„საქართველოს თავდაცვის კონფერენცია“
2 მაისი 2015
„საქართველოს თავდაცვის კონფერენციის“ ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ბაჩო ახალაიამ უკვე გამართა შეხვედრები აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილესთან, დოქტორ სელესტ ვალანდერთან და ნატო-ს საერთაშორისო სამხედრო შტაბის გენერალურ დირექტორთან, გენერალ-ლეიტენანტ იურგენ ბორნემანთან. შეხვედრაზე მხარეებმა გლობალური უსაფრთხოების და ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს; ისაუბრეს ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე, ავღანეთში მიმდინარე ISAF-ის (საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალები) ოპერაციასა და საქართველოს თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმებზე. 
„მადლობელი ვარ საქართველოს მთავრობის, რომელმაც თავდაცვის კონფერენციას გაუწია ორგანიზება. ჩემთვის პატივია ასეთ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება. საკმაოდ საინტერესო დისკუსიები გვქონდა დღეს. ასევე მქონდა შესაძლებლობა გავსაუბრებოდი თავდაცვის მინისტრს, განვიხილეთ თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხები, ვისაუბრეთ ავღანეთში მიმდინარე ISAF-ის ოპერაციაში საქართველოს წვლილის შესახებ და ზოგადად განვიხილეთ უსაფრთხოების საკითხები,“ - განაცხადა დოქტორმა ვალანდერმა.
„ჩემთვის, როგორც ნატოს შტაბბინის საერთაშორისო სამხედრო სამსახურის გენერალური დირექტორისათვის ძალიან დიდი პატივია მონაწილეობა მივიღო ისეთ მნიშვნელოვან ღონისძიებაში, როგორიცაა საქართველოს თავდაცვის კონფერენცია. ეს მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ჩვენ ვხედავთ თავდაცვის მიმოხილვის პროცესის შედეგებს, რომელსაც საქართველო ნატოს პარტნიორი და წევრი ქვეყნების მსგავსად ახორციელებს... ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ ბრიუსელში თქვენს წარმომადგენლობასთან ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში, რაც ასევე გვსურს რომ კვლავ გაგრძელდეს, განსაკუთრებით სამხედრო მიმართულებით. მე მქონდა შეხვედრა საქართველოს თავდაცვის მინისტრთან, სადაც სწორედ ეს ნაბიჯები განვიხილეთ და დავასკვენით, რომ ჩვენი ურთიერთობები სწორი მიმართულებით ვითარდება,“ - განუცხადა ჟურნალისტებს გენერალ-ლეიტენანტმა იურგენ ბორნემანმა.
„პარტნიორები, როგორც ამერიკის შეერთებული შტატები, ასევე, სხვა ნატო-ს სახელმწიფოები, მათი წარმომადგენლები, რომლებიც ესწრებიან ამ კონფერენციას ცალსახად მხარს უჭერენ იმ კურსს, რომელიც გააჩნია დღეს ჩვენი შეიარაღებული ძალების რეფორმირებას და ვთვლით, რომ ამ ეტაპამდე ეს რეფორმები, რა თქმა უნდა, მიმდინარეობდა როგორც ჩანს წარმატებულად. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი მჭიდრო ურთიერთობით შევძლებთ ამ პროცესის კიდევ უფრო გაძლიერებას და უფრო ინტენსიური ტემპით გავაგრძელებთ სასიცოცხლოდ აუცილებელ რეფორმებს, რომლებიც დაგეგმილია შეიარაღებულ ძალებში,“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ბაჩო ახალაიამ.

 საქართველოს თავდაცვის კონფერენცია, რომელიც ბათუმში მიმდინარეობს, ოფიციალურად ხვალ დაიხურება.