნიორი  ქვეყნის წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა.

2022 წლის 6-7 აპრილს ქ. ბრიუსელში ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალზე მიღებული გადაწყვეტილებით, ალიანსი გააძლიერებს საქართველოს, როგორც ნატო-სთვის მნიშვნელოვანი პარტნიორის, პრაქტიკულ დახმარებას, მათ შორის ქვეყნის მდგრადობის, უსაფრთხო კომუნიკაციების, კიბერუსაფრთხოების შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით.

 

თანამშრომლობის ძირითადი მექანიზმები

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო განაგრძობს ნატო-საქართველოს თანამშრომლობის პოლიტიკური ფორმატებისა და პრაქტიკული  მექანიზმების წარმატებით განხორციელებას, რაც ხელს უწყობს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას, თავდაცვის რეფორმების ეფექტურად განხორციელებას, და ნატო-სთან თავსებადობის გაზრდას, რაც თავის მხრივ  საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მზადების პროცესს ემსახურება.

 

საქართველო, როგორც ნატო-ს ასპირანტი ქვეყანა, ზედმიწევნით ასრულებს ალიანსის წინაშე აღებულ ვალდებულებებს, რაც დადებითად ფასდება ნატო-ს და წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლების მიერ და აისახება სხვადასხვა შეფასების დოკუმენტსა თუ განცხადებაში.

 

 

ნატო-საქართველოს კომისია (NATO-Georgia Commission, NGC)

 

2008 წლის სექტემბერში ნატო-საქართველოს კომისია (NGC) დაფუძნდა, რომელიც პოლიტიკური კონსულტაციების ფორმატს და პრაქტიკული თანამშრომლობის მექანიზმს წარმოადგენს და მიზნად ისახავს საქართველოს მხარდაჭერას ალიანსში გაწევრიანების გზაზე. 2008 წლის 15-16 სექტემბერს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს (NAC) საქართველოში გასვლითი ვიზიტის ფარგლებში  ნატო-საქართველოს კომისიის პირველი დამფუძნებელი სხდომა გაიმართა. კომისიის ფარგლებში რეგულარულად ტარდება სხდომები ნატო-სთან თანამშრომლობის სხვადასხვა აქტუალურ  საკითხზე როგორც მთავრობის ხელმძღვანელების, ასევე სამუშაო დონეზე.

 

2008 წლის  2-3 დეკემბერს ქ. ბრიუსელში, საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე გამართულ NGC-ის სხდომაზე მოკავშირეებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ნატო-საქართველოს კომისია განახორციელებდა ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების შესრულების მონიტორინგს, წარმართავდა საქართველოსა და ნატო-ს შორის პოლიტიკურ დიალოგს სხვადასხვა დონეზე და გამოყენებული იქნებოდა, როგორც პრაქტიკული თანამშრომლობის კოორდინაციის მექანიზმი.

 

წლიური ეროვნული პროგრამა (Annual National Programme, ANP)

 

2008 წლის 2-3 დეკემბერს ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების გადაწყვეტილებით, ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმა (IPAP) წლიურმა ეროვნულმა პროგრამამ (ANP) ჩაანაცვლა. პროგრამა წარმოადგენს საქართველოსა და ალიანსს შორის პრაქტიკული თანამშრომლობის მექანიზმს და ხელს უწყობს საქართველოს ნატო-სთან თავსებადობის ამაღლებას.

 

წლიური ეროვნული პროგრამის დოკუმენტი მოიცავს  ქართული მხარის მიერ წლის განმავლობაში დაგეგმილ რეფორმებს და მათი შესრულებისათვის საჭირო სხვადასხვა ღონისძიების ჩამონათვალს ვალდებულების სახით, რომელიც ეყრდნობა საქართველოს ხელისუფლების პრიორიტეტებსა და ნატო-ს რეკომენდაციებს. დოკუმენტი ყოველი წლის პირველ კვარტალში მტკიცდება სამთავრობო დონეზე და წლის ბოლოს ხორციელდება შეფასება  ნატო-ს საერთაშორისო სამსახურის მიერ.

