გენერალური შტაბის შესახებ

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი არის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი და ახორციელებს საქართველოს შეიარაღებული ძალების სტრატეგიულ-ოპერატიულ მართვას.

 

გენერალური შტაბი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს დებულებით, საქართველოს კანონმდებლობით, საქართველოს თავდაცვის მინისტრისა და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის სამართლებრივი აქტებით.

 

გენერალური შტაბის ფუნქციები და ამოცანებია:

 

  • თავდაცვის პოლიტიკის დაგეგმვაში, სამხედრო საფრთხის შეფასებაში მონაწილეობა, შეიარაღებული ძალებისათვის სტრატეგიულ-ოპერატიული გეგმების მომზადება და სტრატეგიულ-ოპერატიული მიმართულებების განსაზღვრა;

 

  • საგანგებო და/ან საომარი მდგომარეობის, აგრეთვე სხვა განსაკუთრებული სიტუაციების პირობებში არსებული ჯარის სახეობის ბაზაზე გაერთიანებულ ძალთა ოპერატიული და ტაქტიკური დაჯგუფებების ჩამოყალიბება და მათი მოქმედების კონტროლი;

 

  • საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისთან ერთად საქართველოს შეიარაღებული ძალების წვრთნისა და საბრძოლო მომზადების პოლიტიკის შემუშავება და მისი განხორციელების ზედამხედველობა;

 

  • სამხედრო განათლების პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა, სამხედრო კადრების მომზადებისა და გადამზადების საკითხების გადაწყვეტა;

 

  • შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის გეგმების შემუშავება;

 

  • შეიარაღებული ძალების ჯარის სახეობის მართვა;

 

  • სამხედრო ძალების რეზერვის მომზადების, გამოყენების დაგეგმვა და კოორდინაცია;

 

  • საომარი მდგომარეობის დროს სამხედრო ძალების მართვა და კონტროლი;

 

  • საქართველოს შეიარაღებული ძალების ლოგისტიკური ოპერაციებისა და ლოგისტიკური მარაგების დაგეგმვა;

 

  • შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკით, შეიარაღებით,აღჭურვილობით, საბრძოლო მასალითა და სხვა სამხედრო ქონებით უზრუნველსაყოფად წინადადებების მომზადება და საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის წარდგენა;

 

  • შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფა და კონტროლი;

 

  • სამხედრო დაზვერვის სტრატეგიისა და პოლიტიკის განსაზღვრაში მონაწილეობა, სადაზვერვო საქმიანობის განხორციელება;

 

  • საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის ღონისძიებების დაგეგმვაში მონაწილეობა და მათი შესრულების კონტროლი თავისი კომპეტენციის ფარგლებში;

 

  • საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემებით უზრუნველყოფისა და განვითარების დაგეგმვა, კოორდინაცია და კონტროლი;

 

  • კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელება;

 

  • შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დაქვემდებარებაში არსებული ჯარის სახეობისა და ქვედანაყოფების სტრუქტურებისა და საშტატო ნუსხების პროექტების შემუშავება;

 

  • შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის, აგრეთვე თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის სამხედრო მოსამსახურეთა საკადრო (გაწვევა, დანიშვნა, გადაადგილება, დაწინაურება,პროფესიული განვითარება, წოდების მინიჭება, წახალისება, დათხოვნა, გათავისუფლება)უზრუნველყოფა;

 

  • სამხედრო მოსამსახურეების, საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნილი პირების, ასევე სამხედრო სამსახურის გავლის დროს საომარი მოქმედებების შედეგად და სამშვიდობო მისიებში დაჭრილ-დასახიჩრებული, ტრავმირებული, უგზო-უკვლოდ დაკარგული და დაღუპული სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრების სოციალური მხარდამჭერი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება კომპეტენციის ფარგლებში;

 

  • საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ინსპექტირება;

 

  • სამხედრო ძალების რეზერვის მობილიზაციის სისტემის მართვისა და განვითარების დაგეგმვა;

 

  • სამხედრო პოლიტიკის დაგეგმვა, კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის კოორდინაცია, საქართველოს შეიარაღებული ძალების სამომავლო სტრუქტურებისა და მათი განვითარების კონცეფციების შემუშავება, საინფორმაციო ოპერაციების სტრატეგიის განსაზღვრა;

 

  • სამედიცინო უზრუნველყოფის მიმდინარე და პერსპექტიული გეგმების შემუშავება და მათი განხორციელების მონიტორინგი, სამედიცინო ქონებითა და სამკურნალწამლო საშუალებებით უზრუნველყოფის დაგეგმვა, მომარაგება და მათ მიმოქცევაზე კონტროლი; სანიტარიულ-ჰიგიენური და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შეფასება და გასატარებელი ღონისძიებების დაგეგმვა;