ცენტრის ამოცანებია:
სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეებით და შრომითი ხელშეკრულებით დასაქირავებელი (გარდა კერძო და საჯარო სამართლის იურიდიული პირების) სამოქალაქო პერსონალით დროული და ხარისხობრივი დაკომპლექტების უზრუნველყოფა;
სამინისტროს სისტემის სამხედრო პერსონალის მართვის პოლიტიკიდან გამომდინარე, სამხედრო მოსამსახურეთა რეკრუტირების, შერჩევის, გადანაწილება-დანიშვნის, სამხედრო სააღრიცხვო სპეციალობათა მინიჭების, მომზადება-გადამზადების, პროფესიული განვითარების, განათლების მიღების და შენარჩუნების უზრუნველყოფა;
სამინისტროს სისტემის სამხედრო პერსონალის კარიერის დაგეგმვისა და მართვის უზრუნველყოფა;
სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილ პირთა სამოქალაქო საზოგადოებაში რეინტეგრაციის და სოციალური გარანტიების საკითხების უზრუნველყოფა კომპეტენციის ფარგლებში.
ცენტრის კომპეტენციაა:
სამინისტროს სისტემის ქვედანაყოფების სამხედრო მოსამსახურეებითა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქირავებელი (გარდა კერძო და საჯარო სამართლის იურიდიული პირების) სამოქალაქო პერსონალით დაკომპლექტება;
რეკრუტების, საკონტრაქტო (პროფესიული) და კადრის სამხედრო მოსამსახურეთა, თავდაცვის ძალებში სხვა უწყებიდან გადმოსულ სამხედრო მოსამსახურეთა, თავდაცვის ძალების სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვეულ პირთა დანიშვნა-გადანაწილება და შენარჩუნება;
სამხედრო მოსამსახურეთა განათლების, პიროვნული, პროფესიული თვისებების და შესაძლებლობების შესწავლის საფუძველზე, ასევე სამინისტროში დადგენილი სამხედრო პერსონალის პოლიტიკისა და მართვის პროცედურების ფარგლებში, ოფიცერთა და სერჟანტთა კარიერული განვითარებისა და მართვის ღონისძიებების განხორციელება;
სამხედრო პერსონალის მართვის (გაწვევა, თანამდებობაზე დანიშვნა, გადაადგილება, მორიგი სამხედრო წოდების მინიჭება, დათხოვნა და ა.შ.) და ადმინისტრირების (მივლინება, შვებულება და ა.შ.) საკითხებთან დაკავშირებით პერსონალის ბრძანების პროექტების მომზადება კომპეტენციის ფარგლებში;
სამხედრო მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოება და მათი აღრიცხვა;
სამხედრო სამსახურის გავლასთან დაკავშირებით სამხედრო მოსამსახურეებთან და ხელშეკრულებით დასაქირავებელ სამოქალაქო პირებთან შესაბამისი კონტრაქტების (ხელშეკრულებების) გაფორმების უზრუნველყოფა, სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა სამსახურებრივი პირადობის (პლასტიკური) მოწმობების და ჟეტონების დამზადება, აღრიცხვიანობა და გაცემის ორგანიზება;
შესაბამისი წარდგინებების საფუძველზე სამხედრო მოსამსახურეების და/ან უცხო ქვეყნების წარმომადგენელთა სახელმწიფო და უწყებრივ ჯილდოებზე დასაჯილდოებლად წარდგენისთვის დოკუმენტაციის მომზადება;
თავდაცვის ძალების პერსონალის შესახებ სხვადასხვა სახის რაოდენობრივი და თემატური მოხსენებების და აღნიშნულიდან გამომდინარე, საჭიროების შემთხვევაში, ოპტიმიზაციის შესახებ წინადადებების მომზადება და წარდგენა;
კომპეტენციის ფარგლებში სამხედრო მოსამსახურეთა მიერ სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლების მისაღებად საჭირო დოკუმენტაციის მომზადება;
საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, თავდაცვის ძალების მოქმედ სამხედრო მოსამსახურეთა, თავდაცვის ძალების რიგებიდან დათხოვნილ პირთა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლთა, სამხედრო სამსახურის გავლის დროს, საომარი მოქმედებების შედეგად და სამშვიდობო მისიებში დაღუპულთა, დასახიჩრებულთა, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალურ-სამართლებრივი გარანტიების უზრუნველსაყოფად, საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა კომპეტენციის ფარგლებში და ამ მიზნით სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან იმ დოკუმენტების დამოწმებული ასლებისა და სხვა მტკიცებულებების გამოთხოვა, რომლებიც შეიცავენ პერსონალურ მონაცემებს.