გენერალ-ლეიტენანტი იურგენ ბორნემანი საქართველოში
2 მაისი 2015
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ნატო-ს საერთაშორისო სამხედრო შტაბის გენერალური დირექტორი, გენერალ-ლეიტენანტი იურგენ ბორნემანი დღეს საქართველოს გაერთიანებული შტაბის უფროსს, გენერალ-მაიორ დევი ჭანკოტაძეს შეხვდა. მხარეებმა განათლების კუთხით თანამშრომლობის საკითხები განიხილეს, ისაუბრეს სამშვიდობო მისიების ეფექტურად წარმართვის გზებზე და საქართველოს თავდაცვის სისტემაში მიმდინარე რეფორმებზე. შეხვედრის შემდეგ იურგენ ბორნემანი კრწანისის ეროვნულ სასწავლო ცენტრს ესტუმრა. გენერალ-ლეიტენანტმა სასწავლო ცენტრი გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილესთან, პოლკოვნიკ არსენ ცუხიშვილთან ერთად დაათვალიერა. იურგენ ბორნემანი მე-3 ქვეითი ბრიგადის 33-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებს შეხვდა, რომლებიც ავღანეთში მყოფ 32-ე ბატალიონის სამშვიდობო კონტინგენტს როტაციის წესით (ექვსთვიანი სამსახურის შემდეგ) ჩაანაცვლებენ. გენერალმა ბორნემანმა კრწანისის ბაზაზე არსებული სიმულაციური სასწავლო ცენტრიც დაათვალიერა.
 „საქართველოში ძალიან საინტერესო პერიოდში ჩამოვედი, მაშინ როდესაც ნატო და საქართველო ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადადიან. ჩამოვედი, რომ მივიღო მონაწილეობა ყოველწლიურ თავდაცვის კონფერენციაში, სადაც ქართველი მაღალჩინოსნები ეროვნული თავდაცვის შესახებ წარმოადგენენ ანგარიშს.  ასევე მინდა მივიღო ინფორმაცია იმის შესახებ თუ როგორ ავითარებს საქართველო შეიარაღებულ ძალებს. ჩემი ვიზიტის მიზანს საქართველოსა და ალიანსს შორის თანამშრომლობის სტატუსის განხილვაც წარმოადგენს. მინდა გითხრათ, რომ 2010 წელი საკმაოდ წარმატებული იყო თანამშრომლობის თვალსაზრისით. ამ თანამშრომლობის ფარგლებში ბევრი მნიშვნელოვანი ღონისძიება განხორციელდა, ჩვენ მზად ვართ ამ სახის თანამშრომლობა საქართველოსთან მიმდინარე წელსაც გავაგრძელოთ, სწორედ ამიტომ ვეწვიე დღეს სასწავლო ცენტრსაც.
ჩვენი თანამშრომლობის ერთ-ერთი პრიორიტეტია ქართული მხარის მონაწილეობა ნატო-ს ეგიდით წარმოებულ ISAF-ის ოპერაციაში. საქართველო ნატო-ს არაწევრ ქვეყნებს შორის სამშვიდობო ოპერაციაში რიგით მეორე კონტრიბუტორია და ეფექტურად ასრულებს თავის მისიას,“ - განუცხადა ჟურნალისტებს  ნატო-ს საერთაშორისო სამხედრო შტაბის გენერალურმა დირექტორმა.
იურგენ ბორნემანმა უკვე გამართა შეხვედრები პარლამენტის ვიცე-სპიკერთან რუსუდან კერვალიშვილთან და უშიშროების საბჭოს მდივანთან გიგა ბოკერიასთან. დღესვე იურგენ ბორნემანი ბათუმში გაემგზავრება, სადაც 2-3 თებერვალს დაგეგმილ საქართველოს თავდაცვის კონფერენციას დაესწრება.