მე-2 ქვეითი ბრიგადა მინი ფეხბურთის ტურნირის გამარჯვებულია 
6 აგვისტო 2022

თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე მინი ფეხბურთის ტურნირი დასრულდა. ფინალურ თამაშს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, მისი მოადგილე გრიგოლ გიორგაძე, თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი და თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ. ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს მე-2 ქვეითი ბრიგადისა და წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის სამხედრო მოსამსახურეები დაუპირისპირდნენ. გამარჯვება მე-2 ქვეითი ბრიგადის გუნდმა მოიპოვა, განათლების სარდლობის გუნდი კი, მეორე ადგილს დასჯერდა. მესამე ადგილზე გავიდა პირველი ქვეითი ბრიგადა. გამარჯვებულ გუნდს თასი თავდაცვის მინისტრმა გადასცა. სამივე ადგილზე გასული გუნდების წევრები კი, მედლებით დაჯილდოვდნენ. ასევე, გამოვლინდა „საუკეთესო ფეხბურთელი“ და „საუკეთესო მეკარე“.

თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს შორის მინი ფეხბურთში ტურნირი ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. შეჯიბრებაში თავდაცვის ძალებისა და სამოქალაქო ოფისის 12 გუნდი მონაწილეობდა.

სამხედროებს შორის გამართული სპორტული აქტივობები ჯანმრთელი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას უწყობს ხელს. ამ კუთხით უწყებაში სპორტის სხვადასხვა სახეობაში შეჯიბრებები, მათ შორის, მინიფეხბურთის ტურნირი ყოველწლიურად ტარდება.

ვიდეო რეპორტაჟი