აკადემიაში მიღება
2 მაისი 2015
დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორმა ანდრო ბარნოვმა აკადემიაში მიმდინარე რეფორმების შესახებ პრეზენტაცია დღეს თავდაცვის სამინისტროში გამართა. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალი ვიცე-პოლკოვნიკი მალხაზ მაკარაძე და სხვადასხვა რანგის სამხედროები, რომლებმაც აბიტურიენტებს და დაინტერესებულ პირებს გააცნეს აკადემიაში მიღების პირობები და ზოგადად შეიარაღებულ ძალებში არსებული ვითარება. შეხვედრის შემდეგ აკადემიის რექტორმა ანდრო ბარნოვმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა - “ეროვნული თავდაცვის აკადემია იქნება ის ძირითადი თავდაცვის სასწავლებელი, რომელიც გამოუშვებს კადრებს ჩვენი შეიარაღებული ძალებისთვის. ჩვენ ვმოქმედებთ იმ მოთხოვნების შესაბამისად, რაც აქვს თავდაცვის სამინისტროს და შეიარაღებულ ძალებს და ვზრდით ოფიცრებს სწორედ ამ მიმართულებით ამ სპეციალობაში. “ სამხედრო განათლების სარდალმა ვიცე-პოლკოვნიკმა მალხაზ მაკარაძემ აღნიშნა, რომ ფუნდამენტური სამხედრო განათლება არის შეიარაღებული ძალების პრიორიტეტი. “ ჩვენი მებრძოლები იყენებენ იმ ტექნოლოგიებს და იმ საშუალებებს, რომლებიც აქტიურად არის დანერგილი ნატო-ს წამყვან ქვეყნებში. ყოველივე ამის წარმატებით შესრულებისათვის აუცილებელია ფუნდამენტური სამხედრო განათლება რაზეც დღეს იყო საუბარი. “ დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიის შესახებ დაწვრილებით ინფორმაციას დაინტერესებულ პირებს თავად სამხედროები მიაწვდიან “აკადემიის და თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ აკადემიის შესახებ ინფორმაციას აბიტურიენტებს ჩვენ მოქმედი სამხედროები მივაწვდით. ახალგაზრდამ, რომელიც გადაწყვეტს აკადემიაში ჩაბარებას, ზუსტად უნდა იცოდეს რა ხდება ჯარში. ჩვენ მზად ვართ გავაცნოთ მათ შეიარაღებული ძალები და ყველა კითხვას ვუპასუხოთ. “ განაცხადა შეხვედრის შემდეგ კაპიტანმა დავით ხორგუაშვილმა.