სავალდებულო სამხედრო სამსახური

საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად საქართველოს დაცვა და სამხედრო ვალდებულების მოხდა საამისო უნარის მქონე ყველა მოქალაქის მოვალეობაა. სამხედრო ვალდებულების მოხდის ფორმა განისაზღვრება კანონით (საქართველოს კანონი ,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“).

 

სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლას ექვემდებარება  18-დან 27 წლამდე ასაკის პირი, რომელიც იმყოფება ან ვალდებულია იმყოფებოდეს წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვაზე და რომელსაც არ აქვს სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევისაგან განთავისუფლების ან გაწვევის გადავადების საფუძველი.

 

გაწვევით ვადიანი სამხედრო სამსახურის ვადა შეადგენს  12 თვეს.

 

სამხედრო ვალდებულების მოსახდელად მოქალაქეთა სამხედრო სამსახურში გაწვევა ხდება, როგორც წესი, წელიწადში ორჯერ – გაზაფხულსა და შემოდგომაზე, საქართველოს მთავრობის დადგენილების საფუძველზე.

 

სამხედრო სავალდებულო სამსახური შეიძლება მოხდილ იქნეს საკონტრაქტო სამსახურის ან საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის სახითაც, რისთვისაც  საჭიროა წვევამდელი აკმაყოფილებდეს შესაბამის მოთხოვნებს.

 

სამხედრო სამსახურის დაწყების დღედ ითვლება სამხედრო ნაწილის პირად შემადგენლობაში ან შესაბამისი სამხედრო უწყების სამხედრო სამსახურში ჩარიცხვის დღე, ხოლო დამთავრების დღედ ითვლება დადგენილი ვადის გასვლის შემდგომ, სამხედრო ნაწილის პირადი შემადგენლობის სიიდან ამორიცხვის დღე.

 

სავალდებულო სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეები დებენ სამხედრო ფიცს, მათ ენიჭებათ სამხედრო წოდებები, განთავსდებიან ყაზარმებში და სამხედრო სამსახურს გადიან შესაბამის საშტატო თანამდებობებზე, მათი სპეციალობისა და სამხედრო წოდების მიხედვით.

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში გაწვეულ სავალდებულო სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეს საწყისი საბრძოლო მომზადების პერიოდში დასვენების დღეები განისაზღვრება არანაკლებ სამი შაბათ-კვირა, ხოლო  აღნიშნული მომზადების დასრულებიდან სავალდებულო  სამხედრო სამსახურის ვადის ამოწურვამდე დასვენების დღეები განისაზღვრება ყოველკვირეულად ორი დღე − შაბათი და კვირა. განსაზღვრული დასვენების დღეების გამოყენების უფლება შეიძლება შეიზღუდოს, როდესაც სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს წვრთნებში/სწავლებებში, ასრულებს საყარაულო სამსახურს ან/და სამხედრო მოსამსახურის მიმართ მოქმედებს შესაბამისი საჯარისო წესდებით დადგენილი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა, რომელიც სამხედრო ნაწილიდან დათხოვნის უფლების განსაზღვრული ვადით ჩამორთმევას ითვალისწინებს.

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში გაწვეულ სავალდებულო სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეს (საწყისი საბრძოლო მომზადების დასრულების  შემდეგ),  სამსახურის გავლის პერიოდში, შეუძლია ისარგებლოს  შვებულებით  არაუმეტეს 15 დღის ოდენობით, ხოლო ოჯახური მდგომარეობის გამო ან სხვა საპატიო მიზეზის არსებობისას მას შეიძლება მიეცეს დამატებითი შვებულება, არაუმეტეს 10 დღის ოდენობით.

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში გაწვეულ სავალდებულო სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურის ყოველთვიური წოდებრივი სარგო შეადგენს 63 ლარს.

 

სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან სამხედრო მოსამსახურის დათხოვნა ხდება „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

 

წვევამდელის მიერ სამხედრო სამსახურისათვის თავის არიდება, მათ შორის, ავადმყოფობის სიმულაციით, სხეულის თვითდაზიანებით, ყალბი დოკუმენტის გამოყენებით ან სხვაგვარად მოტყუებით, დასჯადია სისხლის სამართლის კანონმდებლობით.