ტურნირი სნაიპერული შაშხანიდან სროლაში 
5 ივლისი 2022

საქართველოს თავდაცვის ძალებში სნაიპერული შაშხანიდან სროლაში ტურნირი გაიმართა. შეჯიბრი კრწანისში, ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) სასროლეთზე ჩატარდა. სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობას თავდაცვის ძალების 12 გუნდი იღებდა. ტურნირში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებს 100-დან 700 მეტრამდე დისტანციის დაძლევა მოუხდათ. გამარჯვებულები სამ საპრიზო კატეგორიაში როგორც გუნდური, ასევე ინდივიდუალურად შეგროვებული ქულების საერთო რაოდენობის მიხედვით გამოვლინდნენ.

II და III ადგილებზე გასულ გუნდებს და სამხედროებს შესაბამისი მედლები, ხოლო I ადგილზე გასულ გუნდს ჩემპიონატის თასი გადაეცა. ინდივიდუალურ კატეგორიაში პირველი ადგილი სპეციალური ოპერაციების ძალების წარმომადგენლებმა აიღეს, ხოლო მეორე და მესამე ადგილი III და I ქვეითი ბრიგადის სამხედროებმა დაიკავეს. გუნდურ კატეგორიაში პირველი ადგილი სპეციალური ოპერაციების ძალების წარმომადგენლებს ერგოთ, მეორე და მესამე ადგილი კი,  II და III ქვეითი ბრიგადის სამხედროებმა გადაინაწილეს.