სელესტ ვალანდერი კადეტთა სამხედრო ლიცეუმში
2 მაისი 2015
თავდაცვის კონფერენციაზე დასწრების მიზნით საქართველოში აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილე დოქტორი სელესტ ვალანდერი იმყოფება. დოქტორმა ვალანდერმა დღეს თავდაცვის მინისტრის მოადგილესთან ნოდარ ხარშილაძესთან ერთად კადეტთა სამხედრო ლიცეუმი დაათვალიერა. აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილე თანმხლებ პირებთან ერთად კადეტთა სასწავლო პროგრამას გაეცნო,  დაათვალიერა ლიცეუმის ინფრასტრუქტურა, ნახა – საკლასო ოთახები, საცხოვრებელი კორპუსები, სპორტული დარბაზი, სასადილო, კალათბურთის და ფეხბურთის მოედნები.
„საქართველოში ამერიკის თავდაცვის მდივნის ოფისის წარმომადგენლობა თავდაცვის კონფერენციაზე დასწრების მიზნით ჩამოვიდა; ვიზიტის ფარგლებში ჩვენ კადეტთა სამხედრო ლიცეუმს ვესტუმრეთ. საკმაოდ შთამბეჭდავი იყო ის რაც დავათვალიერეთ - ლიცეუმის ინფრასტრუქტურა, სპორტული კომპლექსები. ვფიქრობთ, რომ ეს სასწავლებელი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ინსტიტუციონალიზმის მშენებლობის პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება, რაც საქართველოს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში დაეხმარება,“ -  განუცხადა ჟურნალისტებს პენტაგონის რეგიონალურმა დირექტორმა საქართველოს და მოლდოვას საკითხებში მარკ სიმაკოვსკიმ.
სელესტ ვალანდერი ხვალ ბათუმში დაგეგმილ საქართველოს თავდაცვის კონფერენციას დაესწრება და საგანგებო მოხსენებით გამოვა.