ოფიცერთა საფეხურებრივი განათლების სისტემა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ოფიცერთა სამხედრო  განათლება შედგება ოთხი საფეხურისაგან, რომლებიც მოიცავს პროგრამებს:

 

1. ოფიცერთა საწყისი სამხედრო განათლება (ტაქტიკური დონე):

 

საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა ზოგადი მიმოხილვა

 

სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია წარმოადგენს სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას. იგი უზრუნველყოფს აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის და საწყისი სამხედრო განათლების მიღებას.

 

აკადემიის დამთავრების შემდეგ იუნკერებს ეძლევათ მინიჭებული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დიპლომი და მიენიჭებათ ოფიცრის პირველადი სამხედრო წოდება - ,,ლეიტენანტი”. ისინი სწავლას გააგრძელებენ ოფიცრის ძირითადი სამხედრო განათლების უმცროს ოფიცერთა მომზადების პროგრამის პირველ საფეხურზე. პროგრამის დამთავრების შემდეგ ოფიცერი ვალდებულია კონტრაქტით გათვალისწინებული ვადით იმსახუროს თავდაცვის ძალებში უმცროსი ოფიცრის თანამდებობაზე.

 

პროგრამის მიზანია საქართველოს თავდაცვის ძალებს მოუმზადოს სამეთაურო უნარ-ჩვევების მქონე ოფიცრები (,,ლეიტენანტი”), რომლებსაც ეცოდინებათ საერთო საჯარისო მართვის საფუძვლები და შეძლებენ სამხედრო განათლების სისტემის შესაბამის დონეზე სწავლის გაგრძელებას.

 

უმცროს ოფიცერთა საკანდიდატო მომზადების პროგრამა

 

უმცროს ოფიცერთა საკანდიდატო მომზადების პროგრამაზე მიღებული სამხედრო მოსამსახურეებს და სამოქალაქო პირებს პროგრამის დამთავრების შემდეგ მიენიჭებათ ოფიცრის პირველადი სამხედრო წოდება - ,,ლეიტენანტი”. ისინი სწავლას გააგრძელებენ ოფიცრის ძირითადი სამხედრო განათლების უმცროს ოფიცერთა მომზადების პროგრამის პირველ საფეხურზე. პროგრამის დამთავრების შემდეგ ოფიცერი ვალდებულია კონტრაქტით გათვალისწინებული ვადით იმსახუროს თავდაცვის ძალებში უმცროსი ოფიცრის თანამდებობაზე.

 

პროგრამის მიზანია საქართველოს თავდაცვის ძალებს მოუმზადოს სამეთაურო უნარ-ჩვევების მქონე ოფიცრები (,,ლეიტენანტი”), რომლებსაც ეცოდინებათ საერთო საჯარისო მართვის საფუძვლები და შეძლებენ სამხედრო განათლების სისტემის შესაბამის დონეზე სწავლის გაგრძელებას.

 

სასწავლებლად მიიღებიან უმაღლესი განათლების მქონე: სამოქალაქო პირები და საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურში მყოფი სამხედრო მოსამსახურეები - რიგითები, კაპრალები და სერჟანტები, რომლებიც გაივლიან სამედიცინო და ფსიქოლოგიურ შემოწმებას, ტესტირებას ფიზიკურ მომზადებაში, გასაუბრებას ან/და ტესტირებას;

 

რეზერვის უმცროს ოფიცერთა (ლეიტენანტი) მომზადების პროგრამა

 

მსმენელებს პროგრამის დამთავრების შემდეგ  ეძლევათ სამხედრო განათლების დიპლომი და მიენიჭებათ ოფიცრის პირველადი სამხედრო წოდება ,,ლეიტენანტი”. ისინი სწავლას გააგრძელებენ ოფიცრის ძირითადი სამხედრო განათლების უმცროს ოფიცერთა მომზადების პროგრამის პირველ საფეხურზე. პროგრამის დამთავრების შემდეგ ოფიცერი ვალდებულია კონტრაქტით გათვალისწინებული ვადით იმსახუროს თავდაცვის ძალებში უმცროსი ოფიცრის თანამდებობაზე. სამსახურის სავალდებულო ვადის ამოწურვის შემდეგ, მას საშუალება ეძლევა გააგრძელოს სამხედრო სამსახური ან დათხოვნილ იქნეს და ჩაირიცხოს რეზერვის შემადგენლობაში.

