თანამშრომლობა აშშ-სთან

საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს აკავშირებთ მდიდარი და მრავალმხრივი ურთიერთობა. შეერთებულმა შტატებმა საქართველოს დამოუკიდებლობა ოფიციალურად 1992 წელს აღიარა, თუმცა, თავდაცვის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავება 2001 სექტემბრიდან იღებს სათავეს, როდესაც საქართველო  ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას შეუერთდა.

აღნიშნულის შემდეგ, აშშ-სა და საქართველოს შორის ჩამოყალიბდა ძლიერი და მზარდი ურთიერთობა თავდაცვის სფეროში. ორმხრივი თანამშრომლობა მნიშვნელოვნად უწყობს ხელს თავდაცვის რეფორმებისა და მოდერნიზაციის პროცესს, აუმჯობესებს საქართველოს თავდაცვისუნარიანობასა და თავსებადობას ნატო-ს და კოალიციურ ძალებთან.

 

საქართველოსა და ამერიკი შეერთებული შტატების ორმხრივი ურთიერთობების განვითარება

 

2002 წელს ამერიკის შეერთებული შტატების ინიციატივით დაიწყო საქართველოს წვრთნისა და აღჭურვის პროგრამა (GTEP), რომელიც დახმარებას უწევდა საქართველოს უსაფრთხოების სამსახურებს პანკისის ხეობის მთიან საზღვრისპირა რეგიონში, მეამბოხეებისგან მომდინარე შიდა ტერორისტული საფრთხეების მოგერიებაში.

2005 წელს, წვრთნისა და აღჭურვის პროგრამა (GTEP) გარდაიქმნა სტაბილურობის შენარჩუნების ოპერატიულ პროგრამად (SSOP და SSOP II), რომელიც ერაყის მშვიდობის მხარდამჭერ ოპერაციებისთვის წვრთნიდა და ამზადებდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებსა და სამეთაურო შტაბს.

„ოპერაცია ერაყის გათავისუფლებისთვის“ დაწყებიდან 2008 წლის აგვისტომდე, 7800 ქართველმა ჯარისკაცმა შეერთებული შტატების ძალებთან ერთად იმსახურა ერაყში.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, აშშ-ის ევროპულმა სარდლობამ განახორციელა საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოვლისმომცველი შეფასება. აღნიშნულმა განსაზღვრა, რომ თანამშრომლობის მთავარი ფოკუსი უნდა ყოფილიყო თავდაცვის სექტორის რეფორმის ხელშეწყობა, თავდაცვის ინსტიტუტებისა და სტრატეგიული და საგანმანათლებლო საფუძვლების შექმნა, რაც ხელს შეუწყობდა აუცილებელი წვრთნების, განათლებისა და რაციონალური ძალის სტრუქტურის დაგეგმვასა და შესყიდვების განხორცილებას.

აღნიშნული პროცესების დინამიკამ საფუძველი ჩაუყარა აშშ-საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის განვითარებას, რომელსაც 2009 წლის 9 იანვარს ხელი მოაწერა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.

სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიაზე ხელმოწერისთანავე განხორციელდა  რამდენიმე მნიშვნელოვანი მიღწევა, კერძოდ:

  • 2010-2014 წლების თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის დოკუმენტის დასრულება.

  • ახალი ეროვნული სამხედრო სტრატეგიის გამოქვეყნება.

  • სამხედრო პერსონალის მართვის სისტემის ძირითადი ინიციატივების განხორციელება.

  • საქართველოს შეიარაღებული ძალების სტრუქტურული რეორგანიზაცია.

პროგრესი ასევე მიღწეულ იქნა პროფესიულ სამხედრო განათლებაში, კერძოდ:

  • ეროვნული თავდაცვის აკადემიის განვითარება, რაც ასევე მოიცავს ოფიცერთა საბაკალავრო პროგრამას.

  • საქართველოს სიმულაციური სასწავლო ცენტრის ჩამოყალიბება.

  • საქართველოს სამეთაურო და საშტაბო სწავლების კურსის განვითარება.