 

დაგეგმვისა და მიმოხილვის პროცესი (Planning and Review Process, PARP)

 

დაგეგმვისა და მიმოხილვის პროცესი (PARP) ნატო-სთან თანამშრომლობის პრაქტიკული მექანიზმია, რომლის მთავარი მიზანია პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის სისტემების ნატო-სთან თავსებადობის გაზრდა. საქართველო ნატო-ს დაგეგმვისა და მიმოხილვის პროცესში 1999 წლიდან მონაწილეობს, რაც ხელს უწყობს ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის შესაძლებლობების განვითარებასა და ნატო-სთან თავსებადობას. დოკუმენტის ფარგლებში საქართველო და ალიანსი ერთობლივად განსაზღვრავენ პარტნიორობის მიზნებს (PG), რომელთა განხორციელების პროგრესს ნატო-ს საერთაშორისო სამსახურის წარმომადგენლები აფასებენ. დაგეგმვისა და მიმოხილვის პროცესი  ორწლიან ციკლს მოიცავს, შესაბამისად ორ წელიწადში ერთხელ  ხდება  პარტნიორობის მიზნების გადახედვა და მათი  შესრულების ანგარიშის ნატო-ს მხარისთვის წარდგენა. 

 

ნატო-ს სამხედრო კომიტეტის და საქართველოს სამუშაო გეგმა (Military Committee with Georgia Work Plan)

 

2010 წლის აგვისტოში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, დაფუძნდა სამხედრო თანამშრომლობის ახალი ფორმატი და შემუშავდა ნატო-საქართველოს სამხედრო თანამშრომლობის სამუშაო გეგმა, რომელიც სამხედრო მიმართულებით ნატო-სთან სამხედრო თანამშრომლობის მთავარ ამოცანებსა და პრიორიტეტულ მიმართულებებს განსაზღვრავს. დოკუმენტი მოიცავს ისეთ ღონისძიებებს, რომელთა განხორციელება წლიური ეროვნული პროგრამით, დაგეგმვისა და მიმოხილვის პროცესით და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულებას უწყობს ხელს.

 

 

ნატო-ს პროგრამები

 

ინდივიდუალური პარტნიორობისა და თანამშრომლობის პროგრამა 

(Individual Partnership and Cooperation Programme, IPCP)

 

1996 წელს საქართველომ შეიმუშავა ნატოსთან ინდივიდუალური პარტნიორობის პროგრამა (IPP), რომელიც ითვალისწინებს საქართველოს სახელმწიფო უწყებების სამხედრო და სამოქალაქო პერსონალის მონაწილეობას სხვადასხვა სახის კურსზე, სემინარზე, კონფერენციასა თუ სამუშაო შეხვედრაზე, მათი პროფესიული ზრდის ხელშეწყობის მიზნით. ზემოხსენებული პროგრამა 2013 წელს გარდაიქმნა ნატოს ინდივიდუალური პარტნიორობისა და თანამშრომლობის პროგრამად (IPCP) და განაგრძობს საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების ფართო სექტორის წარმომადგენლების შესაძლებლობების განვითარებას ყოველწლიურად შემოთავაზებული ასობით ღონისძიების მეშვეობით.

 

ნატო-ს პროფესიული განვითარების პროგრამა (PDP)

 

2009 წელს ნატო-ს ეგიდით პროფესიული განვითარების პროგრამა (PDP) დაიწყო. თავდაპირველად პროგრამა მიზნად ისახავდა მხოლოდ თავდაცვის სამინისტროსა და  უსაფრთხოების სექტორის წარმომადგენლების პროფესიულ განვითარებას სხვადასხვა კურსის, ტრენინგის, სამუშაო შეხვედრისა და სტაჟირების უზრუნველყოფით ნატო-ს წევრი ქვეყნების დახმარებით. თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში პროგრამა ეტაპობრივად განხორციელდა და შემდგომ ეტაპებზე უსაფრთხოების ფართო სექტორიც მოიცვა.

 

პროგრამის მხარდაჭერით 2011 წელს თავდაცვის სამინისტროში ჩამოყალიბდა "სტრატეგიისა და ლიდერობის ცენტრი (Centre for Strategy and Leadership) /მოგვიანებით "პროფესიული განვითარების ცენტრი" (Professional Development Centre), რომლის ბაზაზეც ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში 2016 დაარსდა თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა (Defence Institution Building (DIB) School).

 

2020 წელს PDP-ის პროგრამის ტრანსფორმაციის ფარგლებში განისაზღვრა პროგრამის მართვის ახალი სტრუქტურა: ეროვნულ დონეზე ჩამოყალიბდა პროგრამის მაღალი დონის აღმასრულებელი ჯგუფი (High-level Group) და ადგილობრივი მმართველი საბჭო (Local Management Board), რომელიც პროგრამის კოორდინატორებთან და შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებთან მჭიდრო თანამშრომლობით კოორდინაციას უწევს პროგრამის საქმიანობას.