 

პროგრამის მიზანია საქართველოს თავდაცვის ძალებს მოუმზადოს სამეთაურო უნარ-ჩვევების მქონე ოფიცრები (,,ლეიტენანტი”), რომლებსაც ეცოდინებათ საერთო საჯარისო მართვის საფუძვლები და შეძლებენ სამხედრო განათლების სისტემის შესაბამის დონეზე სწავლის გაგრძელებას.

 

სასწავლებლად მიიღებიან საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ჩაირიცხნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში. გაივლიან სამედიცინო და ფსიქოლოგიურ შემოწმებას, ტესტირებას ფიზიკურ მომზადებაში და გასაუბრებას.

 

2. ოფიცერთა ძირითადი სამხედრო განათლება (ტაქტიკური დონე):

 

უმცროს ოფიცერთა მომზადების პროგრამა (I საფეხური)

 

სამხედრო მოსამსახურეები, რომლებსაც მიენიჭებათ ოფიცრის პირველადი სამხედრო წოდება, შემდგომში გაივლიან უმცროს ოფიცერთა მომზადების შესაბამისი სპეციალიზაციის პროგრამას. სწავლის დამთავრების შემდეგ ოფიცრებს ეძლევათ ძირითადი სამხედრო განათლების დიპლომი და ენიჭებათ სამხედრო სააღრიცხვო სპეციალობის კოდი. პროგრამის დამთავრების შემდეგ ოფიცერი ვალდებულია კონტრაქტით გათვალისწინებული ვადით იმსახუროს თავდაცვის ძალებში უმცროსი ოფიცრის შესაბამის ან მასთან გათანაბრებულ თანამდებობაზე.

 

პროგრამის მიზანია საქართველოს თავდაცვის ძალებს მოუმზადოს თანამედროვე, მაღალკვალიფიციური, სამხედრო სააღრიცხვო სპეციალობების შესაბამისი ტაქტიკურ-ტექნიკური ცოდნის დონის, სამეთაურო უნარ-ჩვევების მქონე ოცეულის მეთაურები.

 

სასწავლებლად მიიღებიან სსიპ - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის  აკადემიის საბაკალავრო, უმცროსი ოფიცერთა საკანდიდატო და რეზერვის უმცროს ოფიცერთა მომზადების პროგრამაგავლილი ოფიცრები ,,ლეიტენანტის“ სამხედრო წოდებით.

 

კაპიტნის საკარიერო მომზადების პროგრამა (II საფეხური)

 

კაპიტნის საკარიერო პროგრამა წარმოადგენს ოფიცერთა ძირითადი სამხედრო განათლების მეორე საფეხურს. იგი უზრუნველყოფს ოფიცრებისთვის ტაქტიკური დონის მეორე საფეხურის სამხედრო განათლების მიღებას, რომელთაც შეეძლებათ: ასეულის, მასთან გათანაბრებული ქვედანაყოფის მართვა; ბატალიონის, ბრიგადის და მასთან გათანაბრებული ქვედანაყოფების შტაბებში კაპიტნის და მაიორის თანამდებობებზე ფუნქციონალური მოვალეობების შესრულება.

 

პროგრამის მიზანია ასეულის მეთაურთა, ბატალიონის და ბრიგადის შტაბის ოფიცრების მომზადება, რომლებიც შეძლებენ ტაქტიკურ დონეზე საბრძოლო მომზადების, საბრძოლო მოქმედებების და ბრძოლის უზრუნველყოფის დაგეგმვას, სამეთაურო უნარ-ჩვევების გამომუშავებას და პრაქტიკულ გამოყენებას.

 

სასწავლებლად მიიღებიან  სამხედრო მოსამსახურეები უფროსი ლეიტენანტის, კაპიტნის, მაიორის სამხედრო წოდებით, რომლებსაც დამთავრებული აქვთ ოფიცერთა ძირითადი სამხედრო განათლების (ტაქტიკური დონე) უმცროს ოფიცერთა  მომზადების პროგრამა (I საფეხური) და დანიშნული ან გათვალისწინებულნი არიან დასანიშნად: ასეულის მეთაურის მოადგილის, ასეულის მეთაურის, ბატალიონის/ბრიგადის შტაბის ოფიცრების ან მათთან გათანაბრებულ თანამდებობებზე.

