საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს
26 მაისი 2022

წელს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს კონცეფციით #ევროპისკენ შეხვდა. წელსაც 26 მაისის ღონისძიებები, ტრადიციულად, თბილისის მთავარ მოედანზე სამხედრო კომპონენტით - საბრძოლო მომზადების ცენტრის რეკრუტების ფიცის დადებით დაიწყო. 

ღონისძიება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა, რის შემდეგაც ეროვნული გვარდიის სამხედრო ორკესტრის მიერ შესრულებული მარშის აკომპანირებით თავისუფლების მოედანზე თავდაცვის ძალების კოლოფები შემოვიდნენ. მოწვეულ სტუმრებსა და მოქალაქეებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის, ავიაციისა და საჰაერო ძალების სარდლობების, სპეციალური ოპერაციების ძალების, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის, ეროვნული გვარდიის, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიის,  ეროვნული თავდაცვის აკადემიისა და კადეტთა სამხედრო ლიცეუმის, ნატოს ეგიდით წარმოებულ საერთაშორისო მისიებში მონაწილე და ნატოს სწრაფი რეაგირების ძალების, ასევე აშშ-ის არმიის სამხედრო მოსამსახურეებით დაკომპლექტებულ კოლოფებს. წელს პირველად იყო წარმოდგენილი ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებული ბრიგადის ტერიტორიული რეზერვის 202-ე ბატალიონი, საზოგადოებრივი ორგანიზაცია „აისი“ და გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონი. 

ეროვნული გვარდიის საპატიო ყარაულის მიერ თავისუფლების მოედანზე საქართველოს სახელმწიფო დროშის აღმართვის შემდეგ, საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის რეკრუტებმა  ღვთისა და ერის წინაშე სამხედრო ფიცი დადეს. თავისუფლების მოედნის პარალელურად, წელსაც რეკრუტებმა, ტრადიციულად, ფიცი დადეს საქართველოს კულტურითა და საბრძოლო დიდებით გამორჩეულ კუთხეებში, იმ ქალაქებსა და რეგიონებში, სადაც აქამდე ფიცის დადება არ შემდგარა და დამოუკიდებლობის დღის კონცეფციიდან გამომდინარე, უძველესი ცივილიზაციისა და დასავლური ღირებულებებით გამორჩეული ადგილებია. ქვემო ქართლიდან - დმანისის ნაქალაქარში, კახეთიდან - სოფელ მატანში მდებარე ეროვნული გმირის ქაქუცა ჩოლოყაშვილის საგვარეულო ციხე-სიმაგრეში, ხევსურეთიდან - იდუმალებით მოცულ გუდანში, გურიიდან - შემოქმედის მონასტერსა და  სამეგრელოდან - ფოთის ახალ ნავსადგურში ფიცის დადების ცერემონიალი თავისუფლების მოედანზე დამონტაჟებულ მონიტორებზე გადმოიცემოდა.  

რეკრუტების ფიცის დადებასთან დაკავშირებით პატაკი საქართველოს პრეზიდენტს - თავდაცვის ძალების უმაღლეს მთავარსარდალს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა ჩააბარა. სამხედროებს თავდაცვის ძალების დიდ ოჯახში გაწევრიანება და დამოუკიდებლობის დღე საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა და თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ მიულოცეს. 

ღონისძიებაზე რეკრუტებმა, რომლებმაც ფიცი დადეს, ჯარისკაცის მრწამსი ერთხმად წაიკითხეს, რის შემდეგაც „მესხური მრავალჟამიერი“ შესრულდა. 26 მაისის წლევანდელი კონცეფციიდან - #ევროპისკენ“ გამომდინარე, თავისუფლების მოედანზე ევროკავშირის ჰიმნი გაჟღერდა. ჰიმნის შესრულების დროს ცაზე სსსტც „დელტასა“ და სს „თამ“ თბილავიამშენის ერთობლივი ძალისხმევით, ქართველი სპეციალისტების მიერ განახლებული იროკეზის (UH1) ტიპის ვერტმფრენებმა საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით გადაიფრინეს. მათ ქართველი სპეციალისტების მიერ სრულად მოდერნიზებული Mi-24 ტიპის მოიერიშე შვეულმფრენები მოჰყვა.

დამოუკიდებლობის დღის მილოცვა ქართულმა სამხედრო ავიაციამ Su-25 მოიერიშე თვითმფრინავების გადაფრენით დაასრულა, რომლებმაც საქართველოს დროშის ფერებში წითელი და თეთრი ბოლი გამოუშვა. საქართველოს თავდაცვის ძალების ავიაციის პარკის განახლების პროექტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრობის დროს დაიწყო და დღესაც აქტიურად მიმდინარეობს.

დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საქართველოს თავდაცვის ძალების შეიარაღებისა და ჯავშანტექნიკის გამოფენა მოეწყო საქართველოს ქალაქებში  - თბილისი, გორი, ახალციხე, მცხეთა, რუსთავი, ქუთაისი, ზუგდიდი, სენაკი, ფოთი, ბათუმი, თელავი და ჭიათურა. მთელი დღის განმავლობაში თბილისის, გორის, ახალციხის, მცხეთის რუსთავის, ქუთაისის, ზუგდიდის, ბათუმისა და თელავის ცენტრალურ მოედნებზე მოსახლეობას საშუალება ჰქონდა საკუთარი თვალით ენახა სსსტც „დელტას“ მიერ წარმოებული ჯავშანტრანსპორტიორები და საქართველოს თავდაცვის ძალებში არსებული სხვა სამხედრო ტექნიკა თუ აღჭურვილობა.