საქართველოს მოქალაქემ, რომელიც წლების განმავლობაში ფაქტობრივად ფლობს თავდაცვის უწყების ბალანსზე არსებულ საცხოვრებელ ან არასაცხოვრებელ ფართს და სურს მისი დაკანონება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 17 ივლისის N445 დადგენილების შესაბამისად, სპეციალურ კომისიას უნდა წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) წერილობითი განაცხადი
ბ) საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) მემკვიდრეობის მოწმობის დამოწმებულ ასლი, თუ განმცხადებელი წარმოადგენს იმ პირის მემკვიდრეს, რომელმაც საცხოვრებელი ან/და არასაცხოვრებელი ფართობის ფლობის (სარგებლობის) უფლება მიიღო მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტის (უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ორდერი, საბინაო კომისიის გადაწყვეტილება, სხვა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, აგრეთვე სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლებიც ადასტურებენ შესაბამის საცხოვრებელ ან/და არასაცხოვრებელ ფართობზე მფლობელობის (სარგებლობის) უფლებას) საფუძველზე;
დ) მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტი (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვა) ან სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც განმცხადებელი კანონიერად ფლობს (სარგებლობს) საცხოვრებელ ან/და არასაცხოვრებელ ფართობს (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ე) არანაკლებ სამი მეზობლის ნოტარიულად დამოწმებულ განცხადება, რომლითაც დასტურდება განმცხადებლის მიერ საცხოვრებელი ან/და არასაცხოვრებელი ფართობის ფლობა (სარგებლობა);
ვ) სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ინფორმაცია საცხოვრებელ ან/და არასაცხოვრებელ ფართობზე სანივთო უფლების, საჯარო სამართლებრივი შეზღუდვისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციის შესახებ;
ზ) საცხოვრებელი ან/და არასაცხოვრებელი ფართობის შიდა აზომვითი ნახაზი, თუ ეს ფართობი მდებარეობს იმ შენობა-ნაგებობაში, რომელიც რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში;
თ) საცხოვრებელი ან/და არასაცხოვრებელი ფართობის შიდა აზომვითი ნახაზი და იმ შენობა-ნაგებობის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, სადაც ეს ფართობი მდებარეობს, თუ ეს შენობა-ნაგებობა რეგისტრირებული არ არის საჯარო რეესტრში;
ი) საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, თუ შესაბამის საცხოვრებელ ან/და არასაცხოვრებელ ფართობთან ერთად გადასაცემი შესაბამისი მიწის ნაკვეთი რეგისტრირებული არ არის საჯარო რეესტრში.