თბილისში ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო პოლიციის მეთაურების კონფერენცია მიმდინარეობს
22 სექტემბერი 2022

საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო პოლიციისა და ჟანდარმერიის ტიპის ძალების კონფერენციას მასპინძლობს. კონფერენცია საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა გახსნა, მონაწილეებს საქართველოში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და ნატოსთან თავსებადობის ამაღლებისა და თანამშრომლობის გაძლიერების პროცესში მსგავსი ღონისძიებების მნიშვნელობაზე ისაუბრა. სამხედრო პოლიციის წარმომადგენლებს წარმატებები უსურვა სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, პოლკოვნიკმა გიორგი ბუბუნაურმა. 


მონაწილეები ხუთი დღის განმავლობაში სამხედრო პოლიციის საქმიანობასთან დაკავშირებულ აქტუალურ თემებზე იმსჯელებენ, მიმდინარე თანამშრომლობის საკითხებსა და სამომავლო პერსპექტივებს განიხილავენ და ერთმანეთს გამოცდილებას გაუზიარებენ. განხილული თემები ნატოსა და პარტნიორ სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობისა და კოორდინაციის კიდევ უფრო გაღრმავებას შეუწყობს ხელს. 

კონფერენცია საქართველოში პირველად იმართება და ოცდაათზე მეტ ქვეყანას აერთიანებს.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციასა და ნატოს მრავალეროვნული სამხედრო პოლიციის ბატალიონს (MNMPBAT) შორის პარტნიორობის შეთანხმებაა გაფორმებული. სამხედრო პოლიციისთვის პარტნიორის სტატუსის მინიჭების შეთანხმება თანამშრომლობის სხვადასხვა ასპექტს მოიცავს და ნატოს მრავალეროვნული სამხედრო პოლიციის ბატალიონის ოპერაციებში, ტრენინგებსა და სწავლებებში მონაწილეობაზეა ფოკუსირებული. პარტნიორობის შეთანხმება უზრუნველყოფს სამხედრო პოლიციის ბატალიონების, როგორც ნატოსთან აფილირებული ქვედანაყოფების განვითარებას, რაც ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში განსაზღვრულ სამხედრო პოლიციის ინიციატივის ერთ-ერთ უმთავრეს მიზანს წარმოადგენს.

საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის აღმოსავლეთ ბატალიონის პირველი ასეულის პირველმა ოცეულმა ნატოს მრავალეროვნული სამხედრო პოლიციის ბატალიონში (NATO MNMPBAT) საბოლოო სერტიფიცირებაც მოიპოვა. ახლო მომავალში  დაგეგმილია  საქართველოს მხრიდან  ნატოს მრავალეროვნული სამხედრო პოლიციის ბატალიონის სრული წევრობისთვის (Participant Status) განაცხადის გაკეთება.

ვიდეო რეპორტაჟი