თავდაცვის ძალების წარმომადგენლებისთვის საზოგადოებასთან ურთიერთობის კურსი დასრულდა
9 ოქტომბერი 2022

საქართველოს თავდაცვის ძალების საზოგადოებასთან ურთიერთობის ოფიცრებმა გერმანელი ინსტრუქტორების დახმარებით სპეციალური კურსი გაიარეს. საზოგადოებასთან ურთიერთობის  კურსის პირველი ეტაპი ორი კვირის განმავლობაში საჩხერეში, პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის სამთო მომზადების სკოლაში მიმდინარეობდა. 

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესვერის საზოგადოებასთან ურთიერთობის ცენტრის   ინსტრუქტორებმა მსმენელებს თანამედროვე საინფორმაციო გარემო, კომუნიკაციების სფეროში არსებული  დოქტრინები, დირექტივები, თანამედროვე გამოწვევები და ეთიკის წესები გააცნეს.  ტრენინგის ფარგლებში მონაწილეებმა საზოგადოებასა და მასმედიასთან  ეფექტური კომუნიკაციისთვის საჭირო უნარ-ჩვევები გაიღრმავეს

თეორიული ნაწილის გარდა, ტრენინგი პრაქტიკულ სავარჯიშოებსაც მოიცავდა, სადაც მონაწილეებს სხვადასხვა  განხილულ თემაზე, მათ შორის, კრიზისული სიტუაციის კონტექსტში შემუშავებული სტრატეგიისა და კომუნიკაციის სპეციფიკის შესახებ მომზადებული პრეზენტაციების წარდგენის საშუალება ჰქონდათ. სასწავლო პროგრამა ინტერვიუს, პრესრელიზისა და პრესკონფერენციის მომზადებასაც ითვალისწინებდა. 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების საზოგადოებასთან ურთიერთობის წარმომადგენლებისთვის მსგავსი კურსები რეგულარულად ტარდება. ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში ქართველ საზოგადოებასთან ურთიერთობის ოფიცრებს  ტრენინგებს პარტნიორი ქვეყნებიდან გამოცდილი   სპეციალისტები უტარებენ.  

ვიდეო რეპორტაჟი