თავდაცვის მინისტრი ნატოს მინისტერიალზე
2 მაისი 2015
ნატოს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში, დღეს ალიანსის შტაბ-ბინაში ISAF -ის ოპერაციაში მონაწილე ნატო-ს არაწევრ ქვეყნებთან ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს სხდომა გაიმართა. შეხვედრაზე თავდაცვის მინისტრებმა ავღანეთში სტაბილურობის დამყარების გზებზე ისაუბრეს და სამომავლო გეგმები დასახეს. სხდომა ალიანსის გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა გახსნა. მან თანაგრძნობა გამოხატა ავღანეთში მისიის შესრულების დროს დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახების მიმართ. გენერალური მდივნის განცხადებით, სწორედ მათი სიმამაცის და თავგანწირვის დამსახურებაა ის პროგრესი, რასაც ნატომ ავღანეთში მიაღწია. ”ჩვენ მუდმივად ვებრძვით ძალადობას და არ ვაძლევთ ამბოხებულებს საშუალებას ავღანეთს შეაფარონ თავი, რაც ძალიან გვეხმარება ქვეყნის ბევრ ნაწილში შედარებით უსაფრთხო და სტაბილური გარემოს შექმნაში. ჩვენი სტრატეგია მუშაობს,” განაცხადა რასმუსენმა. მან თანამშრომლობისათვის მადლობა გადაუხადა ავღანეთის ეროვნული უსაფრთხოების ძალებს და განაცხადა, რომ ისინი უკვე მზად არიან ქვეყნის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა ეტაპობრივად გადაიბარონ.
შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია. მან ნატოს წევრი და ISAF -ის ოპერაციაში მონაწილე არაწევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებს ავღანეთის ოპერაციაში საქართველოს მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ამ ეტაპზე ავღანეთში 929 პროფესიონალი ქართველი სამხედრო მოსამსახურე ასრულებს მისიას. სიტყვით გამოსვლისას მინისტრი თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებსაც შეეხო. როგორც თავდაცვის მინისტრმა ბაჩო ახალაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ISAF-ის კონფერენცია ავღანეთში გარდამავალ პერიოდს ეხებოდა, რომელიც სწორედ ინსტრუქტორების მეშვეობით ავღანური შეიარაღებული ძალებისა და უშიშროების ძალების გაწვრთნას გულისხმობს. ”როგორც იცით, ლისაბონის გადაწყვეტილების შემდეგ ვაგზავნით ოცამდე ინსტრუქტორს; ამ ეტაპისთვის ჩვენ შეთანხმებული გვაქვს არტილერიის ინსტრუქტორების გაგზავნა, რომლებიც დაეხმარებიან ავღანური არმიის დანაყოფებს მოემზადონ და რეალურად მომავალში შეძლონ თავიანთ თავზე აიღონ ის ფუნქციები, რასაც ეხლა საერთაშორისო ძალები ახორციელებენ ავღანეთში.”
ინსტრუქტორების გაგზავნის მნიშვნელობაზე ყურადღება მედიასთან კომენტარში ნატოში საქართველოს ელჩმა გრიგოლ მგალობლიშვილმაც გაამახვილა. ”ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია ქართული მხარის გადაწყვეტილება - გააგზავნოს დამატებით ოცი ინსტრუქტორი; ამ გაზაფხულისათვის გაემგზავრება 11 ინსტრუქტორი, ხოლო დანარჩენ ინსტრუქტორებზე ტექნიკური დეტალების შეთანხმება მიმდინარეობს,” განაცხადა ნატოში საქართველოს ელჩმა.
მინისტერიალის ფარგლებში თავდაცვის მინისტრმა ბრიტანელ, ბულგარელ და სხვა უცხოელ კოლეგებთან ინდივიდუალური შეხვედრები გამართა.
ჩრდილო ატლანტიკური საბჭოს შეხვედრა თავდაცვის მინისტრების დონეზე ქ. ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში 10 მარტს გაიხსნა. თავდაცვის მინისტრებმა ლიბიაში და ახლო აღმოსავლეთში არსებული მდგომარეობის გარდა უსაფრთხოების ახალ გამოწვევებზეც იმსჯელეს. ორდღიანი მინისტერიალის ფარგლებში ჩრდილო-ატლანტიკურმა საბჭომ კიბერ უსაფრთხოების კონცეფციაც დაამტკიცა.