საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჩინეთის ახალდანიშნულ ელჩს შეხვდა
28 ივლისი 2022

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ახალ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ჭოუ ციენს უმასპინძლა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ახალდანიშნულ ელჩს წარმატებები უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.

შეხვედრაზე განიხილეს კორონა ვირუსის პანდემიამდე თავდაცვის სფეროში არსებული ორმხრივი თანამშრომლობის აღდგენისა და განვითარების საკითხები. ყურადღება გამახვილდა სამხედრო განათლების სფეროში არსებული თანამშრომლობის პერსპექტივებზე. ასევე, საუბარი შეეხო რეგიონში მიმდინარე პროცესებს. ჩინეთის ელჩმა კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. ჯუანშერ ბურჭულაძემ დიპლომატს ჩინეთის მხრიდან საქართველოს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.