თავდაცვის უწყებაში გერმანიასა და საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები განიხილეს 
15 ივნისი 2022

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გერმანიის თავდაცვის სამინისტროს პოლიტიკური დირექტორატის წარმომადგენლები სტუმრობენ. ვიზიტის მიზანს გერმანია-საქართველოს შორის სამხედრო - პოლიტიკური დიალოგის წარმართვა და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივების განხილვა წარმოადგენს. გერმანიის დელეგაციის წევრებს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ზაზა ჩხაიძემ გენერალურ შტაბში უმასპინძლა, რის შემდეგაც ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები თავდაცვის სამინისტროში განიხილეს. 

შეხვედრებზე რეგიონული უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებსა და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის საომარ მოქმედებებზე იმსჯელეს. მხარეებმა გაცვალეს ინფორმაცია გერმანიისა და საქართველოს თავდაცვის პოლიტიკის ძირითად ასპექტებზეც. ქართულმა მხარემ გერმანიის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს ინფორმაცია მიაწოდა სამინისტროში მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესებსა და თავდაცვის ძალების განვითარების გეგმებზე. 

აღინიშნა, რომ გერმანიის პრაქტიკული დახმარება თავდაცვის სფეროში ორ ათწლეულზე მეტია წარმატებით ხორციელდება, მოიცავს თანამშრომლობის ფართო სპექტრს და მნიშვნელოვნად უწყობს ხელს თავდაცვის ძალების შესაძლებლობების განვითარებას. ასევე, ყურადღება გამახვილდა გერმანული მხარის მნიშვნელოვან წვლილზე ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის წარმატებით განხორციელების საქმეში. 

გერმანია ნატოს ძირითადი ჯგუფის ლიდერი ქვეყანაა და არსებითი პაკეტის ფარგლებში სამ ინიციატივას ხელმძღვანელობს. აღსანიშნავია გერმანიის ფინანსურ კონტრიბუცია ნატოს თავდაცვის შესაძლებლობების განვითარების ნდობის ფონდში. 

ვიდეო რეპორტაჟი