თავდაცვის სამინისტროში საფრანგეთის სპეციალური ოპერაციების ძალების დელეგაციას უმასპინძლეს
29 ნოემბერი 2022

საქართველოში სამუშაო ვიზიტით საფრანგეთის რესპუბლიკის სპეციალური ოპერაციების ძალების დელეგაცია იმყოფებოდა. დელეგაციის ხელმძღვანელს, ბრიგადის გენერალ ანდრე  ევრარსსაქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ უმასპინძლა. გენერალურ შტაბში გამართულ შეხვედრას საქართველოს თავდაცვის ძალებისა და საფრანგეთის დელეგაციის წარმომადგენლები, ასევე, საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის თავდაცვის ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი ფრედერიკ კამპოსი დაესწრნენ. 

მხარეებმა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და მასთან დაკავშირებულ გამოწვევებსა და საფრთხეებზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო  საქართველოს თავდაცვის ძალებში განხორციელებულ და მიმდინარე პროცესებსაც.  საფრანგეთის სპეციალური ოპერაციების ძალების ხელმძღვანელმა პირებმა  საქართველოს თავდაცვის ძალების მხარდაჭერის გაძლიერებისა და საქართველოს სპეციალური ოპერაციების ძალებთან თანამშრომლობის განვითარების მზაობა გამოხატეს.

საქართველო და საფრანგეთი თავდაცვის სფეროში სხვადასხვა, მათ შორის, სამთო, საჰაერო თავდაცვის, სამხედრო განათლების კუთხით მრავალი წელია ინტენსიურად თანამშრომლობენ.