საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბულგარეთის რესპუბლიკის ახალდდანიშნულ ელჩს შეხვდა
26 ივლისი 2022

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ბულგარეთის რესპუბლიკის ახალდდანიშნულ ელჩთან, ვესელინ ვალკანოვთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. თავდაცვის მინისტრმა ბულგარელ დიპლომატს ელჩის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და საქართველოში მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

ჯუანშერ ბურჭულაძემ ელჩს ბულგარეთის მთავრობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. საუბარი შეეხო შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საკითხებს, ასევე არსებული გამოწვევების ფონზე, პარტნიორების მხარდაჭერის მნიშვნელობას. ყურადღება გამახვილდა საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების საკითხსა და ნატოს მადრიდის სამიტზე მოკავშირეების მიერ „საქართველოზე მორგებული დახმარების ღონისძიებათა დოკუმენტის“ მიღებაზე, რაც კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობებს შექმნის საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის ნატოს სტანდარტებთან დასაახლოებლად და თავდაცვითი შესაძლებლობების გასაძლიერებლად.

თავდაცვის მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა „ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის“ (SNGP) განხორციელებაში ბულგარეთის წვლილი. მხარეებმა თავდაცვის სფეროში არსებული ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები, მათ შორის, სამხედრო წვრთნებისა და განათლების თემებიც განიხილეს.