 

2020-2022წწ. მიმდინარეობს პროგრამის გარდამავალი ფაზა, რომლის ფარგლებშიც თავდაცვის სამინისტროსთვის განსაზღვრულია კიბერუსაფრთხოების ბიუროსა და თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის კონკრეტული ღონისძიებების/პროექტების მხარდაჭერა.

 

ნატო-ს გონივრული თავდაცვის ინიციატივა (Smart Defence Initiative)

 

2012 წლის მაისში ნატო-ს ჩიკაგოს სამიტზე საფუძველი ჩაეყარა გონივრული თავდაცვის ინიციატივას (Smart Defence Initiative) უსაფრთხოების სფეროში არსებულ და მოსალოდნელ გამოწვევებთან ერთიანი ძალისხმევითა და მინიმალური დანახარჯებით ეფექტურად გამკლავებისთვის. ინიციატივის ფარგლებში, ალიანსის წევრი ქვეყნების მხარდაჭერით,  ხორციელდება სხვადასხვა მრავალეროვნული პროექტი.

 

თავდაცვის სამინისტროს სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიურო  აქტიურად მონაწილეობს ნატო-ს გონივრული თავდაცვის ინიციატივის ორ პროექტში - მრავალეროვნული კიბერთავაცვის განათლებისა და ტრენინგის პროგრამა (Multinational Cyber Defence Education and Training Program MNCD E&T) და მავნე პროგრამული უზრუნველყოფის შესახებ ინფორმაციის მიმოცვლის მრავალეროვნული პლატფორმა (Multinational Malware Information Sharing Platform – Cyber Defence MISP). 2020 წლის იანვრიდან კიბერუსაფრთხოების ბიურომ სრული წვდომა მიიღო მავნე პროგრამული უზრუნველყოფის შესახებ ინფორმაციის მიმოცვლის მრავალეროვნულ (MISP) პორტალზე და ამით გახდა MN MISP-ის -პლატფორმის სრულფასოვანი წევრი.

 

სამხედრო განათლების განვითარების პროგრამა (Defence Education Enhancmeent Programme, DEEP)

 

2009 წელს დაიწყო თანამშრომლობა ნატო-ს განათლების განვითარების პროგრამასთან (DEEP), რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვისა და სამხედრო განათლების სფეროს განვითარებას სხვადასხვა მიმართულებით. პროგრამა ითვალისწინებს თავდაცვის სამინისტროს საგანმანათლებლო და საწვრთნელი ინსტიტუტების მხარდაჭერას, სასწავლო პროგრამების ხარისხის ამაღლების, სასწავლო მეთოდოლოგიის დახვეწისა და პროცესების გაუმჯობესების საშუალებით.

 

პროგრამა ფოკუსირებულია ეროვნული თავდაცვის აკადემიის, სერჟანტთა აკადემიისა და საერთო საჯარისო ცენტრის შესაძლებლობების განვითარებაზე. ასევე, ქართველი ინსტრუქტორების ფიზიკურ მომზადებაზე ნატო-ს cross-fit მეთოდოლოგიის გამოყენებით, გამოცდილების გაზიარების, სხვადასხვა  სწავლებისა და კურსის, ასევე, მობილური საწვრთნელი ჯგუფების (MTT) მეშვეობით.

ნატო-ს კეთილსინდისიერების ამაღლების ინიციატივა (Building Integrity (BI) Initiative)

 

ნატო-ს კეთილსინდისიერების ამაღლების ინიციატივა მხარს უჭერს თავდაცვის სფეროში გამჭვირვალობის ამაღლებასა და კორუფციის რისკის შემცირებას. პროგრამის ფარგლებში ხორციელდება სხვადასხვა ტიპის ტრენინგი, გამოცდილების გაზიარება და ასევე მუშავდება გარკვეული კურსები/მოდულები, რომლებიც შემდგომში ინერგება თავდაცვის საგანმანათლებლო დაწესებულებებში.

 

2013 წელს ქართული მხარის მიერ შევსებულ თვითშეფასების კითხვარსა და ნატო-ს ექსპერტთა ჯგუფის მიერ  ჩატარებული კვლევის ანალიზზე  დაყრდნობით, ნატო-ს ჯგუფმა  შეფასების დოკუმენტი (Peer Review Report) შეიმუშავა, სადაც დეტალურად არის გაწერილი თავდაცვის სამინისტროს მიერ მიღწეული პროგრესი სხვადასხვა მიმართულებით. ნატო-ს ექსპერტთა რეკომენდაციების შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ექსპერტები წარმატებით უზიარებენ  გამოცდილებასა და  საუკეთესო პრაქტიკას (best practices) პარტნიორ ქვეყნებს.

