საერთაშორისო ორგანიზაციები

გაერო (UN)

 

საქართველო განუხრელად ასრულებს გაეროს უშიშროების საბჭოსა და გაეროს გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებებსა და რეკომენდაციებს და აქტიურად მუშაობს გაეროს შესაბამის სააგენტოებთან იმ პროექტებისა და პროგრამების ფარგლებში, რომელიც ემსახურება უსაფრთხოებისა და მშვიდობის განმტკიცებას.

 

თავდაცვის სექტორში განსაკუთრებული აქცენტი კეთდება გაეროს უშიშროების საბჭოს 1325 რეზოლუციის - ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება და მისი თანამდევი რეზოლუციების განხორციელებაზე. შექმნილია შესაბამისი ექსპერთა ჯგუფი და გენდერული მრჩევლების სისტემა, რომლებიც უზრუნველყოფენ ქალთა საკითხის ინტეგრირებას თავდაცვის ძალებში.

 

თანამშრომლობა მოიცავს ასევე ისეთ მიმართულებებს, როგორიცაა ჭარბი და ვადაგასული საბრძოლო მასალის გაუვნებელყოფა და ინფორმაციის გაცვლა იმპორტ-ექსპორტთან დაკავშირებით.

 

ამასთან, 2015-2018 წლებში საქართველო წარმატებით მონაწილეობდა ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში გაეროს მხარდაჭერის მისიაში (UNAMA), რომელიც ჩამოყალიბდა 2002 წლის მარტში გაეროს უშიშროების საბჭოს #1401 რეზოლუციით.

 

UNAMA-ს მისიაში საქართველო უფროსი სამხედრო მრჩევლის თანამდებობაზე მონაწილეობა 2016 წლის 27 სექტემბერს წარმატებით  დაასრულა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ.  2015 წლიდან 2017 წლის ბოლომდე (UNAMA-ს მრჩეველთა მისიის ამოწურვამდე) გაეროს მისიაში ასევე მივლენილი იყო ორი სამხედრო მოსამსახურე უფროსი სამხედრო მრჩევლის თანაშემწისა და სამხედრო მრჩევლის პოზიციებზე.

 

ეუთო (OSCE)

 

საქართველო აქტიურად მუშაობს ეუთოს მიზნების უზრუნველყოფის მიმართულებით და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევების  მიუხედავად მაქსიმალურად ასრულებს ორგანიზაციის წინაშე აღებულ ვალდებულებებს, რაც ხელს უწყობს გამჭვირვალობასა და ნდობისა და უსაფრთხოების განმტკიცებას. აღნიშნული ვალდებულებების შესაბამისად, საქართველო ავრცელებს ინფორმაციას თავდაცვის პოლიტიკის, დაგეგმარების, ბიუჯეტის და თავდაცვასთან დაკავშირებული სხვა საკითხების შესახებ და აქტიურად თანამშრომლობს „ღია ცის“ ხელშეკრულების ფარგლებში.

 

ეუთოს მხარდაჭერით, 2002 წლიდან, არაერთი მნიშვნელოვანი დემილიტარიზაციის პროექტი განხორციელდა საქართველოში, რომელიც ითვალისწინებდა ვადაგასული, გამოუსადეგარი და სიცოცხლისათვის სახიფათო საბჭოთადროინდელი საბრძოლო მასალის განადგურებას.

 

სამხრეთ აღმოსავლეთ თავდაცვის მინისტერიალი (SEDM)

 

სამხრეთ აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალის პროცესს საფუძველი 1996 წელს ამერიკის შეერთებული შტატების ხელშეწყობით ჩაეყარა. ორგანიზაციის წევრი საქართველო 2015 წლის 10 სექტემბერს გახდა.

 

პროცესის მიზანია რეგიონის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის კონსოლიდაცია რეგიონში უსაფრთხოებისა და მშვიდობის, ასევე რეგიონის ქვეყნების ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით.

 

2015 წლის მაისში საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ორგანიზაციის წევრი ქვეყნების შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსების მოადგილეების, ხოლო 2017 წლის ოქტომბერში სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტრების შეხვედრას უმასპინძლა.

 

2018 წლის განმავლობაში საქართველო იყო SEDM-ის ფარგლებში მოქმედი პროექტის „ქალი ლიდერები უსაფრთხოებასა და თავდაცვაში“ წამყვანი ქვეყანა. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, 2018 წლის ბოლოს ჩატარდა შეხვედრა „ქალი ლიდერები უსაფრთხოებასა და თავდაცვაში - გაეროს 1325 რეზოლუციის შესრულება“, რომელიც გაიმართა გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან (UN Women Georgia) თანამშრომლობით და წარმოადგენდა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი 16-დღიანი კამპანიის ნაწილს. 

 

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი (ICRC)

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო 2002 წლიდან თანამშრომლობს  წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტთან.  2014 წლის 21 მაისს ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს „საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ცოდნის გავრცელებისა და ინტეგრაციის სფეროში თანამშრომლობის თაობაზე“.

 

მემორანდუმის მიზანია საქართველოს შეიარაღებულ ძალებში საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის პრინციპების (IHL) დანერგვის, გავრცელების, განვითარების ხელშეწყობა და განხორციელება. აღნიშნული მემორანდუმი ხელს შეუწყობს თავდაცვის სამინისტროსა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას და საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ჰუმანიტარული სამართლის პრინციპების დანერგვის პროცესის ინტენსიფიკაციას.

 

გარდა ამისა, სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს 90-იან წლებში და 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულ და დაუდგენელ გარდაცვლილ პირთა იდენტიფიცირებასთან დაკავშირებით.

 

საერთაშორისო ხელშეკრულებები

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო თანამშრომლობა ეფუძნება მნიშვნელოვან საერთაშორისო-სამართლებრივ ბაზას. თავდაცვის უწყებას გაფორმებული აქვს თანამშრომლობის შესახებ საერთაშორისო შეთანხმებები არაერთ პარტნიორ ქვეყანასთან, მათ შორის,  საფრანგეთთან, დიდი ბრიტანეთთან, აშშ-სთან, თურქეთთან, იტალიასთან, დანიასთან, ჩეხეთთან, უნგრეთთან, პოლონეთთან, ბალტიის ქვეყნებთან, უკრაინასთან, აზერბაიჯანთან.  გარდა ამისა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ძალისხმევითა და მონაწილოებით შექმნილია საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის საერთაშორისო-სამართლებრივი ჩარჩოები, კერძოდ,  გაფორმებულია არაერთი შეთანხმება ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციისა (ნატო) და ევროპის კავშირის  შესაბამის ორგანოებთან. ამ შეთანხმებების საფუძველზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და, შესაბამისად, ქვეყანას აქტიური წვლილი შეაქვს საერთაშორისო და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებში.