სამხედრო სამსახური წარმოადგენს სახელმწიფო სამსახურის განსაკუთრებულ სახეს. სამხედრო სამსახურის ერთ–ერთი ფორმაა საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახური.
საკონტრაქტო (პროფესიული) სამსახურის სამხედრო მოსამსახურეებად ითვლებიან პირები, რომლებიც გადიან სამხედრო სამსახურს ხელშეკრულების (კონტრაქტის) საფუძველზე.
საქართველოს თავდაცვის სისტემაში, საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის გასავლელად, კონტრაქტის ფორმას განსაზღვრავს საქართველოს თავდაცვის მინისტრი. კონტრაქტის შესრულების ადგილად ითვლება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ის ქვედანაყოფი, რომელშიც სამსახურს გადის სამხედრო მოსამსახურე.
საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის ვადა განისაზღვრება სამხედრო მოსამსახურესთან გაფორმებული ხელშეკრულების (კონტრაქტი) შესაბამისად. საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მოსამსახურეებთან (გარდა ოფიცრებისა) გასაფორმებელი ხელშეკრულების ვადა შეადგენს 4 წელს, ხოლო ოფიცრებისათვის განსაზღვრული ხელშეკრულებით დადგენილია 5 წლიანი ვადა. ხელშეკრულება შეიძლება გაფორმდეს რამდენჯერმე. პირველი კონტრაქტის (ხელშეკრულების) დასრულების შემდეგ საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურეებს (გარდა ოფიცრებისა) თავდაცვის სამინისტროსთან შეუძლიათ გააფორმონ კონტრაქტი (ხელშეკრულება) ორი ან ოთხი წლის ვადით.
საქართველოს თავდაცვის ძალების საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურში საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ შესაბამის თანამდებობაზე მიიღებიან:
ა) რეზერვის რიგითებისა და კაპრალების, სერჟანტებისა და უმცროს ოფიცერთა შემადგენლობა;
ბ) წვევამდელები 18 წლის ასაკიდან;
გ) ქალები 18 წლის ასაკიდან.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში მიიღება საქართველოს მოქალაქე არანაკლებ 21 წლის ასაკიდან, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას და აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.
სამხედრო საკონტრაქტო (პროფესიულ) სამსახურში ჩარიცხვამდე აღნიშნული პირები გადიან შერჩევას, ხოლო სამხედრო საკონტრაქტო (პროფესიულ) სამსახურში ჩარიცხვის შემდეგ – სპეციალურ კურსს/კურსებს. სპეციალური კურსის/კურსების გავლის შემდეგ პირი ინიშნება თავისი კვალიფიკაციის და წოდების მიხედვით შესაბამის თანამდებობაზე.
საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურის მსურველი პირები შესაბამისი შერჩევის პროცედურების შემდეგ შეიძლება დაინიშნონ რიგითთა, კაპრალთა (კაპრალ-სპეციალისტთა) და სერჟანტთა მუდმივ შტატზე, წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის მიერ ცენტრალიზებულად ორგანიზებული საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის გავლის გარეშე:
ა) თუ მათ მანამდე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში:
ა.ა) გავლილი აქვთ საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) კურსი (არანაკლებ 8 კვირისა), ნამსახურები აქვთ საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურში, დათხოვნილი არიან კონტრაქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის გამო და არ შესრულებიათ 46 წელი;
ა.ბ) გავლილი აქვთ საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) კურსი (არანაკლებ 8 კვირისა) და მოხდილი აქვთ სავალდებულო სამხედრო სამსახური;
ბ) საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურში გასაწვევად შერჩეული 35-დან 46-წლამდე პირები, რომლებსაც გააჩნიათ სამხედრო სააღრიცხვო სპეციალობა ან/და აკმაყოფილებენ თანამდებობისთვის წაყენებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს;
გ) თავდაცვის ძალების სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტში საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურში გასაწვევად შერჩეული პირები, რომლებიც გაივლიან სპეციალიზებულ კურსს;
დ) კაპრალ/სერჟანტთა კატეგორიის სამხედრო წოდების მქონე პირები, რომლებსაც გავლილი აქვთ სერჟანტთა ძირითადი სასწავლო (ათეულის მეთაურის) ან/და უფრო მაღალი დონის კურსი და აკმაყოფილებენ თანამდებობისთვის წაყენებულ სხვა საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.
საკონტრაქტო (პროფესიული) სამსახურის სამხედრო მოსამსახურეთა უფლება-მოვალეობანი, პასუხისმგებლობა და სოციალური დაცვის საკითხები დადგენილია საქართველოს კანონმდებლობით.
სამხედრო მოსამსახურეს ჩადენილი სამართალდარღვევის ხასიათისა და სიმძიმის მიხედვით ეკისრება დისციპლინური, ადმინისტრაციული, სამოქალაქო ან სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა. გადაცდომისთვის, რომელიც დაკავშირებულია სამხედრო დისციპლინისა და მხედრული ღირსების შელახვასთან, სამხედრო მოსამსახურე პასუხს აგებს საერთო-საჯარისო წესდების საფუძველზე.
საკონტრაქტო (პროფესიული) სამსახურის სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო სამსახურიდან დათხოვნა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.