ამავე პერიოდში წარმოიშვა აშშ-სთან თანამშრომლობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება - აშშ-ის მხარდაჭერა ნატო-ს ეგიდით წარმოებულ ოპერაციებში, კერძოდ 2009 წლის შემოდგომაზე ჩამოყალიბდა საქართველოს გადასროლის პროგრამა - უსაფრთხოების მხარდამჭერი საერთაშორისო ძალები (GDP-ISAF). 2014 წელს პროგრამა ჩანაცვლდა საქართველოს გადასროლის პროგრამა - მტკიცე მხარდაჭერის მისიით (GDP-RSM).

ამჟამად ქართული მხარე მონაწილეობს ნატო-ს მტკიცე მხარდაჭერის მისიაში (RSM) 870 სამხედრო მოსამსახურით. საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი და ერთი სული მოსახლით  ნომერ პირველი კონტრიბუტორი „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში.

 

თანამშრომლობის მთავარი მექანიზმები

 

2016 წლის 6 ივლისს, აშშ-სა და საქართველოს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობის გაღრმავების შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. აღნიშნულის საფუძველზე, 2016 წლის 6 დეკემბერს, საქართველომ და აშშ-მ ხელი მოაწერეს უსაფრთხოების სფეროში 2016-2019 წლებისთვის  თანამშრომლობის ჩარჩო ხელშეკრულებას. ხელმოწერილი დოკუმენტით აშშ-საქართველოს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადავიდა, რაც აისახა ორმხრივი დაგეგმვის პროცესების გაუმჯობესებაში, კერძოდ მოკლევადიანი დაგეგმვა ჩანაცვლდა საშუალოვადიანი დაგეგმვით  და მოხდა ძალისხმევის კონცენტრაცია საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის დონის ამაღლებასა და სტრატეგიული მზადყოფნის  და შენარჩუნების უზრუნველყოფის ინსტიტუციური სისტემების განვითარებაზე.

 

საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა

 

2016 წლის პირველ ნახევარში საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ და აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტმა დაიწყეს კონსულტაციები ახალი პროგრამის დაწყების თაობაზე, რომელიც უზრუნველყოფდა  საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებას, ქვედანაყოფების დაკომპლექტების, წვრთნის, აღჭურვის და ძალების შენარჩუნების მდგრადი ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარებას.  კონსულტაციების შედეგად დაფუძნდა საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა.

საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა  წარმოადგენს ორი კომპონენტის ერთობლიობას: მზადყოფნის პროგრამა წვრთნა (GDRP-T) და მზადყოფნის პროგრამა - ინსტიტუციური განვითარება (GDRP-I). GDRP-I ამჟამად მიმდინარეობს, ხოლო GDRP-T- ის განხოციელბა 2018 წლის მაისში დაიწყება.

 

საბრძოლო მომზადების ცენტრის განვითარება

 

საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის პარალელურად აშშ-ის ფინანსური და პრაქტიკული მხარდაჭერით მიმდინარეობს ინტეგრირებული, ვირტუალური და კონსტრუქციული საბრძოლო მომზადების ცენტრის (CTC) განვითარება, რომელიც უზრუნველყოფს ქვედანაყოფების მომზადებას და შეფასებას.

 

საერთაშორისო სწავლებები

 

საქართველო ყოველწლიურად მონაწილეობს აშშ-ს მიერ ორგანიზებულ  წვრთნებსა და სწავლებებში. აღსანიშნავია ქართულ-ამერიკული მრავალეროვნული სავლება AGILE SPIRIT და NOBLE PARTNER, რომელიც ტარდება საქართველოს ტერიტორიაზე.

2011 წლიდან ტარდება მრავალეროვნული სწავლება Agile Spirit, რომლის მიზანია თავისუფალი ნაოსნობის, საქართველოს შეიარაღებული ძალების შესაძლებლობებისა და თავსებადობის და დასავლეთ საქართველოში საწვრთნელი შესაძლებლობების განვითარება.

