პრეზენტაცია კადეტთა სამხედრო ლიცეუმში
2 მაისი 2015
 დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორმა ანდრო ბარნოვმა აკადემიაში მიმდინარე რეფორმების შესახებ კადეტთა სამხედრო ლიცეუმში პრეზენტაცია გამართა.  მან მომავალ აბიტურიენტებს აკადემიაში მიღების წესები და კრიტერიუმები გააცნო. ისაუბრა ასევე აკადემიის სტრუქტურაზე, ოთხ წლიან სასწავლო პროგრამებზე. “ ეს ვიზიტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ ერთ საქმეს ვემსახურებით, ჩვენი მიზანია აღვზარდოთ განათლებული ოფიცერი. როდესაც, აქ კადეტთა სამხედრო ლიცეუმში იმყოფები, გრძნობ თუ საიდან იწყება ქვეყნის მშენებლობა და მე ვფიქრობ, რომ ამ საქმეს აკადემია რეალურად დააგვირგვინებს. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან შემოგვიერთდებიან და ჩვენ შეიარაღებულ ძალებს მოვუმზადებთ  კვალიფიცირებულ და განათლებულ ოფიცრებს”- განაცხდა აკადემიის რექტორმა ანდრო ბარნოვმა.
 
შეხვედრა მოგვიანებით კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, რაშიც კადეტები აქტიურად ჩაებნენ. პრეზენტაციამ დიდი ინტერესი გამოიწვია. “პრეზენტაცია საკმაოდ ინფორმაციული იყო. გავიგეთ, თუ რა ხდება შეიარაღებულ ძალებში და როგორ მიმდინარეობს რეფორმები ეროვნული თავდაცვის აკადემიაში. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ლიცეუმის დამთავრების შემდეგ ვაპირებ სწავლა აკადემიაში გავაგრძელო და გავხდე წარმატებული და განათლებული ოფიცერი”- განაცხადა კადეტმა ვალერი ელიზბარაშვილმა.
 
აკადემიის რექტორთან ერთად ლიცეუმში შეიარაღებული ძალების  წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ. კადეტებმა ოფიცრებთან შეიარაღებულ ძალებში არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს.