მე-4 ქვეითი ბრიგადის სამხედროებმა კომბინირებული წვრთნები ჩაატარეს
14 აგვისტო 2022

ვაზიანში, საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის მე-4 ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებმა საბრძოლო სროლებით კომბინირებული წვრთნები ჩაატარეს. საველე სწავლებაში მე-4 ქვეითი ბრიგადის 41-ე ბატალიონის ასეულები მონაწილეობდნენ, რომელსაც მხარს 44-ე საარტილერიო ბატალიონი, საინჟინრო და სადაზვერვო ჯგუფები უჭერდნენ.

გეგმიური სწავლების ფარგლებში ქვედანაყოფებმა რეალურ ვითარებასთან მაქსიმალურად მიახლოებული პრაქტიკული მეცადინეობები გაიარეს. სიმულაციური სცენარის მიხედვით, შესრულდა სხვადასხვა ამოცანა, მათ შორის თანამედროვე ტექნოლოგიებით ცეცხლის გამოძახება და კორექტირება, საინჟინრო ქვედანაყოფის მიერ დანაღმული ველის აფეთქება და საბრძოლო სროლები საარტილერიო დანადგარებიდან. წვრთნებში ქართული წარმოების „დიდგორი მედევაკი“ მონაწილეობდა, რომელმაც დაჭრილის ევაკუაცია განახორციელა. დაშავებული სამხედროს საჰაერო ევაკუაციაში ახლადმოდერნიზებული UH-1 იროკეზის ტიპის ვერტმფრენიც ჩაერთო. 

სწავლების მიზანია ქვედანაყოფების მომზადება თავდაცვითი ოპერაციების წარმოებაში, მათი კოორდინირებული მუშაობა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების დახვეწა, აგრეთვე თავდაცვის ძალებში ახლადდანერგილი ტექნოლოგიებისა და სისტემების პრაქტიკაში გამოყენება. 

ვიდეო რეპორტაჟი