თავდაცვის ძალების საზოგადოებასთან ურთიერთობის ოფიცრებმა და თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საზოგადოებასთან ურთიერთობის კურსი გაიარეს, რომელსაც აშშ-ის სპეციალური ოპერაციების ძალების ევროპის სარდლობის სამხედროები უძღვებოდნენ. მონაწილეებს კურსის წარმატებით დასრულება თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ მიულოცა და სერტიფიკატები გადასცა. მან თანამედროვე უსაფრთხოების გამოწვევების ფონზე, ინფორმაციასთან დაკავშირებული აქტივობების განვითარების აუცილებლობაზე და ამ მიმართულებით საერთაშორისო პარტნიორების აქტიური ჩართულობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
საზოგადოებასთან ურთიერთობის ოფიცრის შუალედური სწავლება მიზნად ისახავდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალებში ინფორმაციასთან დაკავშირებული შესაძლებლობების კიდევ უფრო გაძლიერებას და ინსტიტუციონალიზაციას. ნატოსთან თავსებადი კურსი როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ მეცადინეობებსაც მოიცავდა. 4 დღის განმავლობაში კურსის მონაწილეებმა კრიზისების მართვის, მათზე რეაგირების, სოციალური მედიის მართვისა და დეზინფორმაციასთან ბრძოლის კომპონენტები შეისწავლეს.
აშშ-ის სპეციალური ოპერაციების ძალების ევროპის სარდლობის წარმომადგენლებმა თავდაცვის ძალებს ტექნიკური საშუალებებიც გადასცეს. ვიდეოკამერები თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფის საზოგადოებასთან ურთიერთობის ოფიცრებზე გადანაწილდება.