საქართველოს თავდაცვის მინისტრმა აზერბაიჯანელ კოლეგას უმასპინძლა
14 ნოემბერი 2022

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრს,  გენერალ-პოლკოვნიკ ზაქირ ჰასანოვს შეხვდა. 


შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონის უსაფრთხოების გამოწვევებს. ჯუანშერ ბურჭულაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რეგიონული მტკიცე თანამშრომლობა აუცილებელი გზაა უსაფრთხოების, სტაბილურობისა და მდგრადი განვითარების უზრუნველსაყოფად. 


შეხვედრაზე განსაკუთრებული ადგილი დაეთმო საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის არსებული მჭიდრო სტრატეგიული ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობას, ისევე როგორც სამმხრივი (აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველო) თანამშრომლობის ფორმატის შემდგომ განვითარებას.  
ჯუანშერ ბურჭულაძემ და გენერალ-პოლკოვნიკმა ზაქირ ჰასანოვმა თავდაცვის სფეროში არსებული ორმხრივი თანამშრომლობის მიმდინარე და სამომავლო საკითხები განიხილეს და ხელი მოაწერეს თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის 2023 წლის გეგმას. 


შეხვედრას საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე, საქართველოში აზერბაიჯანის ელჩი ფაიგ გულიევი და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.


პირისპირ შეხვედრამდე, თავდაცვის სამინისტროში აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრის ოფიციალური დახვედრის ცერემონიალი გაიმართა.


დღესვე, აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრმა, გენერალ-პოლკოვნიკმა ზაქირჰასანოვმა და დელეგაციის წევრებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.


საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის დელეგაცია, თავდაცვის მინისტრის ხელმძღვანელობით, დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს თავდაცვის აკადემიასაც ესტუმრება.

ვიდეო რეპორტაჟი