ნატოს შტაბ-ბინაში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ფინელ და შვედ კოლეგებთან საერთო გამოწვევები და მიზნები განიხილა
16 ივნისი 2022

ბრიუსელში მიმდინარე ნატოს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა  ფინელ და შვედ კოლეგებთან ორმხრივი შეხვედრები გამართა. ჯუანშერ ბურჭულაძემ ანტი კაიკონენთან და პიტერ ჰულქვისტთან საუბრისას ყურადღება უსაფრთხოების გარემოსა და საერთო გამოწვევაზე გაამახვილა.

აღინიშნა, რომ უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებები და გართულებული უსაფრთხოების გარემო მნიშვნელოვნად ზრდის საფრთხეს და რისკს საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის. ამ კონტექსტში ჯუანშერ ბურჭულაძემ დასავლეთის ჩართულობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება, როგორც რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და სწრაფი ეკონომიკური განვითარების მთავარი ფაქტორი და აღნიშნა, რომ ამ კუთხით კრიტიკული მნიშვნელობა აქვს ფინეთისა და შვედეთის ძლიერ მხარდაჭერას.


ორმხრივ შეხვედრებზე კოლეგებმა ქვეყნების ნატოში ინტეგრაციის გზაზე გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრეს და ამ მიზნით უწყებებში გატარებული რეფორმები  ერთმანეთს  გაუზიარეს. ჯუანშერ ბურჭულაძემ კოლეგებს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) პირველი წარმატებული პროექტის - ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ (JTEC) ცენტრში ფინელი და შვედი მაღალკვალიფიცირებული ექსპერტების მოვლინებისთვის მადლობა გადაუხადა. კოლეგებმა თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებიც მიმოიხილეს და მომავალში თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი გამოთქვეს.

ბელგიის სამეფოში მიმდინარე ნატოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრის ფარგლებში დაგეგმილია ჯუანშერ ბურჭულაძის შეხვედრები ნატოს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან, ასევე თურქ, ბულგარელ, ჰოლანდიელ, გერმანელ და ლიეტუველ კოლეგებთან.