 

 

განაღმვა/ნატო-ს მხარდაჭერისა და შესყიდვების სააგენტო (NATO Support and Procurement Agency, NSPA)

 

საქართველო 2002 წლიდან აქტიურად თანამშრომლობს ნატო-ს უზრუნველყოფისა და შესყიდვების სააგენტოსთან  (NSPA – NATO Support Agency). თანამშრომლობის ფარლებში, წარმატებით განხორციელდა პარტნიორობა მშვიდობისათვის ნდობის ფონდის ოთხი პროექტი: ”საქართველო I”, ”საქართველო II”, “საქართველო III” და “საქართველო IV”.

 

პროექტები მიზნად ისახავდა საბრძოლო მასალების დემილიტარიზაციას, აუფეთქებელი საბრძოლო მასალის განადგურებას, სკრის ყოფილი სამხედრო საცავის გაწმენდას ფეთქებადსაშისი ნივთიერებებისგან და საქართველოს თავდაცვის ძალების საინჟინრო ბრიგადის პირადი შემადგენლობის გაწვრთნა/აღჭურვას განაღმვის საერთაშორისო  სტანდარტების მე-3 და მე-4 დონეების შესაბამისად.

 

 

ნატოს პარტნიორობის განათლებისა და წვრთნის ცენტრი (PTEC)/საჩხერის სამთო მომზადების სკოლა

 

პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლა 2006 წელს დაარსდა.  2010 წელს საჩხერის სამთო მომზადების სკოლას ნატო-ს/პარტნიორობა მშვიდობისათვის  (NATO PfP) წვრთნისა და განათლების ცენტრის, შემდგომში პარტნიორობის წვრთნისა და განათლების ცენტრის სტატუსი (PTEC-Partnership Training and Education Centre) მიენიჭა.

საჩხერის სამთო მომზადების სკოლის სასწავლო კურსებს გამოცდილი ქართველი ინსტრუქტორები ხელმძღვანელობენ, რომლებმაც ფრანგულ მხარესთან თანაშრომლობით სამთო მომზადება (ექვსეტაპიანი) სამი წლის განმავლობაში გაიარეს. ინსტრუქტორები კვალიფიკაციის ასამაღლებლად გადამზადებას  საფრანგეთის სამთო მომზადების სკოლაში (EMHM) გადიან.

 

საჩხერის სამთო მომზადების სკოლა ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეებს  ზამთრის და ზაფხულის სამთო მომზადების საბაზისო და შუალედურ კურსებსა და მაღალი მთის ლიდერის კურსს სთავაზობს.

 

 

ნატო-ს დახელოვნების ცენტრები

 

უსაფრთხოების არსებული გარემოსა და საქართველოს თსაქართველო აქტიურად თანამშრომლობს ნატო-ს დახელოვნების ცენტრებთან (Centre of Excellence) სხვადასხვა მიმართულებით, რაც ემსახურება როგორც საქართველოს შესაძლებლობების განვითარებას, ასევე ალიანსის ძალისხმევის მხარდაჭერას სხვადასხვა მიმართულებებით. თავდაცვის პრიორიტეტების გათვალისწინებით, საქართველო აქტიურად თანამშრომლობს ქ. ინგოლშტადში (გერმანია) - სამხედრო საინჟინრო დახელოვნების ცენტრთან; ქ. ტალინში (ესტონეთი) - კიბერუსაფრთხოების დახელოვნების ცენტრთან;  ქ. რიგაში (ლატვია) - სტრატეგიული კომუნიკაციების დახელოვნების ცენტრთან; ქ. ვილნიუსში (ლიეტუვა) - ენერგოუსაფრთხოების დახელოვნების ცენტრთან; ქ. ბუდაპეშტში (უნგრეთი) ნატო-ს სამხედრო სამედიცინო დახელოვნების ცენტრთან; მთაში ბრძოლის დახელოვნების ცენტრთან (სლოვენია). 

 

[1] 2020 წლის ივნისში უკრაინას გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორის სატუსი მიენიჭა.

 

[1] 2017 წელს მონტენეგრო ნატო-ს წევრი სახელმწიფო გახდა, ხოლო ჩრდილოეთ მაკედონია ნატო-შში 2020 წელს გაწევრიანდა.