საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ევროკავშირის სამხედრო კომიტეტის სხდომას დაესწრო 
18 მაისი 2022

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება, სადაც სამხედრო კომიტეტის სხდომას დაესწრო. შეხვედრა ევროკავშირის წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის ძალების მეთაურების დონეზე გაიმართა. თავდაცვის ძალების მეთაურებმა ევროკავშირის ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (CSDP) საკითხებსა და ევროკავშირის ეგიდით საერთაშორისო სამხედრო მისიებსა და ოპერაციებზე იმსჯელეს. 

გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი სამხედრო კომიტეტის სხდომას გენერალ კლაუდიო გრაციანოს მიწვევით დაესწრო, რომელიც ევროკავშირის სამხედრო კომიტეტის თავჯდომარის პოსტს ტოვებს და მას მიმდინარე წლის 1 ივნისიდან ავსტრიის თავდაცვის ძალების მეთაური გენერალი რობერტ ბრიგერი შეცვლის. 

თავდაცვის ძალების მეთაური, ასევე შეხვდა მოლდოვის ეროვნული არმიის გენერალური შტაბის უფროსს, გენერალ ედუარდ ოჰლადჩუკს. მხარეებმა შეხვედრაზე ორმხრივი თანამშრომლობის მიმდინარე საკითხებსა და არსებულ გამოწვევებზე გაამახვილეს ყურადღება.