საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალები არის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს
სტრუქტურული ქვედანაყოფი.
სპეციალური ოპერაციების ძალების ამოცანაა:
ა) სპეციალური ოპერაციების და სხვა სამხედრო მხარდამჭერი ოპერაციების ჩატარება;
ბ) გაერთიანებული ოპერაციების პროცესში მონაწილეობა;
გ) სპეციალური ოპერაციების ქვედანაყოფების წვრთნა და მომზადება.
სპეციალური ოპერაციების კომპეტენციაა:
ა) თავდაცვის ძალებში შემავალ ქვედანაყოფებთან ურთიერთმოქმედებით გაერთიანებული ოპერატიული დაგეგმვის პროცესში მონაწილეობა;
ბ) სრული სპექტრის ოპერაციათა გარემოში, სპეციალური ოპერაციების დავალებათა პირდაპირი მოქმედების, სპეციალური რეკოგნოსცირების და სამხედრო დახმარების დაგეგმვა-განხორციელება;
გ) ძალების მუდმივი მზადყოფნა მკაცრ და შეზღუდულ გარემოში სპეციალური სადაზვერვო და სხვა სამხედრო ოპერაციების შესრულებისათვის, ასევე სამხედრო-სამოქალაქო მოქმედებებში მხარდამჭერი ქვედანაყოფის სახით მონაწილეობისათვის;
დ) დაქვემდებარებული სტრუქტურული და მიმაგრებული საბრძოლო ქვედანაყოფების ოპერატიულ ტაქტიკური მართვა და კონტროლი;
ე) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს ერთიანი ფინანსური პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განხორციელების უზრუნველყოფა, სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე ვალდებულებათა დროული შესრულება, სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება და თავდაცვის ბიუჯეტის ფორმირებაში მონაწილეობის მიღება;
ვ) დაკისრებული ამოცანების განსახორციელებლად, ძალების ქვედანაყოფების კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტება და მათი პროფესიული განვითარებისათვის საბრძოლო მომზადების, საბრძოლო მზადყოფნისა და ბრძოლისუნარიანობის დონის შენარჩუნება და ამაღლება;
ზ) დაქვემდებარებულ ქვედანაყოფებში დისციპლინის დაცვა და უსაფრთხოების ღონისძიებების გატარება, საბრძოლო ოპერაციების, სასწავლო პროგრამების და გეგმების შემუშავება, ლოგისტიკური, საავტომობილო და სამედიცინო მომსახურება, მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით
დაქვემდებარებული ქვედანაყოფების დაკომპლექტების კონტროლი, დაქვემდებარებული ქვედანაყოფების ინფორმაციული სისტემებით უზრუნველყოფის დაგეგმვა/განხორციელება;
თ) თავდაცვის ძალების, უწყებების და საერთაშორისო პარტნიორების წარმომადგენლობებთან თანამშრომლობა გაერთიანებულ, ერთობლივ და მრავალეროვნულ სამხედრო მოქმედებებში ძალთა მზადყოფნისა და მონაწილეობისათვის;
ი) ძალებისათვის და თავდაცვის ძალებში შემავალ ქვედანაყოფებისათვის სპეციალური სწავლებების დაგეგმვა, ჩატარება, მონიტორინგი და ანალიზის განხორციელება, ასევე ჩატარებული სწავლებების შემდგომ შესაბამისი სერტიფიკატის გაცემა;
კ) წყალზე სამოქმედო არეალში სპეციალური ოპერაციების დავალებათა უზრუნველყოფა;
ლ) სპეციალური ოპერაციებისათვის საცეცხლე მხარდაჭერის განხორციელების დაგეგმვა, ასევე განსაზღვრულ დავალებათა ოპერატიული შესრულებისთვის სწრაფი რეაგირების ქვედანაყოფთა მზადყოფნის უზრუნველყოფა;
მ) ძალების სადაზვერვო და უსაფრთხოების საქმიანობის დაგეგმვა და განხორციელება, დაქვემდებარებული სადაზვერვო ქვედანაყოფების საქმიანობის ზედამხედველობა, ასევე ძალებზე დაქვემდებარებულ ქვედანაყოფებში დაცვისა და უსაფრთხოების ღონისძიებების კონტროლი; ძალების
სტრუქტურული ერთეულების დისლოკაციის ადგილების დაცვა;
ნ) ძალებში საქმისწარმოების (მათ შორის საიდუმლო საქმისწარმოების) განხორციელება/კონტროლი, ასევე საფელდეგერო მომსახურება და დოკუმენტაციის შენახვა/დაარქივება;
ო) ძალების საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა;
პ) ძალებში საბრძოლო მომზადების ღონისძიებების დაგეგმვა, ასევე სასწავლო პროგრამების, დოქტრინალური და საველე სახელმძღვანელოების შემუშავების ხელშეწყობა და მისი განხორციელების კონტროლი.