ნატოსთან თავსებადობისა და სტანდარტიზაციის მართვის საკითხებზე კურსი დასრულდა
4 დეკემბერი 2022

თავდაცვის უწყების თანამშრომლებისთვის ნატოსთან თავსებადობისა და სტანდარტიზაციის მართვის საკითხებზე სასწავლო კურსი ჩატარდა. სამდღიან ტრენინგს საბერძნეთის თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის დაგეგმვისა და პოლიტიკის დეპარტამენტის სტანდარტიზაციის ოფისის წარმომადგენელი, კაპიტანი ანტონიოს გარასი უძღვებოდა. 


სასწავლო პროგრამა როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილს მოიცავდა. კურსის მსმენელები გაეცნენ ნატოსთან თავსებადობის მიღწევის მიზნით საჭირო სტანდარტიზაციის პოლიტიკას, სტრატეგიას, ზოგად დოკუმენტებსა და პროცედურებს. ასევე, მათ შეისწავლეს ნატოს სტანდარტიზაციის ოფისის ვებ-გვერდზე მუშაობის პრინციპები და მათი გამოყენების შესაძლებლობები. 


სასწავლო კურსის განმავლობაში თავდაცვის სამინისტროს ინფრასტრუქტურის მართვის, სტანდარტიზაციისა და კოდიფიკაციის დეპარტამენტმა სტრუქტურაში სტანდარტიზაციის მიმართულებით არსებული მიღწევებისა და გამოწვევების შესახებ პრეზენტაცია ჩაატარა. კურსის დასრულების შემდეგ მსმენელებს  სერტიფიკატები საქართველოში საბერძნეთის თავდაცვის ატაშემ გადასცა.

ვიდეო რეპორტაჟი