საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ახალ თავდაცვის ატაშესთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. ლელა ჩიქოვანმა ვიცე-პოლკოვნიკ ანდრეას ზებალდს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და დიპლომატიური მისიის განხორციელებაში წარმატებები უსურვა. მინისტრის მოადგილემ ხაზგასმით აღნიშნა გერმანიის ურყევი პოლიტიკური მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მიმართ. მან გერმანულ მხარეს საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.
შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები, ასევე ნატოსთან და ევროკავშირთან თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო საქართველოსა და გერმანიის თავდაცვის უწყებებს შორის ნაყოფიერი ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერების გზებს, მათ შორის გერმანია-საქართველოს შორის სამხედრო - პოლიტიკური დიალოგის ფორმატში ინტენსიურ პარტნიორობას. ყურადღება გამახვილდა გერმანული მხარის მნიშვნელოვან წვლილზე ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის გაძლიერების, ისევე როგორც ევროკავშირთან თავდაცვის კუთხით თანამშრომლობის საკითხებზე. შეხვედრაზე მხარეებმა კონკრეტული მიმართულებები გამოკვეთეს და სამომავლო თანამშრომლობის გეგმა შეაჯერეს.