მემორიალური დაფის გახსნა
2 მაისი 2015
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა დევი ჭანკოტაძემ და თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ნოდარ ხარშილაძემ დღეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოფიცერთა (იუნკერთა) ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალური დაფა გახსნეს. ”დღეს ოფიციალური სტატუსით პირველად აღინიშნება საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის დღე. სწორედ ამ დღეს გადავწყვიტეთ გაგვეხსნა მემორიალური დაფა დამოუკიდებელი საქართველოს – პირველი რესპუბლიკის – პირველ ოფიცერთა სასწავლებელზე. მოგეხსენებათ, იუნკერებმა საკმაოდ დიდი წინააღმდეგობა გაუწია მაშინდელ რუს ოკუპანტებს. დღეს ჩვენ ვაშენებთ თანამედროვეობის შესაფერის ჯარს. სამხედრო აკადემიის დღევანდელ კურსანტთათვის, იუნკერები და მათი მასწავლებლები საუკეთესო მაგალითია იმისა , როგორი შემართების უნდა იყოს ნამდვილი ჯარისკაცი,” -განაცხადა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ნოდარ ხარშილაძემ. ”ვფიქრობ, ყველა დროის სამხედროსათვის მისაბაძი უნდა იყოს ის პატრიოტული სულისკვეთება, დისციპლინა და შემართება, რაც იუნკერებს ჰქონდათ. ქედს ვიხრით იუნკერების ხსოვნისადმი. ყველა სამხედროს ვალია მუდამ მზად იყოს სამშობლოსათვის ისეთი თავგანწირვისთვის, როგორიც იუნკერებმა გამოიჩინეს “. - განაცხადა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსმა გენერალ-მაიორმა დევი ჭანკოტაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
 მემორიალური დაფა განთავსებულია ქ.თბილისში დ.აღმაშენებლის გამზირზე # 148-ში მდებარე შენობაზე, სადაც 1919-დან 1921 წლამდე განლაგებული იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოფიცერთა (იუნკერთა) სკოლა. მემორიალური დაფის გახსნას თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ სამადაშვილი და იუნკერების შთამომავლები დაესწრნენ.