სწავლება  NOBLE PARTNER 2015 წლიდან ტარდება. სწავლების მიზანია თავისუფალი გადაადგილების განვითარება, საექსპედიციო შესაძლებლობების დემონსტრირება, საქართველოს ტერიტორიულ თავდაცვასთან დაკავშირებული ამოცანების შესრულება და გაერთიანებული სახმელეთო ძალების შესაძლებლობებისა და თავსებადობის განვითარება.

 

პროგრამა „პარტნიორობა ქვეყნებს შორის“(SPP) და ორმხრივი თანამშრომლობის ოფისი (BAO)

 

1994 წლიდან საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის „პარტნიორობა ქვეყნებს შორის“ პროგრამა (SPP) მტკიცე მხარდაჭერის ერთ-ერთი უპირველესი მექანიზმია, როგორც საგანმანათლებლო, ასევე ფინანსური მხარდაჭერის მიმართულებით. „პარტნიორობა ქვეყნებს შორის“ პროგრამა არ მოიცავს მხოლოდ ეროვნული გვარდიის შესაძლებლობების განვითარებას, არამედ ითვალისწინებს დახმარებას ისეთ კრიტიკულ დარგებში, როგორიცაა ლოგისტიკა, კიბერ სივრცის ოპერაციები, სტიქიური უბედურებებისთვის მზადყოფნა, სამართალი, მედიცინა, გენერალური ინსპექცია, საავიაციო შესაძლებლობების განვითარება და სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახების მხარდაჭერა. გარდა ამისა, საქართველოს ეროვნული გვარდია ატარებს გაცნობით ღონისძიებებსა და წვრთნებს, მონაწილეობს ეროვნული სწავლებებში და მხარს უჭერს ჰუმანიტარული სამოქალაქო დახმარების პროექტებს.

 

მხარდაჭერა  დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეთა და მათი ოჯახებისადმი

 

თანამშრომლობის კიდევ ერთ მიმართულებას წარმოადგენს დაჭრილ/დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა  სამკურნალო შესაძლებლობების განვითარება. დაჭრილი ქართველი სამხედროებისა და BAC-G პროგრამა ჩამოყალიბდა დაჭრილი ქართველი სამხედროების ინტეგრირებული და ინტერდისციპლინარული რეაბილიტაციის პროგრამის უზრუნველსაყოფად.

 

პროგრამის მხარდაჭერის მიზნით აშშ-ს დაფინანსებით საქართველოში მოვლენილია მუდმივი მრჩეველი. გარდა ამისა, მობილური საკონტაქტო ჯგუფები უზრუნველყოფენ სპეციალიზირებული გამოცდილებისს გაზიარებას სხვადასხვა სარეაბილიტაციო დისციპლინებში.

2018 წელს საქართველო დაიწყებს ახალი მრავალპროფილური სარეაბილიტაციო  ინფრასტრუქტურის მშენებლობას, წეროვანის მარო მაყაშვილის სახელობის სარეაბილიტაციო ცენტრის  ტერიტორიაზე, რომელიც მოემსახურება დაჭრილ/დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებსა და მათი ოჯახის წევრებს.

ამ დაწესებულების ინვესტიცირება ხორციელდება აშშ-ს საგარეო სამხედრო დაფინანსებით.

 

ნატოს სწრაფი რეაგირების ძალები

 

2013 წელს, აშშ და საქართველო შეთანხმდნენ საქართველოს შეიარაღებული ძალების ერთი ქვეითი ასეულის ნატო-ს საპასუხო ძალებში (NRF) ჩართულობით კიდევ უფრო გაეძლიერებინათ ნატოსთან თავსებადობა. 2013 წლიდან აშშ დახმარებას უწევს საქართველოს შეიარაღებულ ძალებს ნატო-ს საპასუხო ძალებში მონაწილეობისათვის მომზადების პროცესში.

