საქართველოს თავდაცვის მინისტრმა აზერბაიჯანელ კოლეგას ეთა-ში უმასპინძლა
15 ნოემბერი 2022

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრს, გენერალ-პოლკოვნიკ ზაქირ ჰასანოვს დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს თავდაცვის აკადემიაში უმასპინძლა. 

ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორმა, ბრიგადის გენერალმა მამია ბალახაძემ ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრებთან სამხედრო სასწავლებლის შესაძლებლობებზე ისაუბრა. მან სტუმრებს ეროვნული თავდაცვის აკადემიის სასწავლო ლაბორატორიები, ლაზარეთი, ბიბლიოთეკა, მუზეუმი, სპორტული დარბაზები და იუნკერების საცხოვრებლები დაათვალიერებინა. 

მოგვიანებით, ოფიციალური პირები დაესწრნენ სამმხრივ სპორტულ ღონისძიებებს, რომელშიც აზერბაიჯანელი, თურქი და ქართველი კურსანტები მონაწილეობდნენ. შეჯიბრება ფუტსალში აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს სამხედრო აკადემიების სამმხრივი ფორმატით დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში ჩატარდა, რომელსაც ეთა მასპინძლობს. აკადემიაში სტუმრად აზერბაიჯანის ჰეიდარ ალიევის სახელობის სამხედრო ინსტიტუტის და თურქეთის სახმელეთო ძალების, საჰაერო ძალების და საზღვაო ძალების სასწავლებლების კადეტები იმყოფებიან.

ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში გამართულ შეხვედრას თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეები, საქართველოში აზერბაიჯანის ელჩი და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.

ვიდეო რეპორტაჟი