საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გეგმა გაფორმდა 
29 ივლისი 2022

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია, მინისტრის პირველი მოადგილის, ლელა ჩიქოვანის ხელმძღვანელობით დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების სახელმწიფო მინისტრს ჯეიმს ჰიპის შეხვდნენ. მხარეებმა გაერთიანებულ სამეფოსა და საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში არსებული წარმატებული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების ვითარებას, ჰიბრიდულ გამოწვევებსა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის გზებს. ლელა ჩიქოვანმა ბრიტანულ მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის. მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ საქართველო განაგრძობს თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებას  და აუცილებელი რეფორმების გატარებას. აღინიშნა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელების პროცესში გაერთიანებული სამეფოს მნიშვნელოვანი წვლილი. 

შეხვედრის დასასრულს, დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრმა და საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ორმხრივი თანამშრომლობის შეთანხმებას მოაწერეს ხელი, სადაც გაერთიანებული სამეფო კიდევ ერთხელ ადასტურებს მტკიცე ვალდებულებას და მხარდაჭერას საქართველოსა და ნატოში გაწევრიანებისადმი მისი მისწრაფებების მიმართ. 

ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა გაერთიანებული სამეფოს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარესთან, ასევე საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის ხელმძღვანელ (FCDO) პირებთან. დელეგაციის წევრები უსაფრთხოების კვლევების გაერთიანებული სამსახურების სამეფო ინსტიტუტშიც (RUSI) იმყოფებოდნენ, სადაც ევროატლანტიკური უსაფრთხოების საკითხებზე დისკუსიაში მიიღეს მონაწილეობა. 

შეხვედრებს საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე, გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს ელჩი სოფიო ქაცარავა და სამხედრო ატაშე, ბრიგადის გენერალი მალხაზ მაკარაძე დაესწრნენ.