18 ივლისი საერთო საჯარისო ცენტრის დღეა 
18 ივლისი 2022

საქართველოს თავდაცვის ძალები 18 ივლისს საერთო საჯარისო ცენტრის დღეს აღნიშნავს. საზეიმო ღონისძიება წვრთნებისა და სამხედრო განათლების მხარდამჭერი ცენტრი „კრწანისის”  ტერიტორიაზე ჩატარდა. ღონისძიებას თავდაცვის ძალების წვრთნებისა და  სამხედრო განათლების სარდალი, პოლკოვნიკი ზურაბ ხვიჩია დაესწრო. მან სამხედროებს სიტყვით მიმართა, საჯარისო ცენტრის დღე მიულოცა და წარმატებები უსურვა. წარმატებულ სამხედრო მოსამსახურეებს უწყებრივი მედლები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ. 

საერთო საჯარისო ცენტრი სასწავლო ცენტრი ,,კრწანისის“ ბაზაზე 2016 წელს შეიქმნა. საერთო საჯარისო ცენტრის ამოცანაა თავდაცვის ძალების ოფიცერთა და სერჟანტ-კაპრალთა მომზადება და გადამზადება ძირითადი სამხედრო სააღრიცხვო სპეციალობების მიხედვით და ტაქტიკური და ტექნიკური დოქტრინების შემუშავების მხარდაჭერა.

საერთო საჯარისო ცენტრი ორიენტირებულია გვარეობების მიხედვით სპეციალისტების, სერჟანტებისა და ოფიცრების მომზადებაზე. ცენტრი უზრუნველყოფს სერჟანტთა სპეციალიზაციის სამხედრო პროფესიული განათლების I და II საფეხურებს; ოფიცრებისათვის ახორციელებს უმცროს ოფიცერთა მომზადების და კაპიტნის საკარიერო კურსის საგანმანათლებლო პროგრამებს. აღნიშნულ სტრუქტურულ ერთეულებში ხორციელდება 130-ზე მეტი სამხედრო საგანმანათლებლო პროგრამა. 

საერთო საჯარისო ცენტრი აქტიურად არის ჩართული ეროვნულ და საერთაშორისო სწავლებებში. ცენტრის პირადი შემადგენლობა მონაწილეობს როგორც უწყებათაშორის, ასევე საერთაშორისო სწავლებებში.