 

3. ოფიცერთა შუალედური სამხედო განათლება (ოპერატიულ-ტაქტიკური დონე):

 

სამეთაურო საშტაბო პროგრამა

 

საქართველოს თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის სამეთაურო საშტაბო კოლეჯის სამეთაურო-საშტაბო პროგრამა, სახმელეთო ძალების ყველა გვარეობისთვის წარმოადგენს, შუალედური სამხედრო განათლების საფეხურს, რომელიც უზრუნველყოფს ტაქტიკურ ოპერატიულ დონეზე ოფიცრების (მაიორი, ვიცე-პოლკოვნიკი) მომზადებას, რომლებსაც შეეძლებათ უხელმძღვანელონ ბატალიონს (ბრიგადას) და იმსახურონ ტაქტიკურ და ოპერატიული დონის შტაბებში შესაბამის თანამდებობებზე. პროგრამის დამთავრების შემდეგ ეძლევათ შესაბამისი სამხედრო განათლების დიპლომი. 

 

პროგრამის მიზანია საქართველოს თავდაცვის ძალების უფროსი ოფიცრებისათვის  თანამედროვე სამხედრო განათლების მიცემა, ტაქტიკურ და ოპერატიულ დონეზე სამეთაურო და საშტაბო უნარ-ჩვევების განვითარება, რათა არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე ოფიცრებმა შეძლონ, დაგეგმონ და აღასრულონ ოპერაციები და სამხედრო კამპანიები.

 

სასწავლებლად მიიღება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურე, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს:

ა) მინიჭებული აქვს „მაიორი“-ს ან „ვიცე-პოლკოვნიკის“ სამხედრო წოდება, გავლილი აქვს ოფიცრის ძირითადი სამხედრო განათლების პროგრამები და აქვს უმაღლესი განათლება;

ბ) მინიჭებული აქვს „მაიორის“ სამხედრო წოდება, არ გააჩნია უმაღლესი განათლება და გავლილი აქვს უმცროს ოფიცერთა ძირითადი სამხედრო განათლების მეორე საფეხური-კაპიტნის საკარიერო მომზადების პროგრამა.

 

 ამ კრიტერიუმებთან ერთად:

 

ა) ოფიცერს არ უნდა გააჩნდეს ოფიცერთა შუალედური ან ოფიცერთა უმაღლესი სამხედრო განათლება;

ბ) ოფიცერს სამხედრო სამსახურის ზღვრული ასაკის შესრულებამდე დარჩენილი უნდა ჰქონდეს 3 (სამი) წელი და მეტი (სამეთაურო-საშტაბო პროგრამაზე ჩარიცხვის თარიღიდან);

გ) ოფიცრის მიერ წინა საკარიერო პროგრამის დასრულებიდან გასული უნდა იყოს 2 (ორი) და მეტი წელი.

 

4. ოფიცერთა უმაღლესი სამხედრო განათლება (სტრატეგიული დონე):

 

თავდაცვის უმაღლესი პროგრამა

 

განათლების საფეხური, რომელიც უზრუნველყოფს ოფიცერებისთვის (ვიცე-პოლკოვნიკი, პოლკოვნიკი) და სამოქალაქო პირებისათვის სტრატეგიული დონის განათლების მიღებას, რათა შეძლონ იმსახურონ თავდაცვის სამინისტროს სისტემაში სხვადასხვა მენეჯერულ თანამდებობებზე. სწავლის დასრულების შემდეგ ეძლევათ შესაბამისი განათლების დამადასტურებელი დიპლომი.

 

პროგრამის მიზანია მოამზადოს ოფიცრები და სამოქალაქო პირები სახელმწიფო უსაფრთხოების და თავდაცვის მართვის საკითხებში სტრატეგიულ დონეზე.

 

სასწავლებლად მიიღებიან  საქართველოს თავდაცვის ძალების ვიცე-პოლკოვნიკები, პოლკოვნიკები, რომლებსაც დამთავრებული აქვთ სამეთაურო საშტაბო პროგრამა (ან მასთან გათანაბრებული სამხედრო სასწავლო დაწესებულება) და სამოქალაქო პირები, რომლებსაც მინიჭებული აქვთ მაგისტრის აკადემიური ხარისხი და დანიშნული ან გათვალისწინებულნი არიან დასანიშნად თავდაცვის სამინისტროს სისტემაში სხვადასხვა მენეჯერულ თანამდებობებზე.