თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე იტალიელ კოლეგას შეხვდა
23 ნოემბერი 2022

საქართველოსა და იტალიის თავდაცვის სამინისტროებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილა საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ იტალიელ კოლეგასთან. ლელა ჩიქოვანმა მატეო პერეგო დი კრემნაგოს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა, წარმატებული საქმიანობა უსურვა და საქართველოში მოიწვია. მან იტალიურ მხარეს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების გზაზე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. 

შეხვედრაზე კოლეგებმა რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევები, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული საომარი მოქმედებები და საქართველოში იტალიის თავდაცვის მინისტრის ვიზიტის შესაძლებლობის საკითხები განიხილეს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ უახლოეს მომავალში თავდაცვის სფეროში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება, რაც კიდევ უფრო გააღრმავებს არსებულ თანამშრომლობას.

საუბარი შეეხო იტალიის თავდაცვის სამინისტროსთან საქართველოს თავდაცვის უწყების მრავალმხრივი თანამშრომლობის ასპექტებს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციისთვის მომზადების, თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებისა და ურთიერთთავსებადობის გაზრდის კუთხით.