პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლა 2004 წლის 17 თებერვალს, საჩხერის სამთო მომზადება-გადამზადების სკოლის სახით დაარსდა. სასწავლებელი საჩხერის მე-16 სამთო ბატალიონის ბაზაზე შეიქმნა, რომელიც 1991 წლის 1 ივნისს, ბესიკ ქუთათელაძემ ჩამოაყალიბა. 2006 წელს, საჩხერის სამთო მომზადება-გადამზადების სკოლა საჩხერის სამთო მომზადების სკოლად გარდაიქმნა და ამჟამად, საქართველოს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობას ექვემდებარება.
2010 წელს, ნატოს ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, საჩხერის სამთო მომზადების სკოლას ნატოს „პარტნიორობა მშვიდობისთვის“ პროგრამის სამთო მომზადების და განათლების ცენტრის სტატუსი მიენიჭა. საქართველოსა და საფრანგეთს შორის დადებული ორმხრივი ხელშეკრულების საფუძველზე, საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში, სასწავლო კურსების არაერთი პროგრამა შეიქმნა საცეცხლე, სამაშველო, ტექნიკურ და ტაქტიკურ მომზადებაში. კურსებს გამოცდილი ქართველი ინსტრუქტორები ხელმძღვანელობენ, რომლებმაც ფრანგულ მხარესთან თანაშრომლობით, ექვსეტაპიანი სამთო მომზადება სამი წლის განმავლობაში გაიარეს.
საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში, საქართველოს თავდაცვის ძალების, ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეები რეგულარულად გადიან საცეცხლე და სამაშველო სწავლებებს, როგორიცაა: „სამთო-ტექნიკური კურსი“, „სამთო-სამაშველო კურსი“, „მაღალ მთაში სროლის კურსი“, „სამთო-ტაქტიკური კურსი“, „სამთო მომზადების ზაფხულის საბაზისო კურსი“, „სამთო მომზადების ზაფხულის შუალედური კურსი“, „სამთო მომზადების ზამთრის საბაზისო კურსი“, „სამთო მომზადების ზამთრის შუალედური კურსი “, „ზაფხულის სამთო მომზადების ჯგუფის უფროსის კურსი“.
ვებ გვერდი: http://sachkhere.mod.gov.ge/