 

ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი (SNGP)

 

აშშ-ს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ძირითად ჯგუფის მოადგილის თანამდებობაზე მოვლენილი ჰყავს ექსპერტი, რომელიც პასუხისმგებელია პაკეტის ფარგლებში განსაზღვრული ინიციატივების განხორციელების კოორდინაციასა და მონიტორინგზე. დამატებით, აშშ არის ლოგისტიკის ინიციატივის ხელმძღვანელი ქვყანა და გამოყოფილი ყავს მუდმივი ექსპერტი.

საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა წარმატებით მიაღწია ლოგისტიკის ინიციატივის ფარგლებში აღებულ  ვალდებულებებს, რაც 2018 წლის გაზაფხულს ინიციატივის დასრულების საშუალებას იძლევა.

 

ლოგისტიკის წელი

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ 2018 წელი დაასახელა ლოგისტიკის წლად, რათა ხელი შეუწყოს მრავალწლიანი ლოგისტიკის ინიციატივების პრიორიტიზირებას. ეს გადაწყვეტილება აშშ-ს თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილის ქ-ნ ლორა კუპერთან 2017 წლის ოქტომბრის  აშშ-საქართველოს  ორმხრივი თავდაცვის კონსულტაციების ფარგლებში დამტკიცდა და აისახება განახლებულ უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ჩარჩო დოკუმენტში. აშშ საქართველოს შეიარაღებული ძალების ლოგისტიკის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციას დამატებითი წვრთნების, სწავლებების და ღონისძიებებით დაუჭერს მხარს.

 

საგანმანათლებლო პროგრამები

 

საერთაშორისო სამხედრო განათლება და წვრთნები (IMET):

საერთაშორისო სამხედრო განათლებისა და წვრთნების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება შეიარაღებული ძალების სამხედრო და სამოქალაქო პერსონალის გადამზადება აშშ-ის სამხედრო სასწავლებლებში. პროგრამა მოიცავს, როგორც მაღალი დონის, ასევე საშუალო და საწყისი მომზადების კურსებს ოფიცრებისა და სერჟანტებისთვის.

კონტრ-ტერორისტული სწავლების პროგრამა  (CFTP):

კონტრ-ტერორისტული სწავლების პროგრამა ყოველწლიურად აფინანსებს მაღალი დონის კურსებს აშშ-ს თავდაცვის ეროვნულ აკადემიასა და ეროვნულ სამხედრო კოლეჯში, ასევე მოკლევადიან კურსებს სპეციალური ოპერაციების ძალების პერსონალისათვის.

ჯორჯ მარშალის სახელობის უსაფრთხოების სწავლების ევროპული ცენტრი:

ჯორჯ მარშალის სახელობის უსაფრთხოების სწავლების ევროპული ცენტრი (George C. Marshall Center for Security Studies) ყოველწლიურად გვთავაზობს სასწავლო ადგილებს უსაფრთხოების სასწავლო პროგრამასა და სხვა კურსებზე.

 

მრჩეველთა ჯგუფები

 

CUBIC Defense Applications Inc.-ის მრჩეველთა ჯგუფების დაფინანსება ხორციელდება საქართველოსთვის განკუთვნილი აშშ-ის საგარეო სამხედრო დაფინანსების (FMF) ფონდიდან. ჯგუფები დახმარებას უწევენ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებულ ძალებს თავდაცვის ტრანსფორმაციაში, ეროვნული თავდაცვის აკადემიას სამეთაურო საშტაბო კურსის განვითარებაში და ნატო საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს სიმულაციური პროგრამების გამოყენება-უზრუნველყოფაში.

 

საგარეო სამხედრო დაფინანსება (FMF)

 

საქართველოს 1997 წლიდან აშშ-ის საგარეო სამხედრო დაფინანსების ფარგლებში მიღებული აქვს $239 მლნ-ზე მეტი. 2017 წელს საქართველომ მიიღო 37 მილიონი აშშ დოლარი.

საგარეო სამხედრო დაფინანსების ფარგლებში გამოყოფილი თანხები სრულად არის გადანაწილებული წვრთნებისა და აღჭურვის პროგრამებზე და შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების განვითარებას ხმარდება.