უნივერსიტეტის რექტორი თავდაცვის ეროვნულ აკადემიაში
2 მაისი 2015

თავდაცვის ეროვნულ აკადემიას დღეს პროფესორი გია ხუბუა ეწვია.

თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, სასწავლებლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზას გაეცნო და სამხედრო მოსამსახურეებს შეხვდა.

მოგვიანებით გია ხუბუამ კაპიტანთა საკარიერო კურსის მსმენელთათვის თავისუფალ თემაზე ლექცია წაიკითხა და საქართველოში შექმნილ გეოპოლიტიკურ ვითარებაზე, განათლების სისტემის რეფორმასა და ქართული ჯარის მხარდაჭერაზე ისაუბრა.

“საქართველო რთულ გეოპოლიტიკურ სიტუაციაში იმყოფება, თუმცა უიმედობის საფუძველი არ ასრებობს. ყველა ჩვენგანს შესწევს უნარი, სახელმწიფო აღმშენებლობაში საკუთარი წვლილი შეიტანოს, მათ შორის კი თქვენ, ჯარისკაცებს. ქართული საზოგადოება მზად არის ქართულ არმიას მაქსიმალური მხარდაჭერა აღმოუჩინოს და ამ საქმეში ერთ-ერთი ლიდერი სახელმწიფო უნივერსიტეტი იქნება” – განაცხადა პროფესორმა ხუბუამ.

ლექციას, ეროვნული აკადემიის მსმენელებთან ერთად, ამავე აკადემიის უფროსი, პოლკოვნიკი როინ ფაილოძეც ესწრებოდა.

უახლოეს მომავალში ქართველი სამხედროებისთვის გაცნობითი სახის ლექციებს სხვა უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებლებიც წაიკითხავენ.